მთავარი

ნათია ფანჯიკიძე: „მშობლებმა უნდა აცადონ შვილებს გამარჯვებაც და დამარცხებაც“

26.03.2016 • 4203
ნათია ფანჯიკიძე: „მშობლებმა უნდა აცადონ შვილებს გამარჯვებაც და დამარცხებაც“

კაცობრიობის ისტორია და განვითარება გახლავთ ახალი შეკითხვის დასმა, თუ არ იქნება ახალი შეკითხვა, არ იქნება ახალი პასუხი, მაგრამ ჩიხი იწყება მაშინ, როდესაც შვილების თაობა იწყებს ახლის მოსინჯვას, ახალი კარების გახსნას, რომლის გახსნაც ეშინია მშობელს ან ჰგონია, რომ შვილს არ აქვს საკმარისი ძალა რაღაცის გასაგებად. ზოგჯერ შვილებს იმაშიც კი ეწინააღმდეგებიან, რაც თვითონ უკეთებიათ. ბოლო დროს ბევრი მშობლის საწუხარი გახდა თუნდაც ტექნოლოგიები, კომპიუტერზე დამოკიდებულება, რადგან მან მთლიანად შეცვალა ქცევა: ადრე ბავშვებს თუ ეხვეწებოდნენ ამოდი ეზოდან, ახლა უკვე სთხოვენ – იქნებ, ეზოში ისეირნო, მოშორდე ამ ელექტრონულ თამაშებს. თუ სახეზე არ გვაქვს ბავშვის პათოლოგიური მიჯაჭვულობა ტექნიკაზე, მშობლები უნდა შეეგუონ იმას, რომ ეს არის სხვა ეპოქა და ბავშვების აზროვნება თავიდანვე ყალიბდება ბევრად უფრო განსხვავებულად, ვიდრე ჩვენი ბავშვობისას.

IMG_5692ერთი დიდი პრობლემა, რაც მოდის მშობლებისგან, არის შიში. მშობლების თაობას აქვს საკმაო საფუძველი, ეშინოდეს ბევრი რამის, მათ იმდენად მძიმე გამოცდილებები აქვთ მიღებული. სულ ცუდის მოლოდინით არიან და ეშინიათ იმისა, რომ მათი შვილი ბევრად დაუცველია, ვიდრე სინამდვილეში თავად არის. ასეთ შემთხვევაში მშობლის შფოთვის გადატანა ხდება ბავშვებში და ილექება ცნობიერებაში, რის გამოც ხშირად გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღმოჩნებდა, რომ ის არ არის მზად, იყოს გამბედავი და იხევს უკან.

საკითხი მეორე: გახსოვდეს ვისი გორის ხარ, ანუ არ შეგვარცხვინო. ეს სირცხვილი არსებობს სხვის წინაშე და ხშირად დაუნდობელს გხდის უსაყვარლესი ადამიანების მიმართაც. რას იტყვის ხალხი – დიდწილად ადამიანს ართმევს იდენტობას და მის ხანმოკლე ცხოვრებას. ჩვენ შეიძლება გვეცეკვა დისკოტეკაზე, მაგრამ ეს თურმე უხერხულია და უნდა მოხერხდეს 9-საათამდე. აი, სწორედ ეს სირცხვილის ჩამობანა არის კიდევ ერთი კონფქლიტი მშობლებსა და შვილებს შორის.

IMG_5650მშობელი ეწინააღმდეგება შვილს, რომელიც განსხვავებული გამოცდილების მიღებას ცდილობს და ფიქრობს, რომ სრულიად საკმარისია მისი გამოცდილება. ეუბნება, რომ არ არის საჭირო ახალი კითხვები, ახალი გამოცდილება. მშობლებს ხშირად თვითონ აქვთ მოწყენილი არარეალიზებული ცხოვრება და შვილების ნაცვლად მოჰყავთ ცოლი ან მათ ნაცვლად თხოვდებიან. ასეთი ტიპის ჩარევა ნიშნავს ვამპირულად დაიპყრო შვილის ცხოვრება.

ძალიან ხშირად ვართ ტრაგედიის მომსწრე, როდესაც მშობელს გაზვიადებულად დიდი წარმოდგენა აქვს შვილზე ან მიიჩნევს, რომ ბევრი შენიშვნის მიცემა არის კარგი აღზრდა. სჯობს ბავშვი შევაქოთ ნიჭიერების გამოვლინებისთვის და ნიჭიერება არ დავუყენოთ როგორც პირობა. „თუკი ჩვენ თევზს მოვთხოვთ, რომ იფრინოს, იგი ამას ვერ შეძლებს და ჩვენ ის გვეგონება ხელმოცარული“. მუდმივი შენიშვნებისგან დათრგუნულ ადამიანს უხდება გახლეჩა, ასიათასჯერ სინჯავს თავის საქციელს, იმდენად ხშირად იყურება უკან, რომ წინ შეიძლება საერთოდ ვერ გააგრძელოს გზა.

IMG_5633თუ მოზარდი არ შეეწინააღმდეგა მშობლებს, ეს ნიშნავს, რომ შეფერხებაა განვითარებაში. მოზარდს აქვს ბევრი ამოცანა: არ ჰქონდეს მუდმივი კოფლიქტი მშობლებთან, შეეგუოს ახალ სხეულს, თავი მოაწონოს იმ ჯგუფს, რომელშიც სურს გაწევრიანება და ამავე დროს, ამდენად გახლეჩილი ენერგია სწავლას უნდა მოახმაროს. ამიტომაც ის ხშირად არის გაღიზიანებული. ამ ბრძოლის დროს მშობლებმა უნდა აცადონ შვილებს გამარჯვებაც და ხანდახან დამარცხებაც.

ედო მჟავანაძე, სტუდენტი: როცა მშობლები ერევიან პროფესიის არჩევანში, ხშირად მე-4 კურსზე ხვდები, რომ ეს არ არის შენი პროფესია და იწყებ სხვა რამის შესწავლას. როგორ უნდა დაარეგულირო ეს საკითხი?

ნათია ფანჯიკიძე: მიიჩნევა, რომ ბედნიერი ადამიანი 4 ძირითად ცხოვრებისეულ არხში უნდა იყოს დაბალანსებული, ერთ-ერთი არის პროფესია. პროფესია არის ჩვენი თავშესაფარი, რომელიც ძალიან გვგავს, თუ ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც არ გვიყვარს, გამოდის, რომ პიროვნულ დიდ ნაწილს ვერ ვუკეთებთ რეალიზებას. თუ მუშაობ სამსახურში, სადაც შენთვის მისვლა ტანჯვაა, გამოდის, რომ ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს ატარებ ტანჯვაში. ხვალინდელი დღის უიმედობის გამო განცდა იმისა, რომ ყველაფერი გვიანია, არის ცუდი დამოკიდებულება. უნდა იცოდეთ, რომ დაკარგული დრო არ არსებობს და ცოდნა არ არის ზედმეტი.

გიორგი ხალვაში, მოსწავლე: ქრისტიანულ ოჯახში ბავშვს დაბადებიდან მე-40 დღეს ნათლავენ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თავად გადაუწყვიტოს, თუ მისცეს არჩევანის თავისუფლება შვილს?

IMG_5667ნათია ფანჯიკიძე: მშობელს აქვს რწმენა, რომ მონათლულ ბავშვს თავისი ანგელოზი იცავს და მისი სურვილია, რომ ბავშვი იყოს დაცული. ბავშვს ამის მიმართ პროტესტი არ აქვს და არც შეკითხვა უჩნდება, თუ რა ჰქვია ღმერთს. მისთვის ღმერთი, როგორც კეთილი ძალა, ახლოსაა ბუნებასთან და ამ ბუნების ძალას ბავშვი კარგად განიცდის. მოზარდობის ასაკში, თუკი ის აჯანყდა და არ სურს, რომ იყოს კონკრეტული რელიგიის მატარებელი, არავითარი პრობლემა არ არის. არ არსებობს ცუდი რელიგია. რელიგია არის მეცნიერება სულის შესახებ.

ასლან ართმელაძე: რატომ არიან ახალგაზრდები იმდენად კონსერვატიულები, რომ უფრო მეტად აფრქვევენ ზიზღს, ვიდრე 40-50 წლის ადამიანები?

ნათია ფანჯიკიძე: მასა ყოველთვის იყო კონსერვატიული და ჩაკეტილი. საქართველოში ჩვენ მძიმე ეპოქაში ვცხოვრობთ იმ მხრივ, რომ ის ხელოვანებიც კი, რომლებიც ვითომ იბრძვიან თავისუფლებისთვის, ხშირად იყურებიან წარსულისკენ და მხოლოდ დასცინიან მას. წინსვლა ყოველთვის არის ახლის ძიება. მე შემიძლია ძველიც გავაკრიტიკო, დავსვა შეკითხვები და გავაანალიზო. ჩვენ ახალგაზრდებიც გვყავს გახსნილები და უფროსი ასაკის ადამიანებიც ძალიან პროგრესულები ან პირიქით. კონსერვატიული ახალგაზრდების არსებობა მშფოთვარე მშობლების გამოა.

სოფო კახიძე, სტუდენტი: მე მაინტერესებს, სად არის ზღვარი სურვილების თავისუფლებასა და აკრძალვას შორის?

ნათია ფანჯიკიძე: მე მომხრე ვარ, მშობელმა შვილი გაანებივროს იმდენად, რამდენადაც მას ეს შეუძლია. განებივრებაში არ მიიჩნევა ზედმეტი რაციონალიზმი. ბავშვს უნდა ჰქონდეს საკმარისი საჭმელი, ის ტანსაცმელი, რომელიც მოსწონს და არა ის, რომელიც თქვენ მოგწონთ; ჭამოს ის, რაც მას მოსწონს. დაცულობისა და მაძღრობის გრძნობა ბავშვს მომავალში აუცილებლად აარიდებს სიხარბეს, თუ პარალელურად ვასწავლით მას გაყოფას. თუ უნდა დისნეილენდში წასვლა და შენ ეს შეგიძლია, რატომ არ უნდა აუსრულო? მაგრამ იმან უნდა იცოდეს, რომ საჩუქარი ჩამოუტანოს მეგობარს ან მეზობლის გაჭირვებულ ბავშვს.

ია ბაკურიძე, სტუდენტი: როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, თუკი ის არატრადიციული ორიენტაციის მქონეა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი და რა უნდა გააკეთონ იმ საზოგადოებაში, სადაც ფიქრობენ, რომ ეს მწვავე დაავადებაა?

ნათია ფანჯიკიძე: ჩემთან ხშირად მოდიან ადამიანები მსგავსი პრობლემებით. არიან შეგნებული მშობლებიც, რომლებიც ამ რეალობას უფრო სწრაფად აღიქვამენ. მთელმა სამყარომაც რომ არ აღიაროს შენი შვილი, შენ მაინც უნდა იდგე მის გვერდით, უნდა მისცე მას უპირობო სიყვარული. როგორც კი შენ დაიწყებ მის პატივისცემას, ის აუცილებლად ადაპტირდება გარესამყაროშიც, წელში გამართული ადამიანური თვისებებით. მისი სული, მისი პიროვნება გახდება მნიშვნელოვანი. ყველა ადამიანს პატივი უნდა ვცეთ მისი ადამიანური თვისებების გამო და სხვა არაფერი არავის საკითხავი არ არის.

მარიამ ქიქავა, სტუდენტი: ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ჩვენი ზრდა არის არათანმიმდევრული, მაგალითად, ამბოხება, რომელიც უნდა მქონოდა 15 წლის ასაკში, მაქვს ახლა. აქამდე მქონდა საშუალება, ვთქვათ, თავისუფლად ამერჩია პროფესია, მეგობრები თუ პირადი ცხოვრება, თუმცა ახლა როდესაც დავმარცხდი ერთხელ, ორჯერ, შესაბამისად ჩნდება კითხვა დედის მხრიდან, ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ `შენ შენი ჭკუით მოქმედებდი?“, ამ შემთხვევაში რა შეიძლება გავაკეთო მე?

ნათია ფანჯიკიძე: თქვენ უნდა იყოთ ამაყი თქვენი დამარცხებით, თუ არ იქნება ისეთი დამარცხება, რომ ფსკერის გემო ვერ იგრძენი, შენს სულში ვერ გაიხსნება ის მთავარი ყვავილი, რომელიც ტკივილს სპობს, ყვავილები, რომლებიც ჩნდება ნაპრალში. ყოველი შეჯახება კედელთან მოგაბრუნებთ სხვა მხარეს. ყველა ადამიანს თავისი ფსიქოლოგიური ტემპი აქვს. მაგალითად, შეიძლება ბავშვი სკოლის ასაკში ვითარდებოდეს კარგად და შემდგომ უკვე ვეღარ ახერხებდეს იმავეს. არის პირიქითაც, როცა სკოლის ასაკში არის არაკონცენტრირებული და აგროვებს ცოდნას, რომ ბოლოს ერთად გაშალოს ეს ყველაფერი მარაოს მსგავსად.

თეონა გურგენიძე, სტუდენტი: ადამიანის ცხოვრებაში რამდენად უნდა დავავიწროვოთ საფეხუროვანი ცხოვრება?

ნათია ფანჯიკიძე: ის, რომ კარგი ადამიანი ნიშნავს კარგ პროფესიონალს, დიდწილად მიუთითებს იმაზე, რასაც აკეთებს პასუხისმგებლობით. მტერი გვიჩნდება იმიტომ, რომ რაღაცის მიმართ პრინციპული დამოკიდებულება გვაქვს. არიან კიდევ კარგი ადამიანები, რომლებმაც ბევრს აწყენინეს, მაგრამ მათ სარგებელი მოაქვთ სხვებისთვის და შეუძლიათ იყვნენ ღირებულებების მქონე. იმისათვის, რომ სტერეოტიპებს თავი დავაღწიოთ, ყველა ადამიანმა უნდა მოიპოვოს თავისი თავისუფლება. ჯანმრთელი ნარცისიზმი აქვს ყველა ადამიანს და ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ სურვილი კარგი შთაბეჭდილება დატოვონ სხვაზე, ეს ნორმალურია.

ბსუ-ს სტუდენტების დისკუსია ნათია ფანჯიკიძესთან თემაზე – “თაობათა ურთიერთობა” გაიმართა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის ფარგლებში “დემოკრატიული იდეების განვითარება”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: