მთავარი

ბსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტისა და სახელისუფლო ძალებს შორის ბრძოლაზე

11.03.2016 • 2073
ბსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტისა და სახელისუფლო ძალებს შორის ბრძოლაზე

გიორგი ბაგრატიონი, სტუდენტი

39351ვფიქრობ, ყველა კარგად ვხდებით, თუ რა ხდება დღეს საუნივერსიტეტო სივრცეში. ეს არის ბრძოლა უნივერსიტეტსა და სახელისუფლებო ძალებს შორის, უნივერსიტეტიის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის დასაცავად. მიუხედავად ამისა, საზოგადოება მაინც ორად იყოფა: ისინი, ვინც აანალიზებენ და იცავენ უნივერსიტეტს და ისინი, ვინც გარკვეული არიან სიტუაციაში, მაგრამ ვერ აღიარებენ, შესაბამისად, უნივერსიტეტს ვერც იცავენ. სწორედ მეორე კატეგორიას შემიძლია მივაკუთვნო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ხალვაშის გამოხმაურება დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სოლიდარობის აქციისადმი.

ვფიქრობ, არსებული ბიუროკრატიული სისტემის ახსნა [თუ როგორ შეიძლება უნივერსიტეტში ოფიციალურად იმყოფებოდეს “უშიშროების” წარმომადგენელი] მხოლოდ იმას გვანიშნებს, რომ რექტორს სურს ყურადღება გადაიტანოს მეორეხარისხოვან საკითხზე [ანუ სამართლებრივ ჩარჩოზე, თუ როგორ შეიძლება მიხდეს “უშიშროების” წამომადგენელი უნივერსიტეტში ოფიციალურად] და თავი აარიდოს მთავარს. მარტივია გავამართლოთ სისტემა ასე, ვინაიდან წმინდა ბიუროკრატიული თუ სამართლებრივი გზებით არ შეგვიძლია მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ დღეს უნივერსიტეტის პოლიტიკაში დიდწილად ერევიან გარე ძალები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მარტივი და მიღებული პრაქტიკაა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციოთ საკითხი, რათა ვერ გავცდეთ მას და ვერ მივიდეთ იმ რეალობასთან, რომელსაც ჩარჩოს გარეთ, არაფორმალურ სივრცეში ვხდებით.

მიუხედავად იმისა, რომ საუნივერსიტეტო პოლიტიკაში ერევიან არაფორმალურად, სტუდენტები კარგად ვხვდებით რასთანაც გვაქვს საქმე, სწორედ ამიტომ გამიჩნდა პროტესტი იმ განცხადების მიმართ, რაც დღეს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.

არ ვიცი რა ისაუბრა ბატონმა მერაბმა კადრს მიღმა, მაგრამ კარგად მახსოვს მისი ქმედება, როცა დილით აქციის დაწყებამდე მოვიდა ჩვენთან და ეცადა გაერკვია, თუ რაში იყო საქმე. როდესაც მე საუბარი დავიწყე იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც შეეხებოდა უნივერსიტეტის საქმიანობაში სუს-ის ჩარევას, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას და როდესაც გაისმა ერთ-ერთი ჟურნალისტის ხმა – „კამერა მოამზადე”, მან თავი აარიდა საუბარს და უკომენტაროდ დატოვა ტერიტორია.

საინტერესოა, რატომ აარიდა თავი ბატონმა მერაბმა ამ საკითხზე საუბარს თუკი იცის, რომ უნივერსიტეტი სრულიად დამოუკიდებელია?

მინდა რექტორს შევახსენო ერთი ფაქტი – რამდენიმე თვის წინ, ისევე როგორც თსუ-ში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იყო მცდელობა კანცლერის უალტერნატივოდ დანიშვნისა და ეს მცდელობა წარმატებით შესრულდა, თუმცა საინტერესო ის ფაქტებია, რაც ამ მოვლენას უსწრებდა.

ერთ დღეს უნივერსიტეტის ეზოში ვხედავთ თუ როგორ შემოდის უშიშროების წარმომადგენელი [რომელიც დიდი ხანია კაბინეტიდან კაბინეტში შეიარაღებული დაიარება, მინდა სახელიც ვაცნობო რექტორს, ეს პიროვნება არის სახელად ენრიკო], რომელიც დემონსტრაციულად, დიდი ხნის განმავლობაში საუბრობს ყოფილ კანცლერთან, ხოლო მეორე დღით ვიგებთ ინფორმაციას, რომ კანცლერი განცხადებას წერს თანამდებობის დატოვების შესახებ, მაშინ როცა ჯერ კიდევ 7 თვე აქვს ვადა. ამ საკითხის განხილვას ხმაური მოყვა წარმომადგენლობით საბჭოზეც, თუმცა მან მაინც დატოვა თანამდებობა და გამოცხადდა არჩევნები, სადაც ტრადიციულად უალტერნატივო კანტიდატმა „გაიმარჯვა“… ცხადია, ყოფილი კანცლერი უნივერსიტეტიდან არ გაუშვეს და შეუქმნეს შტატი [კანცლერის მოადგილე, თუ არ ვცდები] მაღალი ანაზღაურებით. სამწუხაროა, რომ ამ რეალობას ვერ შეეწინააღმდეგა ორგანიზებული სტუდენტური ძალა, მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობს და რა პოზიცია აქვს რექტორს ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმ საკითხს, იცის თუ არა რექტორმა ამ პიროვნების ეგრეთ წოდებული “ოდერის” არსებობის შესახებ? – რამდენიმე დღის წინ თავად ვნახე, თუ როგორ მიიწევდა ზემოთაღნიშნული პიროვნება ორმაგი კარებით შენიღბული კაბინეტისაკენ, რომლის უკანაც თავად რექტორი იმყოფება.

აღარაფერს ვამბობ თვითმმართველობის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც სხვადასხვა შეხვედრის, აქციის, შიდა დაპირისპირების შემდეგ უშიშროების წარმომადგენელებს ხვდებიან. დღესაც გვქონდა ნათელი მაგალითი იმისა, რომ ისინი ინფორმაციას აგროვებდნენ, როცა აქციის მიმდინარეობისას, ჩვენს წინ შეჩერდა თვითმმართველობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მინურ პაქსაძის ავტომობილი და გარკვეული დროის განმავლობაში გვაკვირდებოდა მობილურზე საუბრის პარალელურად. [ეს პიროვნება შემჩნეულია სხვა აქციების დროს აქტიურობაშიც].

მინდა მივმართო ყველას, ვისაც რეალურად აღელვებს დღეს საუნივერსიტეტო სივრცეში მიმდინარე პროცესები, იქნება ეს ადმინისტრაციის წარმომადგენელი, პროფესორი თუ სტუდენტი. დღეს თსუ-ში მიმდინარე პროცესები არის ბრძოლა უნივერსიტეტის ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობისათვის, ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ თსუ-ს დამოუკიდებლობისთვის, არამედ ზოგადად, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობისთვის და, შესაბამისად, ყველა ჩვენთაგანის ინტერესში შედის, ჩვენ მხოლოდ მეტი პრინციპულობა გვჭირდება, იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ სად დგას პირადი ინტერესები მაშინ, როცა უნივერსიტეტზე გვაქვს საუბარი.

და ბოლოს მინდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ მერაბ ხალვაშს გავაცნო ჩემი მოკრძალებული პოზიცია.

დღეს, თსუ-ში, ის სტუდენტები, რომლებიც იბრძვიან კონკრეტული იდეისთვის, რომლებიც იბრძვიან უნივერსიტეტის დამოუკიდებლობისთვის, ისინი, რომლებსაც შეიძლება არანაირი შეხება არ ჰქონდეთ ბათუმის უნივერსიტეტთან, უფრო მეტად იცავენ ჩვენი უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას, ვიდრე თავად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავად რექტორი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: