მთავარი,მოსაზრება

“ჩონჩხები კარადაში” ანუ გოგოებს შეცდომის უფლება გვაქვს

11.09.2018 • 8908
“ჩონჩხები კარადაში” ანუ გოგოებს შეცდომის უფლება გვაქვს

ავტორი: ირმა დიმიტრაძე

რამდენიმე ხნის წინ, მეგობართან ერთად, ძველ ამბებს ვიხსენებდი და არ მახსოვს, რომელმა ჩვენგანმა თქვა პირველად, მაგრამ ვთქვით, რომ „ჩემს კარადაში ყველაზე დიდი ჩონჩხი“ ჩემი ყოფილი ქმარია.

ცოტა ხნის წინ, თინეიჯერმა გოგონამ თავი მოიკლა და წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ არასწორ ადამიანს ენდო, შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომის და შერცხვენის ისე ეშინოდა, სიკვდილს ამჯობინებდა. ვიცი ეს გრძნობა. მეც, როგორც რიგითმა ქართველმა გოგომ, ბავშვობიდან ვიცი, რომ გოგოებს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს.

ბოლო დროს რამდენჯერმე ფული გავგზავნე ოჯახში. დედას წამოსცდენია, სადღაც და ეჭვის თვალით შეუხედავთ, სად შოულობს სტუდენტი ფულს, აქეთ რომ გიგზავნისო?! დამირეკა და მითხრა. მგონი, ყველაზე მეტად ამან გამაცოფა. როცა ერთდროულად რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ და ამის გამო დამატებით ერთი სემესტრი უნდა ვისწავლო ბაკალავრის ხარისხის მისაღებად, ხოლო ვიღაცას ეს აეჭვებს და ამის დამალვაც არ ეთაკილება, ვხვდები, რომ ისევ მახსენებენ: გოგოს უფლება არ გაქვს შეცდომა დაუშვა, როგორიც არ უნდა იყოს ის, თუნდაც ისეთი, რომელსაც მხოლოდ სხვები თვლიან შეცდომად.

ჩემი ყოფილი ქმარი თინეიჯერობისას გავიცანი და მალე გამოვაცხადე, რომ ჩემი საქმრო იქნებოდა. დეტალები მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ჩემი ოჯახისთვის და გარშემომყოფებისთვის ჩემი არჩევანი საკმარისზე მეტად მიუღებელი აღმოჩნდა. არ ვიცი, ამან იმოქმედა თუ სხვა რამემ, მაგრამ კიდევ უფრო მტკიცედ დავდექი ამ ბავშვური გადაწყვეტილების დასაცავად.

თავიდან ის იდეალური იყო. ჩემი პრინციპები და მიზნები ხელშეკრულების პირობებივით ჩამოვუყალიბე და ვუთხარი, რომ ამ ყველაფერთან შეგუება მოუწევდა. ისიც დამთანხმდა. შემდეგ, საკმაოდ დიდი პერიოდი, „ჩემი არჩევანის დაცვითა“ და ახლობლებისთვის მიუღებლის მიღებინებით ვიყავი დაკავებული და კარგად არ მახსოვს, რამდენად ასრულებდა „ხელშეკრულების პირობებს“. როდესაც საერთო ოჯახური წინააღმდეგობა დავძლიე და თანხმობა მივიღე ამ ურთიერთობის „ლეგალიზებაზე“, ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ სიტუაციას ვეღარ ვფლობდი.

მაწუხებდა მისი ჩარევა ჩემ პირად გადაწყვეტილებებში, ჩაცმისა და ქცევის სტილში, მეგობრებთან ურთიერთობაში და ა.შ. თუმცა, როცა ძალიან მინდოდა ამაზე ვინმესთვის მეთქვა, მახსენდებოდა, რომ ეს იყო ჩემი არჩევანი, რომელსაც ასე თავგამოდებით ვიცავდი და ხმის ამოღება ნიშნავდა მეღიარებინა, რომ შეცდომა დავუშვი. ამასობაში, ოჯახისა და ნათესავებისთვის ჩვენ დანიშნულები გავხდით, რადგან სხვაგვარ, ღია სასიყვარულო ურთიერთობას მიუღებლად მიიჩნევს  ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი.

ორი წლის შემდეგ ოფიციალურად, ნაჩქარევად დავქორწინდით, რის შესახებაც, მხოლოდ ოჯახის რამდენიმე წევრმა იცოდა. დანარჩენებისთვის კვლავ დანიშნულებად ვრჩებოდით.

მერე იგი საზღვარგარეთ წავიდა, მე სტუდენტი გავხდი და თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. ურთიერთობა კიდევ უფრო აუტანელი გახდა. ეჭვიანობა ყველა წვრილმანზე, ისტერიკები, ჩხუბი, მოგონილი ამბები და ა.შ. მემუქრებოდა პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნებით, შერცხვენით… გამუდმებული შანტაჟის და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მიწევდა ისედაც რთული სტუდენტური პირველი წლის გადატანა.

მაშინ უკვე ვაღიარე, რომ შეცდომა შეცდომაზე დავუშვი. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ამ შეცდომის უფლება არ მქონდა – ასე ვფიქრობდი მაშინ. თუ განვქორწინდებოდი და დავშორდებოდი, ამას სხვებიც გაიგებდნენ. ყველა დედაჩემზე ილაპარაკებდა, იტყოდნენ, რომ მარტოხელა დედაა და ვერ გაზარდა უკეთესი შვილი. ბიძაჩემი, რომელიც ამ ურთიერთობის ყველაზე დიდი წინააღმდეგი იყო, უარმყოფდა და დავრჩებოდი მარტო, ოჯახის გარეშე. და ეს არ იქნებოდა მხოლოდ განქორწინების გამო, არამედ იმიტომ, რომ უკვე ვიცოდი, ჩემი ცხოვრების დასანგრევად, ყველაფერს გააკეთებდა ის ადამიანი, ვისშიც ასე შევცდი.

ერთ დღესაც, მორიგი ჩხუბის შემდეგ, მითხრა, რომ არც ჩემი სწავლა და არც ჩემი მუშაობა არ აინტერესებდა და უნდა ჩამელაგებინა ბარგი, ამეღო თვითმფრინავის ბილეთი და მასთან წავსულიყავი. საბოლოოდ მოვიკრიბე ძალა და ვუპასუხე, რომ ეს ბოლო ჩხუბი იქნებოდა და ყველაფერი დასრულდა.

შემდეგ დაიწყო ის, რისიც ამდენი ხანი მეშინოდა. შანტაჟი და მუქარები რეალური აღმოჩნდა – მეგობრებით დაიწყო. სწერდა ჩემზე და ჩვენს ურთიერთობაზე – ზოგს მართალს, ზოგს ტყუილს. მოგონილ და რეალურ დეტალებს, მლანძღავდა. მეშინოდა, რომ გადაწვდებოდა ჩემს ოჯახს, დედაჩემსაც…  ის პერიოდი თითქმის არ მეძინა.

თუმცა დღეს ამ ამბავს ვყვები და ეს იმიტომ, რომ ჩემ გვერდით აღმოჩნდა რამდენიმე მეგობარი, რომელთაც, შეიძლება ითქვას, გადამარჩინეს.

ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. დედისთვის არ ამიხსნია დეტალები. ძლივს დავურეკე და ვუთხარი, რომ დავშორდით, თუმცა ლაპარაკი არ შემეძლო… და შემრცხვა, როდესაც დავინახე, რომ დედაჩემმა, სრულიად მშვიდად და შეკითხვების გარეშე მიიღო ეს ამბავი. თუმცა სხვებთან ასე მარტივად არ იყო საქმე. ვიცი, რომ უამრავ შეკითხვას უსვამდნენ დედაჩემს, ბევრს ლაპარაკობდნენ და დღესაც, სამი წლის შემდეგაც კი, მეკითხებიან ამის შესახებ.

ჩვენ, გოგოებს, პატარაობიდან გვასწავლიან, რომ არ შეიძლება შეცდომა დაუშვა ადამიანის ნდობის დროს, არ შეიძლება შეცდომა დაუშვა სამსახურის არჩევისას, არ შეიძლება შეცდომა დაუშვა სექსუალური პარტნიორის შერჩევისას, არ შეიძლება შეცდომა დაუშვა ოჯახის შექმნისას, არ შეიძლება შეცდომა დაუშვა რაიმეს თქმის ან დაწერისას და თუ შეცდომას დაუშვებ, მაშინ სამუდამოდ მისი ტყვე უნდა იყო. სწორისა და არასწორის განსაზღვრისა და შემდგომ ჩვენივე შეცდომის გამოსწორების არჩევანს გვართმევენ.

რა თქმა უნდა, ჩემს ისტორიაზე ბევრად რთული შემთხვევებიც არსებობს და არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, ვინმეს ვესაუბრო ამ საკითხზე. მით უმეტეს არ ვიცი, შემიძლია თუ არა რჩევის გაცემა. თუმცა ძალიან კარგად ვიცი, რომ საზოგადოების ეს დამოკიდებულება აძლიერებს შანტაჟის გავლენას, რომლისგან თავის დაღწევაც ძალიან რთულია. თუმცა ეს მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს და ამისთვის ყველა სიცოცხლის არსებობა აუცილებელია. შეცდომის ან/და „შეცდომის“ შიშის ტყვეობაში ძალიან ბევრი გოგო და ქალი ცხოვრობს, არადა, ჩვენც გვაქვს შეცდომის უფლება.

თუ შენ სადღაც არსებობ, ჩემსავით შეშინებული და შერცხვენილი და ფიქრობ, რომ ყველაფერი შენი ბრალია, რომ გამოსავალი არ არსებობს, – მინდა იცოდე, რომ ასე არ არის. ყველაზე ცუდი შეცდომის დაშვება კი არა, მის ტყვედ ქცევაა. ვიცი, რომ რთულია, ვიცი, რომ შეიძლება შენ არც გამგები ოჯახი გყავდეს და არც ჩემსავით საოცარი მეგობარი, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სულ ერთი არ არის შენი სიცოცხლე, შენი ღირსეული სიცოცხლე. შეიძლება მათ ახლა სულაც არ იცნობ, მაგრამ ხმას თუ მოგვაწვდენ, ხმას თუ მომაწვდენ, ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ჩონჩხებს კარადაში, რომლებიც ძილის საშუალებას არ გაძლევენ. გამოყრისას იხმაურებენ, ყურადღებას მიიქცევენ, მაგრამ გაივლის, გაივლის და შენ მშვიდად გააგრძელებ ცხოვრებას, უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე.

და დამიჯერე, როგორც არ უნდა მიგაჩნდეს, რომ არაფერს აქვს აზრი, არაფერი შეიძლება იყოს ღირებული, ამ ყველაფრის შემდეგ აღმოაჩენ, რომ უამრავი რამეა, რისთვისაც ღირს იცხოვრო და იბრძოლო. იბრძოლო, თუნდაც იმისთვის, რომ სხვა გოგოებსაც დაუბრუნდეთ შეცდომისა და არჩევანის უფლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: