როგორ ჩაკეტა სასამართლომ მუნიციპალური შპს-ებიდან ინფორმაციის მიღება

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი მუნიციპალური შპს-დან საჯარო ინფორმაციის მიღებაზე. საია შპს „ბათუმის წყლისგან“ ითხოვდა ინფორმაციას საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ.

„ბათუმის წყლის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ბათუმის მერიაა. მერიამ „ბათუმის წყალს“ მარტო 2017 წელს, არაპირდაპირი წესით, 10 მილიონ 500 ათასი ლარი გამოუყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური შპს არ არის ვალდებული საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ პირს.

„სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ჩვენ მივიღებთ იმგვარ პრაქტიკას, როცა მერიის მიერ დაფუძნებული შპს-ებიდან უარი გვეთქმება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გაგებაზე. ეს ეხება არა მხოლოდ შპს-ს, არამედ ააიპ-ებს და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვა ორგანიზაციებს. ინფორმაციის თავისუფლების პრინციპი იქნება უგულებელყოფილი,“ – ეს მოლოდინი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტს, მირზა მამულაძეს აქვს.

სასამართლოში „ბათუმის წყალი“ ხაზს უსვამდა, რომ ის არის შპს და არა ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება მას არ ჰქონდა. „ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები,“ – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთ სხდომაზე „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძემ.

მოსამართლემ ამ საქმის განხილვაში მესამე მხარედ ბათუმის მერიაც ჩართო, რომელსაც ექვემდებარება „ბათუმის წყალი“.

„მერიის წარმომადგენელმა თქვა იგივე, რასაც მანამდე „ბათუმის წყალი“ ამტკიცებდა, რომ შპს არის კერძო პირი სამართლებრივ ურთიერთობებში და მისი გადასაწყვეტია, გასცემს თუ არა საჯარო ინფორმაციას. კითხვაზე, მივიღებდით თუ არა იგივე ინფორმაციას, თუკი მერიას მივმართავდით, გვიპასუხეს, რომ ეს იქნებოდა დამოკიდებული შპს „ბათუმის წყლის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე,“ – ამბობს იურისტი მირზა მამულაძე.

საია ანალოგიურ ინფორმაციას ითხოვს „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“. თუმცა, მირზა მამულაძე ეჭვობს, რომ ეს უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდა და ვერც ამ მუნიციპალური შპს-დან მიიღებს ინფორმაციას.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი