მულტიმედია

DPA: პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება წლის აქტუალური პრობლემა იყო

13.03.2018 • 76772
DPA: პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება წლის აქტუალური პრობლემა იყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის უკანონოდ გამჟღავნების და მათთან უკანონოდ დაკავშირების 17 ფაქტი გამოავლინა 2017 წელს. ამის შესახებ აპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ანგარიშში წერია.

„მოქალაქეების ინფორმაციით, კომპანიები მათი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციას უმჟღავნებდნენ ოჯახის წევრებს, მეზობლებს, თანამშრომლებს და ფეისბუქის მეგობრებსაც კი,“ – წერია ანგარიშში.

კომპანიები დაჯარიმდნენ 13 შემთხვევაში. 4 ფაქტზე ჯარიმის დაკისრება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ვერ მოხერხდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში მოიცავს 2017 წელს კერძო ორგანიზაციების საქმიანობის პროცესში გამოვლენილ სამართალდარღვევებსა და ნაკლოვანებებს. აქვე მოცემულია კონკრეტული მაგალითები.

ანგარიშის მიხედვით, ინსპექტორის მიერ შესწავლილი საკითხების დიდი ნაწილი კვლავ პრობლემური სესხების ამოღების პროცესში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას შეეხებოდა. განცხადებებსა და კონსულტაციებში მოქალაქეები საუბრობდნენ სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მათი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის ოჯახის წევრების, მეზობლების, სოციალურ ქსელებში დამეგობრებული პირების, ან/და თანამშრომლებისთვის გამჟღავნების ფაქტებზე. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიების მხრიდან პრობლემური სესხების ამოღების პროცესში საკმაოდ ხშირად ირღვევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

„გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები უკავშირდებოდნენ ისეთ მესამე პირებს, რომლებიც მსესხებელს ხელშეკრულებაში საკონტაქტო პირად არ ჰყავდა მითითებული. ამასთან, სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეებს შორის კომუნიკაციის მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ ფორმას (სატელეფონო ნომრით, მისამართზე დაკავშირებით და ელექტრონული ფოსტით) და არ მოიცავდა მესამე პირებისთვის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას. მიუხედავად ამისა, კომპანიები მსესხებლებთან კომუნიკაციის გზად სწორედ მესამე პირების მეშვეობით დაკავშირებას ირჩევდნენ,“ – წერია ანგარიშში.

არსებული პრაქტიკის მიხედვით, საკრედიტო ორგანიზაციები პრობლემურ სესხებს უმეტესად სესხების ამომღები კომპანიების მეშვეობით მართავენ. ასეთ შემთხვევებში სესხის ამომღებ კომპანიებს გადაეცემა მსესხებლის მონაცემები და ეძლევა უფლება, იმოქმედოს საკრედიტო ორგანიზაციის სახელით, მისი მიზნებისთვის. შესაბამისად, ამ დროს სესხის ამომღები კომპანია წარმოადგენს საკრედიტო ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს.

ინსპექტორის აპარატის ანგარიშის მიხედვით, საკრედიტო ორგანიზაციების საკმაოდ დიდი ნაწილი, სესხის ამომღებ კომპანიებთან ურთიერთობისას, მსესხებელთან კომუნიკაციის წესებს ხელშეკრულებაშივე ითვალისწინებს. თუმცა, გასულ წელს  გამოვლინდა შემთხვევები, როცა უფლებამოსილმა პირებმა მაინც მიმართეს საკრედიტო ორგანიზაციის მხრიდან აკრძალულ ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა: მსესხებლის ოჯახის წევრისთვის, მეზობლისთვის, თანამშრომლისთვის, სოციალურ ქსელში დაკავშირებული პირისთვის დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება.

ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია გამჟღავნებული მონაცემების კატეგორიაზე, იმის მიხედვით თუ რა სახის დარღვევა მოხდა, ჯარიმა შეიძლება მერყეობდეს 500-დან 5000 ლარამდე.

თუკი გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია შესაძლო დარღვევის შესახებ, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს.

გადაბეჭდვის წესი