მთავარი

ბავშვი მშობლების საწოლში

26.03.2016 • 7036
ბავშვი მშობლების საწოლში

რატომ არ შეიძლება ბავშვს ეძინოს მშობლების საწოლში, როგორ შეიძლება ეს აისახოს ბავშვის ჯანმრთელობასა და ხასიათზე – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ფსიქოლოგსა და თერაპევტ-კარდიოლოგს, ეთერ ვარშანიძეს ესაუბრა.

ქალბატონო ეთერ, რატომ არ არის რეკომენდებული მშობლებთან ერთად ბავშვის ძილი?

აქ არის ორი მხარე: ერთი მხრივ, ერთ საწოლში წოლისას ადვილად გადაეცემა ადამიანს ინფექციური დაავადებები, კანის სნეულებები, დაავადებები, რომლებიც გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. ასევე, ერთად წოლის შემთხვევაში ბავშვი დისკომფორტს განიცდის, ხშირად აწუხებს მოჭარბებული ოფლიანობა. გვაქვს შემთხვევები, როცა ექიმთან მოჰყავთ ასეთ დროს ბავშვი, მას ვსინჯავთ, ვაგზავნით პულმონოლოგთან, ენდოკრინოლოგთან, რომ ზედმეტი ოფლიანობის მიზეზი დავადგინოთ, მაგრამ ხშირად ეს მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ ბავშვს სძინავს მშობლების საწოლში. მოვაშორებთ მშობლების საწოლს და ბავშვი წყვეტს ოფლიანობას. გარდა ამისა, ბავშვის მშობლების საწოლში ძილი შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემების წყაროც გახდეს, უბრალოდ, სამედიცინო პრობლემა უფრო ადვილად ჩანს, ფსიქოლოგიური პრობლემა კი, ძირითადად, ზრდასრულ ასაკში ვლინდება.

თავიდან, როცა ბავშვი ჩვილია, მშობელი შფოთავს, ნერვიულობს და ურჩევნია ბავშვი ახლოს ჰყავდეს, მაგრამ სიახლოვე არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად ხელში უნდა გვყავდეს და ლოგინში ჩავიწვინოთ. სავსებით საკმარისია ბავშვის საწოლი ახლოს იდგეს მშობლების საწოლთან, შეიძლება გამოღებული იქნას საწოლის ერთი მხარე, რომ მშობლებს შეეძლოთ თავისუფლად შეეხონ ბავშვს. როცა დედა ძუძუს აწოვებს ბავშვს, ღამით კვებავს, რა თქმა უნდა, მოსახერხებელია მასთან ახლოს ყოფნა, ასე არც დედისა და არც ბავშვის ძილი მნიშვნელოვნად არ დაირღვევა, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ბავშვს ზედმეტ სიახლოვეს ვაჩვევთ, მას 8-9 თვის ასაკში მშობლებთან მოშორება უკვე უჭირს და საღამოს, როცა მშობელი საწოლში აწვენს, შეიძლება მან ეს განშორებად აღიქვას, ამიტომ, პატარას მისი საწოლი უნდა ჰქონდეს, უნდა იწვეს მარტო, მაგრამ მშობლებს ადვილად უნდა ჰქონდეთ მასთან წვდომა.

რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ცალკე ოთახში ძილი?

ეს ინდივიდუალურია და ბავშვის ხასიათზეა დამოკიდებული, თუმცა, ჩემი აზრით, დაახლოებით 2-3 წლიდან ბავშვს სჯობს ჰქონდეს მისი ოთახი, თუ კი ოჯახს აქვს ამის საშუალება, რადგან გასათვალისწინებელია სოციალური ფაქტორიც. თუ არ არის ცალკე ოთახის საშუალება, ეს შეიძლება იყოს ცალკე კუთხე ბავშვისთვის მშობლების ოთახში.

თუმცა ხშირად საკმაოდ რთულია ბავშვის მშობლების ოთახიდან ცალკე ოთახში გადაყვანა, რადგან ბავშვი ჭირვეულობს. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს?

ჯერ უნდა შეეჩვიოს ბავშვი ოთახს, უნდა იცოდეს, რომ ეს არის მისი ოთახი, სჯობს რომ ეს იყოს ჯერ სათამაშო ოთახი, რომ უფრო შეეგუოს გარემოს. რა თქმა უნდა, საწოლი უნდა იყოს უსაფრთხო, რომ ბავშვი საწოლიდან არ გადმოვარდეს. პირველ ხანში შეიძლება ოთახის კარი იყოს ღია და სასურველია ბავშვის ოთახი იყოს ახლოს მშობლების საძინებელთან, რომ ადვილად იყოს შესაძლებელი ბავშვის საწოლთან მისვლა საჭიროების შემთხვევაში. თანდათან ბავშვი ისე შეეგუბა თავის ოთახსა თუ კუთხეს, რომ პრეტენზიაც კი ექნება, აქ არავინ შემოვიდესო.

აქვე აღვნიშნავ, რომ არ ვსაუბრობთ იმ ბავშვებზე, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, ალერგიული ბრონქიტი, ასთმური შეტევები და ასე შემდეგ, როცა მშობლებმა მას ძილის დროს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.

ზოგადად, რაც უფრო გვიანდება ბავშვის ცალკე ოთახში გადაყვანა, მით უფრო რთული ხდება შეჩვევა.

ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ და როდის ვაძინებთ ბავშვს. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი უნდა იძინებდეს დაახლოებით საღამოს ათ საათზე და არა უფრო გვიან. ზოგიერთ მშობელს აქვს ჩვევა – კომპიუტერს ურთავს ბავშვს ან ტელევიზორს და ისე აძინებს. უმჯობესია, ძილის წინ ბავშვს რაღაც წავუკითხოთ, მოვუყვეთ… ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხმის ტემბრსაც, მშობლის გუნება-განწყობას. თუ მშობელი ბავშვს დაჰყვირებს: „აბა, ახლა ჩქარა დაიძინე და მე ზღაპარს წაგიკითხავ“ – ასე არაფერი გამოვა.

ბევრი მშობელი იტყვის, რომ მე ვცადე მსგავსი რამ, მაგრამ არ გამოდის…

ერთი მცდელობა არ არის საკმარისი, ბევრი მცდელობაა საჭირო. ბავშვი თუ ვერ დავაინტერესეთ, ეს მშობლის ბრალია და არა ბავშვის, უნდა შევეცადოთ არაერთხელ, არ შეიძლება ბავშვის არც იძულებით დაძინება და არც გაღვიძება.

მაგრამ თუ ბავშვი ბაღში დადის და დილით ვერ იღვიძებს, მშობელი იძულებულია გააღვიძოს… 

თუ ბავშვი დროულად დაწვება დასაძინებლად, მას არ გაუჭირდება გაღვიძება. თუ მშობელს ძალიან არ ეჩქარება სამსახურში წასვლა, სჯობს ბავშვს აცადოს, თავისით გაიღვიძოს. არ შეიძლება განგაშით გაღვიძება, ხმაურიანი მუსიკით, მისი სახელის ბევრჯერ გამეორება გასაღვიძებლად… ეს ყველაფერი ბავშვის გუნება-განწყობაზე და შემდეგ ხასიათზეც აისახება.  ბავშვი თავისუფლად, სიხარულით უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს და არა გაღიზიანებული.

თუ ბავშვს ექნება ცუდი გუნება-განწყობა, გაღიზიანებული იღვიძებს დილას, მას უჭირს ნებისყოფის გამომუშავება, მასწავლებლის მოსმენა, დაძინებისა და გაღვიძების მომენტი მისთვის დაკავშირებული ხდება სტრესთან, უჩნდება აგრესია და ეს სიტუაცია შეიძლება გაგრძელდეს სკოლაშიც, რაც აისახება უკვე აკადემიურ მოსწრებაზეც. ყველაფრის დასაბამი არის ბავშვობაში. ყველა ბავშვი იბადება ნიჭიერი და კარგი, უნარ-ჩვევებს მას ძირითადად მშობლები უყალიბებენ და ეს უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: