განთიადი ზღვაზე

„ზურგის ქარი“ – პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ამ სიტყვებით გამაცილეს სამოგზაუროდ. სამეცნიერო-კვლევით გემს, რომელსაც ბათუმიდან გავყევი, „მარე ნეგრუმი“ ერქვა და რუმინეთის დროშის ქვეშ ცურავდა. შავი ზღვა გემზე მყოფ მეცნიერთა გუნდთან ერთად გადავცურე, ზღვა, რომელიც სინამდვილეში უფრო ლურჯია, ვიდრე შავი, წყალი კიდევ გამჭვირვალე და კამკამა. გემზე მყოფ მეცნიერებს შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა გამოეკვლიათ. მსგავსი კვლევა შავ ზღვაზე 1990 წლის შემდეგ პირველად შარშან ჩატარდა. წელს კვლევის მეორე ეტაპი იყო.

„დელფინების ქარავანი უნდა გადავიღო“, – ჩემი ჯერ „ჩანასახში მყოფი მოგზაურობა“ ასე აღვწერე პირველივე წამს, როდესაც გავიგე, რომ გემზე მივდიოდი. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს ნიშნავდა საათობით დგომას ქარიან გემბანზე და ღია ზღვის უკიდეგანო ჰორიზონტის მზერას.

გემზე 3 სექტემბერს, ღამით ავედი და მანამდე ჩამეძინა, სანამ ბათუმი თვალს მიეფარებოდა.

4 სექტემბრის დილა გემბანზე დგომით დაიწყო. უკრაინის ზღვის ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელ ოქსანა სავენკოსთან ერთად დელფინებს ვითვლიდი და ფოტოებს ვიღებდი. პროცესი არც რთულია და არც ადვილი.

გადაიღო დელფინები, ნიშნავს ისწავლო დელფინის ხასიათი. როცა ჰორიზონტზე ზღვიდან ამოწვერილ დელფინის შავ კუდს მოჰკრავ თვალს, უნდა გამოიცნო საით წავა და შემდეგ კამერის ობიექტივი მიადევნო. თავიდან გამიჭირდა, სწრაფად ვერ  „მივსდევდი“, დელფინები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, ფოტოაპარატში კი არც ერთი წესიერი კადრი არ მქონდა. მთელი დღე გემბანზე გავატარე დელფინების მოლოდინში. ზღვა იყო ისეთი ლურჯი, როგორიც არასდროს მენახა მანამდე.

თეთრგვერდა დელფინი საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 4.09.2017

შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევა 90-იანი წლების შემდეგ პირველად 2016 წლის მაის-ივნისში ჩატარდა. სამეცნიერო-კვლევით გემ MARE NIGRUM-ის საშუალებით საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტებმა შავ ზღვაში ერთობლივი კვლევები ჩაატარეს. პროექტი „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)“ ევროკავშირმა  და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დააფინანსა. პროექტის პარტნიორი საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოა. კვლევები, რომლებსაც მეცნიერები ატარებენ, უმნიშვნელოვანესია, რადგან ბოლო 26 წელია არ ვიცით, როგორია შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა.

“>

გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ზღვაში დიდი რაოდენობით მყარი ნარჩენები იპოვეს. პლასტმასის ბოთლები თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რასაც უხვად ტოვებენ ადამიანები სანაპიროებზე, ზღვას ღია სივრცეში მიაქვს და იქ უყრის თავს.

გასული წლის მონიტორინგის ანგარიში წაკითხული მქონდა, შესაბამისად, აღარ გამკვირვებია, როცა ნაპირიდან ასეულობით კილომეტრის დაშორებით, ღია ზღვაში მცურავი პლასტმასის ბოთლები და ცელოფნის პარკები ვნახე.

გარდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა, ადამიანების უარყოფითი ზეგავლენის კვალი ზღვის წყალშიც აღმოჩნდა. შავი ზღვის კვლევების მთავარი მიზანი ზღვაში არსებული ძირითადი პრობლემების გამოვლენა და მათი გამოსწორების გზების ძიებაა.

ძირითადი სამეცნიერო სამუშაოები უკვე დამთავრებული იყო, როცა მე გემს უკანა გზაზე გავყევი, ამიტომ განსაკუთრებული ინტერესით ველოდი დარჩენილ ერთ კვლევას, რომელიც ზღვის ღელვის გამო ბათუმისკენ მომავალმა სამეცნიერო-კვლევითმა გემმა გამოტოვა. მას შემდეგ, რაც გემი ღია ზღვაში იმ წერტილს მიუახლოვდა, სადაც კვლევა უნდა ჩატარებულიყო, ღუზა ჩაუშვეს და ზღვიდან, 2 ათასი მეტრის სიღრმიდან, შლამი ამოიღეს. ამ შლამს მეცნიერები გამოიკვლევენ და შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ რაც ხილული იყო და თვალსაჩინო, შლამზე არსებული თევზის ანაბეჭდია. როგორც ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, თევზი დაახლოებით მილიონი წლის წინ მოხვდა ამ შლამში და მილიონი წლის შემდეგ კი მისი ფიტული – ჩემს ობიექტივში.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 4.09.2017

დაახლოებით მილიონი წლის წინანდელი თევზის ანაბეჭდი შლამზე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 5.09.2017

როცა ღია ზღვაში ყოფნის დღეებს ვიხსენებ, პირველი, რასაც ვგრძნობ სიმშვიდეა. ჩემი აზრით, არაფერს მოაქვს ისეთი სიმშვიდე, როგორც ზღვას. მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან წყალია, უზარმაზარი ლურჯი სივრცე. გემი ამ სილურჯეში მისრიალებს და გვერდებზე წყლის თეთრ ღრუბლებს ქმნის.

გემზე ჩემთან, გემის ეკიპაჟის წევრებთან და მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ცხოვრობდა გემის კაპიტნის, კონსტანტინის კატა მაიკლი. მაიკლი, იგივე მიჩო, უბრალო კატა არ გეგონოთ, 12 წლისაა, მთელი ცხოვრება ზღვაში გაატარა, მეზღვაურის პასპორტი აქვს და შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ პორტში უპრობლემოდ შევიდეს. მიჩომ „მარე ნიგრუმის“ კაპიტანთან ერთად მსოფლიო უკვე შემოიარა.

მაიკლი და კაპიტანი

როგორი გამოცდილი კაპიტანიც არ უნდა ხელმძღვანელობდეს გემს, მსოფლიოს ნებისმიერ პორტში შესასვლელად მას, თურმე, დახმარება სჭირდება. როცა გემი ნავსადგურის მიდამოებს მიადგება, ნაპირიდან მასთან შესახვედრად სალოცმანო კატარღით ლოცმანი მოდის. ლოცმანი იგივე პილოტია, გემის გაცილების სპეციალისტი. გემიდან ხის კიბეს ჩაუშვებენ სალოცმანო კატარღაზე და პილოტი ამ გზით გემბანზე ამოდის. შემდეგ უკვე ის განსაზღვრავს კურსს, თუ როგორ უნდა შევიდეს გემი პორტში.

გემის პორტში შესვლა, ალბათ, გემით მოგზაურობის ყველაზე დამღლელი პროცესია. დამღლელი იმიტომ, რომ ერთი ხელის გაწვდენაზეა ხმელეთი, გემი კი ნელ-ნელა, ზოზინით მიიწევს პორტისკენ. პორტში შესვლის დაწყებიდან ღუზის ჩაშვებამდე ზოგჯერ ორი საათიც კი გადის. ნერვების შემდეგი გამოცდა მაშინ იწყება, როცა გემი ღუზას ჩაუშვებს და თითქოს ყველაფერი მზადაა ნაპირზე გადასასვლელად, მაგრამ არა. სანამ გემი ავტორიზაციას გაივლის, კაპიტანი პასპორტს გადმოგცემს და ხმელეთზე გადასვლის ნებას დაგრთავს, ერთ-ორი საათი კიდევ გადის.

სასადილო გემზე ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც შეგეძლო ეკიპაჟის ყველა წევრი და ექსპედიციის მონაწილეები გენახა, პატარა ოთახში, რომელსაც გემბანზე გამავალი ფანჯრები ჰქონდა, მაგიდებიც (წითელი კუბოკრული ქაღალდის საფარით)  და სკამებიც იატაკზე იყო მიდუღებული. სავარაუდოდ იმიტომ, რომ შტორმისა და ღელვის დროს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში არ „ისეირნონ“. კამბუზიდან, გემის სამზარეულოდან ყოველთვის საინტერესო სუნი გამოდიოდა და კერძებიც მრავალფეროვანი იყო. თუმცა მე გამოვყოფდი ლიმონს. ლიმონი და ნიორი გემზე აუცილებელი საკვებია – ვიტამინებსა და კალცს ამ ფორმით იღებენ მეზღვაურები. ნივრის რა გითხრათ, მაგრამ ლიმონს ზღვა განსაკუთრებულ გემურ თვისებას სძენს. იმდენად გემრიელია, რომ შეგიძლია კანიანად ჭამო. იმისთვის, რომ ლიმნის ეს გემური თვისება აღმოაჩინო, ჰო, ალბათ, ზღვაზე უნდა წახვიდე.

„მარე ნიგრუმზე“ მოხვედრამდე არ ვიცნობდი არც ერთ სტიუარტს, ალბათ ამიტომ მგონია, რომ ჩვენი სტიუარტი მსოფლიოში ყველაზე მხიარული, საინტერესო და ცოტა ხელოვანი ტიპი იყო. სტიუარტი არის ადამიანი, ვინც გემის სასადილოში მაგიდებს ემსახურება. მის მოვალეობაში ასევე შედის კოკის, მზარეულის დახმარება. ზოგიერთ გემზე კი სტიუარტი კაპიტნისა და გემის უფროსი მექანიკოსის კაიუტებსაც ალაგებს.

ინგლისური არ იცოდა. „ბუონ აპეტიტ“ „იქსქიუზ მი“ „სენქს“ – ამ სიტყვებით იწყებოდა და მთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ თითოეული კერძი მაგიდაზე ისეთი გრაციოზულობით მოჰქონდა, ღიმილსა და ბედნიერების შეგრძნებას უჩენდა ყველას. ხანდახან გემბანზეც გადიოდა ხოლმე და ფოტოებს იღებდა.

გემზე ყოფნის ყველაზე რთული ეტაპი შტორმია ერთი კვირის მანძილზე. რაც ზღვაში ვიყავით, ძლიერი შტორმი არ ყოფილა, თუმცა ღელვამ გვარიანად აჯანჯღარა ჩვენი გემი.

ზღვის ავადმყოფობა გაქვს თუ არა ამას მარტო მაშინ იგებ, როცა გემზე ხვდები. როცა ზღვა ღელავს, გემი ირწევა, გულის რევის შეგრძნება და თავის ტკივილი ერთდროულად გეწყება. არსებობს ალბათ რაღაც წესები, თუ როგორ უნდა ებრძოლო ზღვის ავადმყოფობას, მაგრამ მე გამოსავალი ძილში ვიპოვე. მახსოვს, 7 სექტემბრის საღამოს ზღვაზე ძლიერი ღელვა იყო, ვახშმის დროს სასადილოში მეზღვაურებმა მოხუცი ქალის პატარა თოჯინა გამოიტანეს და ჭერში, საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ლურსმანზე ჩამოკიდეს, ცუდი ამბებისგან დაგვიცავსო. ცრურწმენები მრავლადაა მეზღვაურებში. ზოგიერთს სწამს, რომ პარასკევს პორტიდან გასვლა არ არის კარგი – მიიჩნევენ, რომ რთული მგზავრობა იქნება. ერთი ნაცნობი ქართველი კაპიტანი კი მომიყვა, თუ რატომ მიაჩნდათ ძველად მეზღვაურებს გემზე ქალის ყოფნა თარსად. როგორც აღმოჩნდა, ამას თავისი მიზეზი ჰქონია: მეზღვაურები გემს მდედრობით სქესად აღიქვამენ. გემი არის “She” და როცა ხომალდზე სხვა ქალია, ის „მთავარი ქალი“ ეჭვიანობს, ეგოისტობს და ამის გამო გემზე პრობლემები იქმნება. მიზეზი, რის გამოც გემს ქალად აღიქვამენ, ჩვევებშია. როგორც ქალი იწყებს დილით გაღვიძებისთანავე თავის მოვლა-მოწესრიგებას, ისე მეზღვაურები დილიდან წმენდენ, ალაგებენ და ღებავენ გემსო.

ეს ცრურწმენები გადმონაშთია და დღეს ნაკლებად, რომ ვინმე ითვალისწინებდეს. გარდა იმისა, რომ ჩვენს ექსპედიციაში ბევრი ქალი იყო, ეკიპაჟის შემადგენლობაშიც ჰყავდათ ერთი ქალი.

გემის წესები ყველა იმ წესებისგან განსხვავდება, რასთანაც აქამდე შეხება მქონია. თავიდან არაფერი ვიცოდი, ვერ ვხვდებოდი რა როგორ უნდა გამეკეთებინა და ვცდილობდი ფეხებში არავის მოვდებოდი. სანამ ქართველმა მესაზღვრეებმა მკაცრად არ მითხრეს, პასპორტი გემის კაპიტანს უნდა ჩააბარო და მასთან დარჩება მთელი მოგზაურობის მანძილზეო, მანამ არ მჯეროდა, რომ ასე უნდა გამეკეთებინა. გემზე ყველა და ყველაფერი კაპიტანს ემორჩილება.

ჩვენი კაპიტანი მკაცრი სულაც არ იყო.

ღია ზღვაში მოგზაურობამ ბევრი წარმოდგენა შემიცვალა იმაზე, თუ როგორია ცხოვრება გემზე. აღმოჩნდა, რომ კაპიტანს ის ლამაზი, თეთრი ფორმა მარტო მაშინ აცვია, როცა გემი პორტში შედის. სხვა დროს შორტებით, მაისურითა და ფლოსტებით დადის, მზარეულთან ერთად ნარდს თამაშობს და იღიმის კიდეც. ფორმები არც მეზღვაურებს აცვიათ. ხოლო როცა გემი პორტში ღუზას უშვებს, სანამ ნაპირზე გადასვლის ნებართვას მიიღებენ, მეზღვაურთა თავის შესაქცევი საქმიანობა თევზაობაა.

მზარეული და კაპიტანი ნარდის თამაშისას, სადღაც ღია ზღვაში
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
6.09.2017

ამ მოგზაურობის დროს პირველად ვიგრძენი თავი მეზღვაურად. ოდესის პორტს 6 სექტემბერს მივადექით, თუმცა პორტში შესვლის უფლება მხოლოდ 7 სექტემბერს მივიღეთ. „მარე ნიგრუმმა“ ღუზა პორტთან ახლოს, ღია ზღვაში ჩაუშვა. ნაპირი ახლოს იყო, მაგრამ ვერ გადავდიოდით. მეზღვაურები ღია ზღვაში თევზაობდნენ, მეცნიერები ისვენებდნენ, დრო თითქოს გაჩერდა. გემები მიმოდიოდნენ, გვერდს გვიქცევდნენ, ზოგიერთიც ჩვენი გემივით ღია ზღვაში იდგა. პორტში მეორე დღეს 9 საათზე შევედით, თუმცა მთელი რიგი პროცედურების გავლას დრო დასჭირდა და ქალაქში გასვლის ნება მხოლოდ 12 საათზე, ერთი საათით მოგვცეს. პირველ საათზე გემი ისევ ზღვაში გადიოდა.

წარმოუდგენლად ბევრი რამ შეიძლება მოასწრო ადამიანმა თურმე ერთ საათში. ჩქარი ნაბიჯით დავდიოდი ოდესის ქუჩებში, ჩემ წინ ეკიპაჟის წევრები სხვადასხვა ქუჩაზე იფანტებოდნენ, მე კიდევ ვცდილობდი ქალაქი სწრაფად მენახა, სადმე ინტერნეტი მომეძებნა და მეგობრებისთვის მიმეწერა. ქალაქის ნახვაც, ტელეფონში წინასწარ დაწერილი წერილების დაგზავნაც, განსაზღვრულ დროში შევძელი. ახლაც არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ გემზე არ დამიგვიანებია.

ჩემი მოგზაურობის ბოლო დღეს პირველად აღმოვჩნდი შტურვალთან. უფრო სწორად იმ ოთახში, სადაც გემის საჭე და სანავიგაციო სისტემებია განთავსებული. ჯადოსნური ადგილია.

გემით ღია ზღვაში მოგზაურობისას ბევრი რამ იყო, რაც პირველად ვნახე და რასაც, ალბათ, ყველა მეზღვაური ან ის ადამიანი ნახულობს, ვინც ზღვით მოგზაურობს. ვნახე, როგორ დაცურავენ დელფინები გემთან ერთად, როგორ ეთამაშებიან თოლიები იგივე დელფინებს და როგორ უცვლის მზის სხივები ზღვას ფერს. თუმცა ყველაზე ჯადოსნური მაინც მზის ამოსვლა იყო. განთიადი ზუსტად ისე ზანტად დგება ზღვაზე, როგორც გემები შედიან პორტში. ჯერ ბინდი ტყდება, შემდეგ მზის წითელი ბურთი იწყებს ამოსვლას და წუთების მიხედვით იცვლება ფერი ირგვლივ, ბოლოს მზე ამოდის და ნათდება.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი