მთავარი

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

04.12.2017 • 9441
ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

„შეიძლება სირცხვილია ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე ნაგვის ყუთიდანაც კი ამომიღია ქაღალდი, რომ მისგან სასწავლო რესურსი შემექმნა. სადაც კი მივდივარ, იქნება ეს ტრენინგები თუ სხვა შეხვედრები, გამოყენებულ ფურცლებს ვაგროვებ და სკოლაში მომაქვს. ფერადი ფურცლები, ფუნჯები, ზედმეტ ფუფუნებად ითვლება სკოლაში“, – გვეუბნება ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა. მასწავლებელი, რომელიც მიმდინარე წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდა საქართველოში. რატომ არსებობს სოციალური უთანასწორობის პრობლემა განათლების სისტემაში და რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო რესურსების სწორად გადანაწილებას?

საქართველოს მთავრობის თითქმის ყველა წევრის შვილი განათლებას კერძო სკოლაში იღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ორი შვილის განათლებაში წელიწადში 6 233 ლარს იხდის; ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ორი შვილის სწავლის საფასური კი, 7 500 ლარია წლიურად.

კერძო სკოლაში სწავლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შვილიც, რაშიც 5 250 ლარის გადახდა უწევს კახა კახიშვილს.

შვილების განათლებაში ფულს იხდის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილიც. ის ორი შვილის სწავლის საფასურს ეროვნულ ვალუტაში იხდის, რაც წლიურად 22 500 ლარს შეადგენს, მესამე შვილის სწავლის საფასური კი, 4 832 დოლარია.

სამი შვილის განათლება 14 040 ლარი უჯდება ყოველწლიურად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარს.

კერძო სკოლაში სწავლობენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის შვილებიც. მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მათ განათლებაში წელიწადში 9 000 ლარი იხარჯება.

2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წინა წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს თავისი შვილების განათლებაში 7 850 ლარი და 2 000 დოლარი დაუხარჯია. როგორც მთავრობის თავმჯდომარის პრესცენტრში განმარტავენ, 7 850 ლარი ზურაბ პატარაძეს უფროსი შვილის საუნივერსიტეტო განათლებაზე დაუხარჯია, ხოლო 2 000 დოლარი ყაზახეთში ცხოვრების დროს შვილების სასკოლო განათლებაში. პრესცენტრის ინფორმაციით, 2016 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც პატარაძე საქართველოში დაბრუნდა, მისმა შვილებმა სწავლა საჯარო სკოლაში გააგრძელეს, ხოლო წელს კერძო სკოლაში გადავიდნენ.

კერძო სკოლაში დაჰყავს შვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძესაც. მას შვილის სწავლის საფასური ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ მიანიჭა უპირატესობა კერძო სკოლას? თალაკვაძე ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად ოზურგეთის სკოლა მოსწონს, რომელიც თვითონ დაამთავრა. შვილი კი კერძო სკოლაში იმიტომ მიიყვანა, რომ „ეს კარგი სკოლა ოზურგეთშია“, ისინი კი თბილისში ცხოვრობენ.

საჯარო სკოლებთან შედარებით კერძო სკოლას ანიჭებენ უპირატესობას ის მაღალჩინოსნებიც, ვინც უშუალოდ ქმნიან განათლების პოლიტიკას ქვეყანაში. მაგალითად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის შვილიშვილიც განათლებას კერძო სკოლაში იღებს. ბავშვების მამა, ალექსანდრე ყანჩაველი, რომელიც ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი იყო, ამბობს, რომ კერძო სკოლას საჯაროსთან შედარებით გარკვეული უპირატესობა აქვს.

„თუნდაც ის, რომ ინგლისურ ენას გაძლიერებულად სწავლობენ“, – გვეუბნება ის. მაღალი ფასის მიუხედავად, ალექსანდრე ყანჩაველი ამბობს, რომ „დიდი ალბათობით მეორე შვილსაც ამავე სკოლაში შეიყვანს“. სკოლაში სწავლის წლიური საფასური, როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, 2100 დოლარია მე-9 კლასის ჩათვლით, მაღალ საფეხურზე კი – 2 300 დოლარი.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს სჯერა, რომ ქვეყანაში განათლების სისტემა გაუმჯობესებულია და სახელმწიფო ზრუნავს განათლებაში სოციალური თანასწორობისა და მაღალი ხარისხის მიღწევაზე, თუმცა თავის შვილს მაინც კერძო, ძვირადღირებულ სკოლაში ასწავლის. დეკლარაციის მიხედვით, ის ორი შვილის (ერთი სტუდენტია, მეორე – მოსწავლე) სწავლაში წელიწადში 12 500 ლარს ხარჯავს.

„აშშ-ში როცა ვცხოვრობდით, იქ ჩემი შვილები ნაწილობრივ საჯარო სკოლაში სწავლობდნენ, ნაწილობრივ – კერძოში. როცა საქართველოში დავბრუნდით, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ შეძლებოდათ იმ ცოდნის შენარჩუნება, რაც ჰქონდათ მიღებული ამერიკაში“, – ამბობს მარიამ ჯაში.

დეკლარაციის მიხედვით, შვილის განათლებაში წლის განმავლობაში 5400 დოლარს იხდის პარლამენტარი სერგი კაპანაძე. მისი თქმით, შვილის კერძო სკოლაში მიყვანა ოჯახის საერთო გადაწყვეტილება იყო: „ჩემი ძმისშვილიც იმავე სკოლაში დადის და გვინდოდა ბავშვები ერთად ყოფილიყვნენ.“ გარდა ამისა, კაპანაძე მიიჩნევს, რომ კერძო სკოლებში აკადემიური ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე საჯარო სკოლებში.

განათლების კომიტეტის წევრის, სერგო რატიანის შვილიც კერძო სკოლაში სწავლობს. პარლამენტარის აზრით, ამის მიზეზი სახელმწიფოს არათანმიმდევრული პოლიტიკაა განათლების სისტემაში.

„საჯაროში სავალალო მდგომარეობაა. არის კვალიფიციური კადრების პრობლემა. სამინისტრო კი ვერ გეგმავს თანმიმდევრულ პოლიტიკას – ერთ წელს ერთი სქემა აქვს, მეორე წელს – მეორე და ა.შ. კარგი მასწავლებლები ვინც არიან, ისინიც კი, სახელფასო სისტემიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ მაღალი ხელფასის აღებას, რადგან ანაზღაურება საათობრივ დატვირთვაზეა მიბმული. არ ახალისებენ კარგ მასწავლებლებს, რაც მძიმე მდგომარეობას იწვევს“, – ამბობს რატიანი.

ხელისუფლების განათლების პოლიტიკას აკრიტიკებს განათლების კომიტეტის წევრი, ლელა ქებურიაც. „მართალია, ჩემმა შვილებმა საჯარო სკოლა დაამთავრეს ზუგდიდში, მაგრამ მათ დამატებითი მომზადება მაინც სჭირდებათ“. პარლამენტარის თქმით, დღევანდელი საჯარო სკოლა ვერ უზრუნველყოფს ახალი თაობის მომავალი გამოწვევებისთვის მომზადებას: „გარდა ამისა, შეუსაბამობაა საჯარო სკოლის სწავლის დონესა და იმ მოთხოვნებს შორის, რომელსაც უმაღლესში ჩარიცხვის დროს აყენებენ.“

თავიანთ შვილებს კერძო სკოლებში აძლევენ განათლებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ წულაძე და ილია ვერძაძე. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძესაც შვილები კერძო სკოლაში დაჰყავს. რამდენს ხარჯავენ შვილების განათლებაში, ქონებრივ დეკლარაციაში არც ერთს მითითებული არ აქვს.

მაშინ, როცა მმართველი გუნდის წევრები და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები თავიანთი შვილების უკეთეს მომავალზე ფიქრობენ, საქართველოში არსებობენ ბავშვები, რომლებსაც ხარისხზე რომ არაფერი ვთქვათ, კონკრეტულ საგნებში გაკვეთილებიც კი არ უტარდებათ. ასეთი სკოლა არაერთია საქართველოში.

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

მაგალითად, აჭარის განათლების სამინისტრო ამ დროისთვის 30 ვაკანსიაზე ელოდება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის მასწავლებლების განაცხადებს, თუმცა ამაოდ. ეს იმ დროს, როცა სახელმწიფო აცხადებს, რომ მისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პრიორიტეტულია და მეცნიერება უნდა წავახალისოთ.

აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ კოორდინატორი, მაია დოლიძე გვეუბნება, რომ მასწავლებლებს მთაში წასვლა არ სურთ. მიზეზი გარემო პირობები და დაბალი ანაზღაურებაა. „ორმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში, მაგრამ სკოლები საკმაოდ შორს იყო ხულოს ცენტრიდან და წასვლაზე უარი გვითხრეს,“ – ამბობს ის.

მაია დოლიძის ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი წელს 340 ათასი ლარია, რომელიც მთლიანად პედაგოგების ხელფასებისთვის არის გათვალისწინებული. პედაგოგი, რომელიც მთის სკოლაში სამუშაოდ წავა, პროგრამიდან 500 ლარს მიიღებს (აქედან 20 პროცენტი იქვითება). „ამას ემატება კომპეტენციისა და საათების მიხედვით გათვალისწინებული თანხა, მთის კანონის ფარგლებში ერიცხებათ 30 პროცენტიც. საშუალოდ 1000-1200 ლარი გამოსდით ხელფასი“, – გვეუბნება მაია დოლიძე.

საყოველთაო უმუშევრობის პირობებში პედაგოგებისთვის არც ეს ხელფასია მიმზიდველი. მაია დოლიძე: „2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მასწავლებლებისთვის ათასი ლარი ჩავდეთ ამ პროგრამაში, იმედია დაგვიმტკიცებენ ბიუჯეტს.“

მსგავსი ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო ქვეყანაში ყველა მოსწავლისთვის ვერ უზრუნველყოფს თანაბარ განათლების ხელმისაწვდომობას და საგანმანათლებლო რესურსების ეფექტურად გადანაწილება-მართვას.

ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც წლის საუკეთესო მასწავლებლად აღიარეს, ამბობს, რომ ხშირად სასწავლო რესურსებისთვის საჭირო მასალების მოძიება სანაგვე ურნებშიც კი უწევს:

„მე, პირადად, იმ ზღვრამდე ვარ მისული, რომ სანაგვედან ამომაქვს ფურცლები. გაკვეთილზე ექსპერიმენტისთვის გვჭირდებოდა ქაღალდის კალათა. ახალი ფურცლები ვერ გავიმეტე დასაკუჭად და ურნიდან ამოვიღე ფურცლები. ტრენინგების დროს გამოყენებულ ფურცლებს რომ ვკრეფ და მომაქვს, გაკვირვებული მიყურებენ.“ მასწავლებლის თქმით, სახელმწიფოსგან ყველა ბავშვი ვაუჩერით ფინანსდება, მაგრამ ეს თანხა ხშირად პედაგოგებსა და სკოლის ინფრასტრუქტურას ხმარდება, ვიდრე უშუალოდ მოსწავლეების საჭიროებებს. საკმარისი არ არის ის რესურსი, რასაც დირექტორები იძენენ სკოლებისთვის.

ლადო აფხაზავა იხსენებს, როგორ გამოართვა ერთ ლანჩხუთელ კაცს სანაგვეში გადასაგდებად გამზადებული რკინის ყუთი:

„რკინის სკივრი იყო, გამოვართვი და მოვიტანე სკოლაში. გავაფერადეთ, გავაახლეთ და სკოლის ცენტრალურ შემოსასვლელში დავდგით. სკივრში ყველა იმ საჭირო ინფორმაციას ვათავსებ, რაც აუცილებლად უნდა წაიკითხოს სკოლის მოსწავლემ. აქამდე ეს ინფორმაციები სკოლის კედელზე იყო გაკრული, თუმცა არავინ კითხულობდა. ახლა კი თითქმის ყველა ბავშვი კითხულობს. დღის განმავლობაში 300-ჯერ მაინც ახდიან და ხურავენ სკივრს თავს“.

პედაგოგის თქმით, აუცილებელია სკოლამ შეძლოს ინოვაციური მეთოდებით ბავშვების ინტერესების გაღვივება და ყველა საჭირო რესურსის მოპოვება, თუმცა ამისთვის სკოლის მეტი დამოუკიდებლობაა საჭირო.

ლადო აფხაზავას მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ, ზოგადად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სოციალურ თანასწორობას განათლებაში, ეს უთანასწორობა სოფლისა და ქალაქის ფონზე კიდევ უფრო თვალშისაცემია: „ინფორმაციის ნაკლებობა, ინტერნეტთან წვდომის პრობლემა, საერთაშორისო პროექტებთან ხელმიუწვდომელობა, ცუდი ინფრასტრუქტურა, კადრების დეფიციტი – ეს ყველაფერი ქმნის უთანასწორობას განათლებაში. მაშინ, როცა ამ ბავშვებსაც იმავე კომპეტენციების დაძლევა უწევთ ეროვნულ თუ საატესტატო გამოცდებზე,რაც იმ ბავშვებს, რომლებსაც უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი ყველა ამ სიკეთზე.“

აფხაზავას თქმით, სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია ის, რომ სკოლაში ვერ შედის კვალიფიციური კადრი და თაობები განათლების გარეშე რჩებიან: „21-ე საუკუნეში ახალგაზრდებს დიდი გამოწვევები ელოდებათ, სკოლა კი ამ გამოწვევებისთვის ვერ ამზადებს ახალგაზრდებს.

ძალიან უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ როგორ უნდა განავითაროს სკოლა პედაგოგმა ან დირექტორმა, რომელსაც პაროლი ვერ შეჰყავს კომპიუტერში და ვერ წერს? მოსწავლეს ეუბნება „სტატუსი დამიწერე ფეისბუქზე“. ან ამბობს, „მე არ მჭირდება კომპეტენციის დამტკიცება, 3-4 წელი და წავალ სახლში“. ამასობაში კი სამი-ოთხი თაობა გადის სკოლიდან და ისინი ცხოვრებისთვის მოუმზადებლები არიან“.

წლის საუკეთესო მასწავლებლად აღიარებული ლადო აფხაზავას აზრით, ისევე როგორც პედაგოგებმა, განათლების პოლიტიკის შემქმნელებმაც კომფორტის ზონიდან გამოსვლა უნდა ისწავლონ.

„სიახლეების დანერგვას სჭირდება არაკ­ომ­ფორტულ ზონაში გადასვლა. ასეთ ზონაში გადავდივარ მეც, როცა ვსწავლობ რაღაც ახალს და ჩემს მოსწავლეებსაც იმავეს ვასწავლი. ესტონეთის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც 1900 მოსწავლეა, დირექტორმა მითხრა, „მე ვარ დირექტორი, რომელიც სკოლაში არაფერს აკეთებს.“ იმიტომ, რომ მან მისცა დელეგირება სხვა თანამშრომლებს. ქართველი დირექტორები ღამის 12 საათამდე მუშაობენ, მაგრამ ბოლოს არაფერი აქვთ გაკეთებული და არც არაფერი არ ხდება ახალი, ეს იმიტომ, რომ ვერავინ ისწავლა შრომის გადანაწილება და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახების და დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ოჯახების შვილებსაც ერთნაირად უწევთ კომპეტენციების დადასტურება უმაღლესში მისაღებ თუ საატესტატო გამოცდებზე. ქვეყნის განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას მიაჩნია, რომ ეროვნული და საატესტატო გამოცდების ბარიერები უნდა აიწიოს, რადგან უმაღლესი განათლება მხოლოდ „რჩეულების“ ხვედრია.

რამდენად სამართლიანია, როცა სახელმწიფო არ უზრუნველყოფს თანაბარ გარემოს განათლებაში? – ვკითხეთ ნინო რევიშვილს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორს. ის მიიჩნევს, რომ ცვლილებებს პოლიტიკური ნება სჭირდება, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ: „ბუნებრივია, ეს არ არის სამართლიანი და ამ ყველაფერს ძალიან ცუდი სახელი ჰქვია.“ რევიშვილის თქმით, სკოლებში არსებული უთანასწორობა არ მთავრდება აქ და მას გაგრძელება შრომის ბაზარზეც აქვს.

საერთაშორისო (TIMSS/PISA) და ეროვნული კვლევები, რომლებსაც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი პერიოდულად ატარებს, ნათლად აჩვენებს, რომ განსხვავება კერძო და საჯარო სკოლების, სოფლისა და ქალაქის სკოლების მიღწევებს შორის მნიშვნელოვნად იზრდება.

მაგალითად, TIMSS-სა და PISA-ს კვლევების მიხედვით, თუკი 2007 წელს საჯარო და კერძო სკოლებს შორის განსხვავება მცირე იყო მიღწევებში, 2015 წლის კვლევების მიხედვით, ეს სხვაობა გაორმაგებულია. ნაპრალი იზრდება სოფლისა და ქალაქის სკოლების შემთხვევაშიც.

კვლევის მიხედვით, საგანმანათლებლო რესურსების მხრივ უთანასწორობა გვხვდება მაშინაც, როცა სწავლების ენა განსხვავებულია. „თუ შევადარებთ ქართული და ეთნიკური უმცირესობების სკოლებს, საშუალო ქულა ქართულ სკოლებში არის 415, რუსულში – 407, აზერბაიჯანულში კი – 321. ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული სკოლები დაახლოებით ორი აკადემიური წლით ჩამორჩებიან ქართულენოვან სკოლებს“, – ამბობს ნინო რევიშვილი.

კვლევის მიხედვით, განსხვავებებს საქართველოში განაპირობებს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. ნინო რევიშვილის თქმით, აქ მოიაზრება მშობლის განათლება, საქმიანობა, ის საგანმანათლებლო რესურსი, რაზეც ხელი მიუწვდება ბავშვს ოჯახში:

„ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო რესურსები – წიგნები, კომპიუტერები, ინტერნეტი, კვალიფიციური მასწავლებლები, სპორტული მოედნები და ა.შ. მაგრამ, როცა სკოლა არ არის შესაბამისად აღჭურვილი, სოციალური სტატუსი ამ დეფექტს კიდევ უფრო ზრდის“.

ნინო რევიშვილს მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ არის საჭირო თანაბარი ხელმისაწვდომობის ამაღლება სკოლის პირობებში, ოჯახის დაბალი სოციალური სტატუსი სახელმწიფომ რომ დააბალანსოს: „უთანასწორობა იქმნება მაშინ, როცა საგანმანათლებლო რესურსები სწორად არ ნაწილდება ქვეყანაში. არ იკვლევენ იმას, რა სჭირდება კონკრეტულ სკოლას და ამ საჭიროებების მიხედვით არც ფინანსები ნაწილდება“.

ნინო რევიშვილის თქმით, ის, რაც განათლებაში გვაძლევს შედეგს, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანას პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს. პოლიტიკური ფასის შედეგია ის, რომ სახელმწიფო სკოლებს არ აძლევს რეალურ დეცენტრალიზაციას და თავისუფლებას, რათა შეძლონ კონკრეტულ საჭიროებებზე დაყრდნობით ბიუჯეტის მართვა, მიიღონ კვალიფიციური კადრები სკოლაში და უფრო მეტად იფიქრონ ინოვაციებზე.

პესიმისტურია ლადო აფხაზავას პროგნოზიც: „ჩვენს მოსწავლეებს ბევრი გამოწვევა ელოდებათ წინ და ძალიან უცხო იქნება მათთვის ეს ყველაფერი, რადგან ეს თაობები ამ გამოწვევებისთვის მზად არ აღმოჩნდებიან“.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ ოქტომბრის ნომერში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: