მთავარი

კინოფილმი  „აღმოსავლეთი“ და ტყიბულის შახტაში დაღუპული ექვსი კაცი

06.04.2018 • 2251
კინოფილმი  „აღმოსავლეთი“ და ტყიბულის შახტაში დაღუპული ექვსი კაცი

ავტორი: ესმა გუმბერიძე

რამდენიმე კვირის წინ ჭიათურაში დაიღუპა მაღაროელი, დღეების წინ კი უკვე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ტყიბულშიც. ეს მხოლოდ იმ დროიდან ერთი თვის ვადაში, რაც სამოქალაქო საზოგადოების კვლევის ცენტრის პროექტით ვიყავი ჭიათურაში, რის შესახებაც დეტალური სტატია „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამდენი მცდელობის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამდენი მუშაობის მიუხედავად, ყველაფერი ძველებურად გრძელდება. ადამიანები ძველებურად იღუპებიან.

აქვე მახსენდება ფილმი „აღმოსავლეთი/the East”, სადაც ნაჩვენებია ჩვენი „ჯორჯიან მანგანეზისა“ და GIG-ჯგუფის მსგავსი კომპანია, რომელიც წარმოების შედეგად წარმოშობილ შხამიან წყალს პირდაპირ დასახლებაში არსებულ ღია ტბაში უშვებს. იმ დასახლებაში ბავშვები იღუპებიან კიბოსგან. სასმელ წყალს კი აწვდიდა თანამშრომლებს კომპანია, მაგრამ ბანაობა… ამ ბოროტებას დაუპირისპირდება კომპანიის მფლობელის შვილი, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდება.

ფილმი მთავრდება იმით, რომ მას პოლიცია მოკლავს, როცა ის თავისი მამის კოლეგას, კომპანიის თანადამფუძნებელ ქალს მოწამლულ ტბაში ჩასვლას აიძულებს, მამა კი იმ ქალის ნაცვლად აპირებს წყალში ჩასვლას. ეს, ვითომ კარგი დასასრული, სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. ის მამა, შვილი რომ დაეღუპა, მალევე დაივიწყებდა ერთწუთიანი მონანიების განცდას. დამნამუსებელი შვილი ხომ აღარ ეყოლებოდა.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ  მაღაროებში მომუშავე ინდუსტრიულ ზონებში მცხოვრები რიგითი ადამიანების სიცოცხლისთვის ბრძოლა საქართველოში ახლა იწყება. ამ პრობლემის გაჟღერებით ის კი არ ამოიწურება, არამედ მხოლოდ იწყება.

ჭიათურაში არსებული მდგომარეობის შესახებ „ბათუმელებში“ ჩემი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე დღეში „ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ელექტრონული ფოსტა მივიღე. მწერდნენ, რომ ჩემი სტატია მრავალ უზუსტობას შეიცავს, რომ ცალმხრივია. წუხდნენ, რომ მისი დაწერისას კომპანიას არ დავუკავშირდი და მისი პოზიციით არ დავინტერესდი. შემომთავაზეს ჩავსულიყავი რეგიონში. მპირდებოდნენ, რომ დამათვალიერებინებდნენ საწარმოს, უპასუხებდნენ ჩემს, მათ შორის კრიტიკულ კითხვებს. ვუპასუხე, რომ ის სტატია დავწერე, პირველ რიგში, საჯარო სივრცეზე, მედიაში საკუთარი პრობლემებისა და აზრის გაშუქების მისაწვდომობაზე „ჯორჯიან მანგანეზისნაირ“ მსხვილ კომპანიასა და ჭიათურის რიგით მოსახლეებს შორის არსებული უთანასწორობის დასაბალანსებლად.

რა თქმა უნდა, ვიზიტზეც დავთანხმდი იმ პირობით, რომ ვიდეო-ფოტოგადაღებისა და აუდიოჩაწერის უფლებას მომცემდნენ. ასევე მივუთითე, რომ საკითხისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და ჩემი უსინათლოობის გამო ჩავიდოდი საკითხზე სიღრმისეულად მომუშავე ადამიანებთან ერთად. ასევე გადავეცი „ბათუმელების“ შეთავაზება, დაეწერათ „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხები ჩემს სტატიაში გამოთქმულ საკითხებზე, რედაქცია განიხილავდა და საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნებდა კიდეც. „ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მომწერა, რომ მოგვიანებით დამიკავშირდებოდნენ. სამ კვირაზე მეტი გავიდა. არაფერი ისმის.

ბლოგის ბოლოს არ შემიძლია არ დავწერო, რომ ქართულ რეალობაში ხშირია დისონანსი/შეუსაბამობა არასამთავრობო ორგანიზაციის მიზნებს, ხედვასა და მისი წარმომადგენლების ქცევას, გარეგნობასა და იმ ფუფუნებას შორის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ ან მუშაობენ. ჭიათურაში რომ ვიყავით, იქ ერთმა პროფკავშირელმა აქტივისტმა იმაზე ილაპარაკა, რომ არ უნდა იმიჯნებოდეს ერთმანეთისგან პროფკავშირი და მისი წევრი დასაქმებულები. მან აღნიშნა, რომ პროფკავშირი მისი წევრების ერთგვარი თვითდახმარების ჯგუფია, დაბლიდან მაღლა და არა პირიქით. მისი თქმით, პროფკავშირი ჰორიზონტალურ/თანასწორ ურთიერთობებზეა დაფუძნებული.

და რამდენია ასეთი ორგანიზაცია, მათ შორის არასამთავრობო, რომლებიც ასევე „სათემოს“ სტატუსს ატარებენ. ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციაში ვიზიტის შესახებ ჩემი ერთი ნაცნობმა მოყვა. ის იმით იყო გაოგნებული, რომ ამ ორგანიზაციის ოფისში, ტყავის უძვირფასესი ავეჯით გაწყობილ დირექტორის კაბინეტში ამოყო თავი. ბიზნესისთვისაც კი შესაშური ფუფუნება სუფევდა.

სხვათა შორის, ჩემმა მშობლებმა ტელევიზორით ირაკლი პეტრიაშვილი [გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე] რომ ნახეს, ისიც ანტიკვარებით გაწყობილ კაბინეტში იჯდა, უფრო არისტოკრატის, ვიდრე უფლებადამცველის ატრიბუტიკა ჰქონდა გარშემო. ჰოდა ასეთი „უფლებადამცველების“ დაკავშირება ჩაგრულ ადამიანებსა და ჯგუფებთან, მათი ინტერესების დაცვასთან, ცოტა რთულია. რთულია მათი გაიგივება. რიგით ადამიანებს, ვის უფლებებს ეს ორგანიზაციები და პირები იცავენ ან რომელთა დაცვასაც იჩემებენ, უჭირთ თავისიანებად, თანასწორებად აღქმა. არასამთავრობო სექტორისადმი უნდობლობაც აქედან მოდის საზოგადოებაში.

გვიჭირს ამ ორგანიზაციათა/პირთა მორთულობა-გარეგნობასა და მათ გაცხადებულ მიზნებს შორის კავშირის დანახვა. ამ დისონანსის დასაძლევად ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს გასაწევი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს.

ავტორის შესახებ: 

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ესმა გუმბერიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: