აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი კორექტირდება

ხვალ, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულომ მორიგ სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ უნდა იმსჯელოს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც დღეს საკრებულოს კომისიებში განიხილეს,  უნდა დაკორექტირდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ბაზაში აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი.

არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი კომისიის სხდომაზე

არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი კომისიის სხდომაზე

კორექტირება გახორციელდება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების (აბონენტების) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღში, რომლითაც 2018 წლის 1-ლი მაისის შემდგომ მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე და ერთჯერადად დარიცხვის პერიოდი აღემატება ერთ თვეს. აღნიშნულ აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის (კორექტირების) ათვლის თარიღად, დადგენილების პროექტის მიხედვით, განისაზღვრება 2018 წლის 1-ლი მაისი.

დადგენილების პროექტი დღეს საკრებულოს კომისიებში განიხილეს

დადგენილების პროექტი დღეს საკრებულოს კომისიებში განიხილეს

ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის განცხადებით, მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის კორექტირება  გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ 2018 წლის 1-ლი მაისიდან ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებს შპს „სანდასუფთავება“ (ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის გათვალისწინებით). „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილების შესაბამისად აბონენტების მონაცემების კორექტირება შემოწმების შედეგების გათვალისწინებით ხორციელდება მომსახურების მიღების მთლიან პერიოდზე, რაც გულისხმობს შემოწმების შედეგების წინა წლებზე გავრცელებასაც. არჩილ ვანაძის განცხადებით, ეს საკითხი ხშირად მოსაკრებლის გადამხდელებთან უთანხმოების საგანი ხდებოდა. ამიტომ, მოსაკრებლის ადმინისტრირების ღონისძიებების გამკაცრების პარალელურად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი შემოწმების შედეგების მიხედვით განისაზღვროს 2018 წლის 1-ლი მაისით – იმ პერიოდით, როდესაც მოსაკრებლის ადმინისტრირების უფლებამოსილება გადეცა შპს „სანდასუფთავებას“. მიმდინარე ეტაპისათვის შპს „სანდასუფთავების“ მიერ აქტიურად ხორციელდება ახალი აბონენტების რეგისტრაცია და არსებული აბონენტების მონაცემების განახლება.

დადგენილების პროექტი დამტკიცების შემთხვევაში ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი