ორი კაშხალი და 3 600 მეტრი სიგრძის გვირაბი მერისის ხეობაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 20 ოქტომბერს მერისის ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყო. მდინარეების – აკავრეთასა და ლოდნარზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების რისკების შეფასებასა და ჰესების პროექტზე, მშენებლობის დამპროექტებელი კომპანიის შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ“-ის დირექტორმა, შამილ ბირკაძემ ისაუბრა.

შამილ ბირკაძის განცხადებით, მერისის ხეობაში ერთი კაშხალი მდინარე აკავრეთაზე მოეწყობა, მეორე კი – აკავრეთას შენაკადზე – ლოდნარზე. რაც შეეხება გვირაბს,  პროექტით მისი სიგრძე 3 კილომეტრი და 600 მეტრია.

ჰესმა 23 მეგავატი ელექტროენერგია უნდა უნდა გამოიმუშაოს.

„პროექტით, მდინარე აკავრეთაზე, ოთხმეტრიანი კაშხალი მოეწყობა, შემდეგ იქნება 3 600-მეტრიანი გვირაბი, რომელიც აკავრეთას წყალს გადაიყვანს ლოდნარის კალაპოტში და იქ მოეწყობა მეორე კაშხალიც, საიდანაც წყალი გვირაბით სოფელ გუნდაურში, ჰესის შენობაში ჩავა. გვირაბი, ვფიქრობთ,  2,50 – 2,80 მეტრი სიმაღლის იქნება და ბურღვა – აფეთქებით მოეწყობა,“ – განაცხადა შამილ ბირკაძემ.

მოსახლეობამ განხილვაზე სასმელი წყლებისა და საცხოვრებელი სახლებისა თუ მიმდებარე ტერიტორიების უსაფრთხოების გარანტია, ასევე ჰესების მშენებლობის დაწყებამდე საცხოვრებელი სახლების, ფოტო-ვიდეოგადაღება მოითხოვა.

„იქ, სადაც გვირაბი უნდა გავიდეს, დაახლოებით 80-100 მეტრში სოფელია – გუნდაური, ჭალათი. სოფლის მოსახლეობას გვეშინია სასმელი წყლები არ დაიკარგოს, სახლები არ დაგვებზაროს, უსაფრთხოების გარანტიას ვითხოვთ, გვირაბის გაყვანამ პრობლემები არ შეგვიქმნას. საოჯახო სასტუმრო მაქვს მოწყობილი, წყალი რომ დაიკარგოს, მნიშვნელოვნად დამაზარალებს. ჰესის მშენებლობით მე ისედაც ვზარალდები, რადგან საუბარია, რომ ჩანჩქერამდე წყალს აიღებენ და ჩანჩქერი აღარ იქნება, ტურისტი კი ჩანჩქერის და ბუნების სანახავად მოდის აქ, “ – ამბობს სოფელ გუნდაურში მცხოვრები რევაზ სურმანიძე.

ჰესების დამპროექტებელი კომპანიის დირექტორი კი მერისის ხეობაში წყლის დაკარგვის, სახლების დაბზარვისა და სხვა სახის რისკების გამოვლენას გამორიცხავს:

„აქ გავრცელებულია ბურღვა – აფეთქებითი სამუშაოების შიში, ამხელა მასაში ორმეტრიან დიამეტრს რომ ააფეთქებ, არავითარ ზემოქმედებას არ მოახდენს, რისკები პრაქტიკულად გამორიცხულია. პროექტს გარემოს დაცვის სამინისტრომ ექსპერტიზა ჩაუტარა, მოგვცა შენიშვნები, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შენიშვნები არ ყოფილა“.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის, თქმით, კი: „ის გამოცდილება, რაც შუახევიჰესთან დაკავშირებით იყო, თავისთავად გათვალისწინებული იქნება, თავის დროზე ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ მშენებლობის დაწყებამდე მოხდება გადაღება-დასურათება და ყველა ოჯახის შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში, თუ სახლზე ბზარები არსებობს, ნიშნულების განთავსება. რაც შეეხება წყლებს,  ინვესტორი ამბობს, რომ ცენტრალიზებულად ერთიანი ქსელის მოწყობას შეძლებს, სოფელში  აუზს გააკეთებს.“

ვინ ააშენებს 23 კილოვატი სიმძლავრის ჰესს მერისის ხეობაში შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ“- ის მიერ შემუშავებული პროექტით,  ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერიმ“ ჰესის პროექტი/გზშ შპს „ჯორჯია შენკე პაუერ ინვესტმენტის“ დაკვეთით მოამზადა. „პროექტის საბოლოო ვარიანტი წლის ბოლოსთვის იქნება“ აცხადებს შამილ ბირკაძე.

აკავრეთა ჰესი / გზშ-ს განხილვა ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტო

აკავრეთა ჰესი – გზშ-ს განხილვა ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტო

აკავრეთა ჰესი / გზშ-ს განხილვა ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტო

აკავრეთა ჰესი – გზშ-ს განხილვა ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი