კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

როგორ ახასიათებდნენ XIX საუკუნის ბოლოს აჭარლებს

13.04.2018 • 34061
როგორ ახასიათებდნენ XIX საუკუნის ბოლოს აჭარლებს

მე-19 საუკუნის აჭარის შესახებ ინფორმაცია ქართველი და უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებში გვხვდება. აქვე ვხვდებით აჭარლების დახასიათებას, როგორ იცვამდნენ, რას ჭამდნენ, რა თვისებები ახასიათებდათ აქ მცხოვრებ ადამიანებს. ნახეთ მოკლე ამონარიდები. 

აჭარლები. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. ფოტოს ორგინალი დაცულია ელეფთერ ლაფაჩის კოლექციაში. ციფრული ფოტო – საქართველო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

„მამაკაცები და ქალები ძალიან ლამაზები არიან, უყვართ გართობა. ადვილად ამყარებენ ურთიერთობას სხვასთან. მათი ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და ხელოსნობაა. ორივეში გამოირჩევიან ოსტატობით, განსაკუთრებით ნახელავის ორნამენტული დამუშავებით. რელიგიის მხრივ ისინი უფრო თავისუფალნი არიან ფანატიზმისგან, ვიდრე სხვა ხალხები.“

პალგრევი, დიდი ბრიტანეთის კონსული ტრაპიზონში, 1872 წელი 

„როგორც ჩანს, აჭარლები უმშვენიერესნი უნდა იყვნენ კავკასიის ხალხთა შორის, ყველას მოსული ტანი და გმირული შეხედულება აქვს. ადვილად შეამჩნევთ სიარულში სიყოჩაღეს, ქცევაში – ზრდილობას, საქმეში – სიმარდეს; მსუქნები იშვიათია, თითქმის სულ არ არიან. მოხუცი კაცებიც მკვირცხლნი და მარჯვენი არიან, პატარა ყმაწვილები ძლიერ ლამაზნი და მალხაზნი“.

ემილ ლევიე, შვეიცარიელი ბოტანიკოსი. ბათუმში, ქედასა და ხულოში იმოგზაურა 1890 წელს

 

ხუცუბანი. აჭარელი თევზითა და ლიმნით მოვაჭრე. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. ფოტო დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

„აჭარელი მეტად თავაზიანია, ზრდილი და პირად მთქმელი. აჭარელი ერიდება კაცის შეურაცხყოფას, მაგრამ ერიდება იმასაც, რომ სხვამ არ შეურაცხყოს იგი. შურისძიება და სისხლის აღება ძველთაგან დარჩენილია. კაცი თუ შემოაკვდა, მოელის, რომ მოკლულის ნათესავისგან ადრე თუ გვიან მიეზღვევა. აქედან წარმოსდგება ყაჩაღად გავარდნა… კაცის მკვლელი სულ სისხლის აღების მოლოდინშია და უმეტეს შემთხვევაში ტყეში და სახლის გარეთ იფარავს თავს. გაჭირვებულია და იძულებული ხდება ამ შემთხვევაში სხვას წაართვას რამე. ყაჩაღობის დროსაც კი თავის ღირსებას არ კარგავს აჭარელი, სიმართლის მთქმელს, რაინდული ხასიათი ამ გაჭირვებულ მდგომარეობაშიც არ ავიწყდება და სწამს, რომ ვაჟკაცი ტყუილს არ იტყვის.

მეტად დამახასიათებელია აქაურთათვის შემდეგი შემთხვევა. რამდენიმე წლის წინათ ბათუმ-ახალციხის შარაგზაზე აჭარაში ინჟინერი პასეკი გაძარცვეს. ყაჩაღებმა პასეკს წაართვეს საათის ძეწკვი და ფულად ათი თუმანი. შავი ნიკელის საათი უკან დაუბრუნეს, სირცხვილია ასეთი ნივთის წართმევაო.

მერე უკითხავთ, ჩემოდანში რა გაქვთო? პასეკს უპასუხნია – არაფერია შიგაო, იმ დროს, როცა შიგ ექვსასი თუმანი დებულა. ყაჩაღები ენდვნენ თურმე, ასეთი ნასტავლი კაცი ტყუილს როგორ იტყვისო და ჩემოდნისთვის ხელი არ უხლიათ.“

თედო სახოკია, მწერალი, ეთნოგრაფი, მკვლევარი. აჭარის სოფლებში იმოგზაურა 1886 წელს

„აჭარელის ცხოვრება მეტად ჩუმია, წყნარი და შეუმჩნევი. თოფის, დამბაჩისა და ხანჯლის ხმარება კი მარჯვედ იციან. თოფისა და დამბაჩის სროლას ბავშვები შვიდი წლიდანვე იწყებენ.

სახელმწიფო ხარჯის გადახდა ძნელი არ არის. კომლს წელიწადში ზოგს 2 მანეთი შეხვდება, ზოგს – 3, ზოგს – მეტი და იშვიათად აიწევს 10 მანეთამდე. უფრო ხუთამდეა, ხშირად ამის წინააღმდეგიც არიან…

აჭარელთ აცვიათ ვიწრო შარვალი, თავზე ყაბალახი, ფეხზე ზოგს ჩუსტები და ზოგს ევროპიული ჩექმები… აწინდელ ტანსაცმლის ტარება აქეთ ამ 150 წლის წინ შემოუღიათ, თორემ, როგორც ამბობენ, ღრმად მოხუცებულები: ქრისტიანობის დროს აჭარელთ ჯავახურად სცმიათ, თავზე ბუხრის ქუდები ეხურათ თურმე, ტანზე ჩოხა-ჩერკესკები, ზოგს გრძელსახელოებიანი კაბა (სპარსულ-ქართული კაბა), ისეთი წაღები ეცვათო რომ… ტყავის გრძელი წვერები ჰქონდაო, როგორც თბილისშიაც იცოდნენ 1870 წლამდის.

ქალებსაც ისეთივე ტანსაცმელი ჰქონიათ, როგორც საქართველოს სხვა ქალებსო.

…აჭარელთა სადილი მჭადი და ლობიოა. ან მხალი და ყველი. ჩაი და ყავის სმა უყვართ, თაფლიც დიდ პატივისცემაშია. ფუტკარი ბევრსა ჰყავს, ყაჭის ძაფსაც აკეთებენ, მაგრამ მცირედ.“

ზაქარია ჭიჭინაძე, 1889 წლიდან პერიოდულად მოგზაურობდა აჭარის სოფლებში. ავტორი წიგნისა – „მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში“. წიგნი 1913 წელს თბილისში, იაკობ მანსვეტაშვილის სტამბაში დაიბეჭდა

გაზეთი „სახალხო ფურცელი – სურათებიანი დამატება“, 1915 წელი. ფოტო დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

„აჭარლებისა და ლაზების დადებითი მხარეებიდან მივუთითებთ სტუმართმოყვარეობას, გულკეთილობას, იშვიათ პატიოსნებას, თავშეკავებას, უბრალოებას… აჭარლები ზრდილნი არიან, არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევენ დადებულ სავაჭრო თუ სხვა გარიგებას, არასდროს გასტეხენ მიცემულ სიტყვას.

აჭარლები არ გამოირჩევიან სიმსუქნით, ტანადი არიან, სხეული საოცარი აგებულებისა აქვთ, მამაკაცებიც და ქალების ლამაზებია, მაღალი და წვრილი წელი, ფართო მხარბეჭი, პირმრგვარი მოყვანილობის, შავგვრემანი, მკრთალი სახე, სწორი, ზოგჯერ ოდნავ კეხიანი ცხვირი, წვრილი ტუჩები, შავი თვალები, გამბედავი გამოხედვა, შესამჩნევი კუნთები – ასეთია აჭარელის პორტრეტი.

მოხდენილი აგებულების აჭარელი იმავე დროს ფიზიკურად ძლიერი და დაუღალავია. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია შრომასა და სიარულში. მთიანმა რელიეფმა, მიხვეულ-მოხვეულმა ბილიკებმა, გზებმა, აღმართ-დაღმართებმა, ტვირთის გადატანამ ზურგით იგი საუკეთესო მსუბუქ მოსიარულედ აქცია. დადის ჩქარა და სწორი ნაბიჯით, შეუმჩნევლად ადის აღმართს, გეგონება გარბის. მთელი დაძაბულობა გადააქვს წონასწორობაზე და ძალაზე, ისეთი მოუქანცველნი და სწრაფნი არიან სიარულში, რომ ბევრისთვის იშვიათობა როდია დღეში 80 ვერსის გავლა.“

ვლადიმერ ლისოვსკი, მეფის რუსეთის ოფიცერი, 1887 წელი

„აჭარელს თავზე ახურავს ყავისფერი ყაბალახი, ზოგჯერ წითელი სარჩულით. ტანზე აცვია მოყვანილი, ყავისფერი ან ნაცრისფერი მაუდის ქულაჯა, რომლის ქვეშ ღია ფერის ახალუხი მოჩანს, ახალუხი წითელი თასმებით იკვრება, იმავე ქსოვილის შარვალი წვივებთან და კოჭთან ვიწროვდება. წელს ქვევით იკეცება და რამდენიმე არშინის წვრილი თოკისაგან დაწნული ღვედით იკვრება, რომელსაც ღია ფერის ქამარი ფარავს. ფეხზე შალის წინდებს და ტყავის წუღამესტებს იცვამს.

აჭარელი მხარზე გადმოკიდებულ პატარა ჩანთაში პილზებს და სხვა საომარ მოწყობილობას ატარებს. ქამარზე ჩამოკიდებული აქვს ქონწასმული ლითონის პატარა კოლოფი და მათარა, ხელში სახმარად ხანჯალი, დანა და დამბაჩა, ზურგზე გარდიგარდმო შაშხანა ჰკიდია.

აჭარლები იარაღის კარგი ოსტატები არიან. მათ იციან ისეთი რთული სისტემის თოფების შეკეთება, როგორიცაა – მარტინი, პეაბოდი, სნიდერსი.

აჭარელი შუა ტანისაა, მხარბეჭიანი და კუნთმაგარი, სახით პირხმელი, კეხიანი ცხვირი აქვს, თხელი ტუჩები, ხშირი შავი წვერი და ჩამოშვებული გრძელი ულვაშები. გამოხედვა ამაყი აქვს, მოძრაობაში ცქვიტი, დადის თამამად და ვაჟკაცურად. შესანიშნავი ქვეითია და დღეში სამოცი ვერსის გავლა შეუძლია.

გარეგნობით, მიხვრა-მოხვრით, ხასიათით, ძალიან ჰგავს გურულს. მასავით კოხტა, მკვირცხლი და მხარბეჭიანია, მასავით არის ჩაცმული.“

ჟან მურიე, ფრანგი მოგზაური  

„აჭარელი გურულივით მარდია, მხნეა და გამბედავი; თოფ-იარაღი ძალიან უყვარს, მარჯვე მსროლელიც არის. გარდა ამისა, საუკეთესო ზნეობრივი თვისებანი აჭარლების არის: მოხუცებულის პატივისცემა, სტუმრის მოგებება, ღირსეულად თავის დაჭერა, ზრდილობა, თავაზიანობა, ცნობისმოყვარეობა და დაუღალავი გამრჯეობა.“

იაკობ გოგებაშვილი, მწერალი  

„ქობულეთელები შესანიშნავი, გულოვანი, ლამაზი და ცოცხალი, ბუნებით ნიჭიერი და ჭკვიანი, ტანით მრთელი და სტუმართმოყვარე ხალხია. ამასთან ახირებული, ამაყი და თავმოყვარე.

საკმაო არის ცოტა, სისხლი მოითხოვოს და აიღოს კიდეცა, გალახვას ხომ, სანამ სული უდგია, ვერ მოინელებს. ამ შემთხვევაში ქობულეთელს კაცის სიკვდილი დიდ საქმეთ არ მიაჩნია, მაგრამ თუ კაცურად მოეპყრობი, იმ შემთხვევაში, იცოდე, ის შენი ერთგული ყმა არის, უკანასკნელი სისხლის წვეთამდე, დიდად საიმედო მეგობრობა იცის ქობულეთელებმა და ამასთანავე, საშინელი მტრობაცა; თუ მეგობარი არის, შენთვის თავს მოიკლავს და თუ მტერია, შენც მოგკლავს.

აქ შენ ვერ ნახავ კისერჩახრილს, ცხვირ-ჩამოშვებულ, ფერმიმკრთალ კაცს. აქ მხოლოდ წელში გამართული, თავაწეული, ფეროვანი კაცები შეგხვდებიან.“

გაზეთი „დროება“, 21 მაისი, 1876 წელი

___________________________________

წყარო: აჭარის ენციკლოპედიური ცნობარი

მთავარ ფოტოზე: აჭარლები. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. ფოტოს ორგინალი დაცულია ელეფთერ ლაფაჩის კოლექციაში. ციფრული ფოტო – საქართველო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. dspace.nplg.gov.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: