მთავარი

რატომ არ „გაბრწყინდა ივერია“

02.02.2016 • 2027
რატომ არ „გაბრწყინდა ივერია“

ავტორი: გიორგი თავაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

ენერგეტიკის აკადემიის  ნამდვილი  წევრი

ნანატრი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების 25-ე ახალ წელს საქართველო კვლავ ივერიის გაბრწყინებისა და დალაგებულ, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების ტრადიციადქცეული სურვილებით შეხვდა. ნორმალურ ქვეყნებად ქართველებისთვის, რა თქმა უნდა, ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია იგულისხმება. უკიდურეს შემთხვევაში სინგაპური, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ჩვენში ნაციონალების ხელისუფლების მმართველობის დროს.

ცნებამ „სინგაპური“ დიდი ხანია დაკარგა თავისი გეოგრაფიული მნიშვნელობა და ცივილური სამყაროსთვის საკუთარი თავის რწმენისა და ადამიანური შესაძლებლობების უსაზღვრობის, უთავმოყვარეობაზე ღირსების გამარჯვების („მსოფლიო არაა ვალდებული გვარჩინოს,  ჩვენ მოწყალებით არ უნდა ვიკვებოთ“), ცოდნისა და განათლების დაფასების, მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების, წესრიგისა და დისციპლინის, პატიოსნებისა და თავდაუზოგავი შრომის სიმბოლოდ იქცა.

ნამდვილად მისაბაძი მაგალითია, როცა საკვები პროდუქტების, ენერგომატარებლების, სასმელი წყლისა და სასარგებლო წიაღისეულის არმქონე  უპერსპექტივო კუნძული ორ ათეულ წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული, მოწინავე და საცხოვრებლად მშვენიერი ქვეყანა ხდება.

მთავარი და ძირითადი მიზეზი სინგაპურელების წარმატებისა და ჩვენი წარუმატებლობისა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირდაპირ და არაპირდაპირ გამოყენებაში იმალება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქტატის) ოფიციალური მონაცემებით 2005–2015 წლებში, საქართველოში 13 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა: 2005 წელს – 449,8 მლნ. დოლარი; 2006წ. – 1190,4 მლნ.; 2007წ. – 2014,8 მლნ.; 2008წ. – 1564,0 მლნ.; 2009წ. – 658,4 მლნ.; 2010წ. – 814,5 მლნ.; 2011წ. – 1117,2 მლნ.; 2012წ. – 911,6 მლნ.; 2013წ. – 941,9 მლნ.; 2014წ. – 1758,4მლნ.; 2015წ (წინასწარი მონაცემი)1580 მლნ.; სულ 13 მილიარდი დოლარი. აღარაფერს ვამბობთ დაახლოებით ამდენივე თანხაზე, რომელიც წინა ხელისუფლებამ მიიღო, ძირითადად ამერიკელებისაგან, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა არხებით. ამდენი ფულით საქართველოზე ორჯერ დიდი ქვეყნის ეკონომიკის ამოქაჩვა შეიძლებოდა.

ვნახოთ როგორაა განმარტებული პირდაპირი ინვესტიცია ეკონომიკურ ლექსიკონში: „კაპიტალის დაბანდება საზღვარგარეთ, სხვა ქვეყანაში, საკუთარი საწარმოებისა და წარმოების შესაქმნელად. უშუალოდ წარმოებაში და გარკვეული სახის პროდუქციის წარმოება-რეალიზაციაზე დახარჯული თანხები“. ე.ი. უცხოელ ინვესტორებს ზემოდასახელებული 13 მილიარდი დოლარით საქართველოში საწარმოები უნდა აეშენებინათ!

ინვესტიციები ეკონომიკის ყველა დარგში შეიძლება ჩაიდოს, მაგრამ პირდაპირი ინვესტიციის ცნებაში, უპირველესად, პროდუქციის გამომშვები ახალი კაპიტალური საწარმოების მშენებლობა მოიაზრება, რომელსაც ინვესტიციების ზრდის პროპორციულად სამუშაო ადგილების ზრდა უნდა ახლდეს თან.

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად საჭიროა 25 ათასი დოლარის ინვესტიცია. ვნახოთ რამდენი ადამიანი დასაქმდა ქვეყანაში 13 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შედეგად და რა კავშირია ჩადებულ ინვესტიციებსა და უშუალოდ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობას შორის, რადგან ინვესტიციები, როგორც წესი, ბიზნესში იდება.

2005 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში 388 946-დან 600 000 კაცამდე გაიზარდა, ე.ი. 211 054 კაცით, მაშინ, როცა 13 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შედეგად ის უნდა გაზრდილიყო 516 800 კაცით. სად გაქრა ის 305 ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც ზემოაღნიშნული პირდაპირი ინვესტიციების შედეგად უნდა შექმნილიყო? 211 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას უკეთეს შემთხვევაში 5275 მილიონი (ხუთი მილიარდ ორასსამოცდათხუთმეტი მილიონი) დოლარი დასჭირდა. რა იქნა დანარჩენი 7645 მილიონი (შვიდი მილიარდ ექვსას ორმოცდახუთი მილიონი) დოლარი, რომელიც, საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი ინვესტიციების სახით ჩაიდო საქართველოში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ნაჩვენები პირდაპირი ინვესტიციებისა და, შესაბამისად, დასაქმებულთა რიცხოვნების შედარება ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს მართლა შემოვიდა თუ არა დასახელებული თანხის ინვესტიცია ქვეყანაში. შესაძლოა ეს ასეცაა, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი იყო არა პირდაპირი ინვესტიცია, რაშიც სურთ რომ დაგვარწმუნონ, არამედ სპეკულაციური ინვესტიციები. (სპეკულაციურია ინვესტიციები, როცა ხდება აქტივების ყიდვა და ერთი-ორი-სამი წლის შიგნით მათი გადაყიდვა).

მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პირდაპირი ინვესტირების დროს უნდა შენდებოდეს ახალი საწარმოო სიმძლავრეები ან ძველის სრული რეაბილიტაცია და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ჩადებული ინვესტიციების პირდაპირპროპორციულად, როგორც ეს სინგაპურში მოხდა, სადაც ინვესტიციები გემთმშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში, ფარმაცევტულ, ელექტროტექნიკურ, ქიმიურ,  მეტალურგიულ, კომპიუტერულ, ნავთობგადამამუშავებელ და სხვა დარგებში ახალი სამრეწველო საწარმოების აშენების გზით დაბანდდა. ახალი საწარმოების მშენებლობამ კი უამრავი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა და მთლიანად დაასაქმა  ქვეყნის მოსახლეობა. გაჩნდა ხელფასი, ფული და კეთილდღეობა.

სპეკულაციური ინვესტირებისას კი ადგილი აქვს ღირებული აქტივების ყიდვა–გადაყიდვას და მხოლოდ მფლობელების შეცვლას შემდგომში კაპიტალის მნიშვნელოვანი დაბანდებებისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის გარეშე, როგორც ეს საქართველოში მოხდა, სადაც ე.წ. პირდაპირი ინვესტიციები ახალი სამრეწველო საწარმოების ასაშენებლად კი არ იქნა გამოყენებული, არამედ უკვე აშენებული, მანამდე არსებული, მოქმედი საწარმოების ყიდვისა და შემდგომ მათი სპეკულაციური გადაყიდვისთვის. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებასთან კორუფციული გარიგებების შედეგად მუშა მდგომარეობაში მყოფი ობიექტები, როგორც წესი, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით იყიდებოდა, ხოლო მათი გადაყიდვა საბაზრო (კომერციული) ღირებულებით ხდებოდა, რაშიც შინაურმა და გარეულმა „ინვესტორებმა“ უზარმაზარი ფული „მოხსნეს“, ქვეყანა კი, პრაქტიკულად, მრეწველობისა და ეროვნული სიმდიდრეების გარეშე დარჩა.

გადაყიდული ობიექტების კაპიტალიზაცია ახლა ისეთი ოდენობის თანხას შეადგენს, საეჭვოა ჩვენმა შთამომავლობამ ოდესმე მოახერხოს მათი უკან გამოსყიდვა. სპეკულაციური ინვესტიციების ტიპური მაგალითებია საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, მადნეულის, ჭიათურმანგანუმის, ზესტაფონის ფეროს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, ფოთისა და ბათუმის პორტებისა და ტერმინალების, „თელასის“, „ბორჯომისა“ და სხვ. საწარმოების შესაძენად ჩადებული ინვესტიციები.

ასე, სიტყვების თამაშით და სტატისტიკური ჟონგლიორობით (როცა „პირდაპირი“ სულაც არ ნიშნავდა პირდაპირს), იქმნებოდა ილუზია, რომ ივსებოდა ქვეყანა უცხოური ინვესტიციებით და საწარმოებით, ხოლო რეალურად, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ხიბლის საფარქვეშ, ხდებოდა ქვეყნის სამრეწველო თუ წიაღისეული სიმდიდრეების მიტაცება შინაური თუ გარეული „ინვესტორების“ მიერ, რომლის შედეგად ქვეყნის შიგნით ეროვნული ეკონომიკის ალტერნატიული ეკონომიკა შეიქმნა უცხოური ფირმების მონაწილეობით, რომელიც თავისი მასშტაბებით აჭარბებს ეროვნულ ეკონომიკას.

მართალია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, მაგრამ ჯერ-ერთი, ის უნდა იყოს ნამდვილად პირდაპირი ინვესტიციები, ჩადებული ახალ სამრეწველო საწარმოებში და მეორეც, რაღაც საზღვრები უნდა იქნას დაცული. ქვეყანამ, რომლის ლამის მთავარი ეკონომიკური ფუნქცია სატრანსპორტო დერეფანია, ამ დერეფნის საკვანძო ობიექტები – ბათუმისა და ფოთის პორტები თავის ტერმინალებიანად გაასხვისა!

ასევე, „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების“ შედეგად გასხვისდა ჭიათურმანგანუმი, ზესტაფონის „ფერო“, მადნეული, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რუსთავის „აზოტი“, „ელმავალმშენებელი“, ელექტროვაგონშემკეთებელი, ელექტრომექანიკოსი, ლიტოფონი, „თელასი“, თბილსრესი, საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანია (ახლანდელი „ენერგო-პრო ჯორჯია“), თითქმის მთელი ქართული ჰიდრო და თბოგენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის განაწილების კომპანიები, საბანკო სექტორი, გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია, „ელექტროკავშირი“, თბილისის წყალი, ნავთობტერმინალები და ნავთობმომარაგება და ასე შემდეგ საქართველოს ეკონომიკის 250-მდე უმსხვილესი ობიექტი. ყველა ზემოჩამოთვლილი ობიექტის საყიდლად შემოსული ინვესტიციები მთავრობისა და საქსტატის მიერ პირდაპირ ინვესტიციებად ჩაითვალა, როდესაც ისინი ნამდვილად არ წარმოადგენდნენ ასეთებს.

ამიტომ არ მოიტანა საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა დაპირებული სიკეთე. ამიტომ არ გაბრწყინდა ივერია და გაბრწყინდა სინგაპური, სადაც პირდაპირი ინვესტიციები პირდაპირი დანიშნულებით იქნა გამოყენებული და არა სპეკულაციური გამდიდრებისთვის. ამიტომ აქვს ჩვენზე ტერიტორიით 70-ჯერ პატარა ქვეყანას 308 მილიარდი დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტი (საქართველოს მხოლოდ 16 მილიარდის, 19-ჯერ ნაკლები), ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 53 220 დოლარი (მეექვსე ადგილი მსოფლიოში), მაშინ, როცა ქართველებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 3720 დოლარია (14-ჯერ ნაკლები, 116-ე ადგილი).

13 მილიარდი დოლარი რომ მართლა პირდაპირი ინვესტიციების სახით მოხმარებოდა ქართულ ეკონომიკას, მისი ზრდის ტემპი ხუთიდან სამ პროცენტამდე კი არ შემცირდებოდა, სულ ცოტა სამჯერ ხუთი პროცენტი მაინც იქნებოდა და ლარსაც ასე არ გაუჭირდებოდა. ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ვალუტა იმ ქვეყანაშია მყარი, სადაც რეალურად პირდაპირი ინვესტიციები ხორციელდება, სადაც ეკონომიკა დივერსიფიცირებულია,  სადაც ეკონომიკის საფუძველი – მსხვილი ფაბრიკა-ქარხნები შენდება და კონკურენტუნარიანი სამრეწველო პროდუქცია იწარმოება, სადაც ექსპორტი იმპორტზე მეტია, სადაც ბიუჯეტის შემოსავლები ხარჯებს აჭარბებს და ასე შემდეგ.

მართალია, ლარის დაგლახებაში ეროვნულ (ნაციონალურ) ბანკსაც მიუძღვის წვლილი და გარე შოკების გავლენასაც არავინ უარყოფს, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი სიმბოლოს დევალვაციის მიზეზები უპირველესად ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში, პირდაპირი ინვესტიციების არაპირდაპირ გამოყენებაში დევს. ამის დანახვას დიდი სიბრძნე არ სჭირდება.

ავტორი: გიორგი თავაძე ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

ენერგეტიკის აკადემიის  ნამდვილი  წევრი

გადაბეჭდვის წესი