გერმანიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა


მაინის ფრანკფურტში, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში კავკასიოლოგიის კათედრა 2002 წლიდან ფუნქციონირებს.

რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორმა იოსტ გიპერტმა და პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.

რუსთაველის კაბინეტი ფრანკფურტის უნივერსიტეტში. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სამინისტროს ცნობით, კავკასიოლოგიის კათედრის ხელძღვანელის, პროფესორ მანანა თანდაშვილის ინიციატივით ორი წლის წინ დაიწყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება. დღეისათვის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია რეგისტირირებული. ამჟამად კათედრაზე მიმდინარეობს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნა, რომელშიც ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის სტუდენტები არიან ჩართული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.