კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი

ძველი ბათუმის სადარბაზოები

07.06.2018 • 7650
ძველი ბათუმის სადარბაზოები

ძველ ბათუმში არაერთი სახლია, რომელთა სადარბაზოებსაც გულგრილად გვერდს ვერ აუვლით. ზოგ სახლს ფასადის დეკორის სიუხვეზევე ეტყობა, რომ სადარბაზოც ლამაზი ექნება, თუმცა ბევრ ძველ სახლში სადარბაზოები შელესილია და ისტორიის კვალი აღარ იკითხება. ქვემოთ მოცემულ მისამართებზე მოხატულობა და ჩუქურთმები შედარებით კარგადაა შემონახული, თუმცა რესტავრაცია სჭირდება. ეს სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

                                                                                ირაკლი აბაშიძის ქ. №3

ეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოა. კედლებზე დაზიანებული ფერწერული ნახატებია შემორჩენილი, კედლის ერთ მხარეს ჯერ ისევ ჩანს ნახატი პორტით და ნავებით, მეორე ნახატზე ტაძრის გამოსახულებას ვხედავთ, თუმცა საღებავი ჩამოკაწრული და დაზიანებულია. შედარებით კარგადაა შენახული ჭერის მხატვრობა და ჩუქურთმები. მნახველის ყურადღებას იპყრობს სადარბაზოს მოხატულობა და  ფერის სიუხვე.

 

 

 

მემედ აბაშიძის ქ. №27

ეს ორსართულიანი,  კლასიცისტური  სტილის  საცხოვრებელი  სახლია.  ძეგლის სტატუსის მქონე შენობას  მნიშვნელოვანი  როლი  აქვს  უბნის  ისტორიულად ჩამოყალიბებული  სახის  შექმნაში. სადარბაზოს ვიტრაჟიანი ნაწილი დაზიანებულია, თუმცა შემორჩენილია კიბის მოაჯირის დეკორატიული ელემენტები და სადარბაზო კედლის ჩუქურთმები.

 

 

ლუკა ასათიანის ქ. № 20/ მარჯანიშვილის ქ. №8

ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე მდგარი, ორსართულიანი სახლის არქიტექტურა კლასიცისტურ-ბაროკოული სტილითაა გამორჩეული. სახლის გარე ფასადიცა და სადარბაზოც ნაძერწი დეტალებით უხვადაა დატვირთული. შენობა XX საუკუნის დასაწყისის ეკლექტური არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.

 

რუსთაველის ქ. №13

ბათუმში, ამ შენობაში, როგორც აბრა იუწყება, 1913 წელს ამერიკის საკონსულო იყო განთავსებული. ახლა საცხოვრებელი სახლია. საკმაოდ დაზიანებული და დაბინძურებულია სადარბაზოს მოჩუქურთმებული ნაწილი. როგორც კიბის საფეხურზე დატანებული დაფა მოწმობს, შენობა 1904 წელს აუგიათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: