მთავარი

ფეხით მოსიარულის ჩანაწერები

14.02.2016 • 1540
ფეხით მოსიარულის ჩანაწერები

გიორგი კალანდაძე

მანქანა არ მყავს და ბათუმში გადაადგილება ძირითადად ფეხით მიწევს. ფეხით სიარული კი მიყვარს, მაგრამ ბათუმში ეს გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ქალაქის ცენტრს გასცდები თუ არა, გგონია, რომ სხვა ქალაქში მოხვდი, სადაც წვიმიან ამინდში ქუჩაში მუხლებამდე წყალი შეიძლება იდგეს და ტალახით სავსე გუბეებზე დაგჭირდეს ხტუნვა, მშრალ ამინდში კი – მტვრიანი ჰაერის სუნთქვა. ქალაქის ცენტრს მიღმა ბევრი დაწესებულებაა, სადაც როგორმე კი მიაღწევ, მაგრამ კოჭებამდე ტალახში ამოსვრილი შეაღებ კარს.

ხან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება ბათუმელებს, რომ ტურისტული ქალაქი მთავრდება ცენტრში, არადა, ბათუმი ხომ ცენტრში მდებარე რამდენიმე ქუჩა არ არის მხოლოდ, ქალაქია გარეუბნებიც და იქ სიარულისას არ უნდა გეგონოს, რომ სოფლის ორღობეში ხარ, სადაც არასდროს ყოფილა დაგებული არც ასფალტის საფარი და არც ფილები.

თუმცა პრობლემები მხოლოდ ქალაქის გარეუბნებში არ არის. დღეს ქალაქის ცენტრშიც კი უამრავი პრობლემაა, რაც, ძირითადად, მოუწესრიგებელ გზას და საგზაო მოძრაობას უკავშირდება. ვერაფრით დავიხსომეთ ქალაქში წითელი ბილიკებისა და ტროტუარების დანიშნულება, რომელიც ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მანქანებითაა ჩახერგილი.

ცალკე საკითხია „ზებრები“, რომლებიც ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი. სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში მძღოლებმა მეტ-ნაკლებად ისწავლეს გზის დათმობა ქვეითის გადასასვლელებზე, მაგრამ მძღოლების დიდი ნაწილი მაინც არასწორად იქცევა. შუქნიშანზე, როცა შენი გზა არის და მწვანე შუქი გაქვს, გვერდით ქუჩებიდან შემოსული მანქანები არც კი ანელებენ სიჩქარეს, ისე გადაგიჭრიან გზას. ძალიან ვბრაზდები ამაზე, ბევრჯერ მიფიქრია საპატრულო პოლიციაში დარეკვაზე, აქამდე თავს ვიკავებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არასწორია, მეტი მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა საჭირო.
ჯარიმების გამკაცრებასაც ვემხრობი, დარწმუნებული ვარ, ამას ექნება ეფექტი. ასევე, ვფიქრობ, კარგი იქნება მეტი ე.წ. „მწოლიარე პოლიციელი” თუ იქნება ქალაქის გზებზე, რადგან ზოგიერთი მძღოლი არანორმალური სისწრაფით მოძრაობს.

მერია ამბობს, რომ გარეუბნებში გზები კეთდება და ამიტომაცაა გადათხრილი. კი, ჩანს, რომ სამუშაო პროცესები მიდის, მაგრამ აქვე ჩნდება სხვა კითხვა: რამდენად სწორად მიდის ეს სამუშაოები, რამდენად იცის ამ ხალხმა რას აკეთებენ?! როცა 5-მეტრიანი მონაკვეთის შესაკეთებლად ორი თვე გადათხრილი იქნება ქუჩა, ნებისმიერ მოქალაქეს გაუჩნდება ეს კითხვა. ჩემი აზრით, არ ხდება საჭირო კონტროლი და მონიტორინგი იმ სამსახურების, ვინც ამას აკეთებს, ამიტომ ვფიქრობ, ცოტა სხვანაირი, უფრო აქტიური მიდგომაა საჭირო ამ საკითხისადმი.

ქუჩას სჭირდება მოვლა და თუ გვაქვს ამბიცია, რომ ტურისტული ქალაქი ვიყოთ, ამაზე უნდა ვიზრუნოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: