მთავარი,სიახლეები

რატომ დაანგრიეს სამჯერ გარემონტებული შენობა ზუნდაგაში

23.10.2017 • 2452
რატომ დაანგრიეს სამჯერ გარემონტებული შენობა ზუნდაგაში

შენობა, რომლის რეაბილიტაციასა თუ კოსმეტიკურ რემონტზე 2009 წლიდან დღემდე 46 ათას 385 ლარი და 90 თეთრია დახარჯული,  ახლა მისგან მხოლოდ თითქმის ფასადია დარჩენილი, სხვენი და სახურავი გადახადეს, იატაკი ამოყარეს, კედლების ნაწილი ჩამოშალეს. ყოფილი საბჭოს შენობას რეაბილიტაცია უტარდება.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში საბავშვო ბაღი, ყოფილი „საბჭოს“ შენობის პირველ სართულზე 2009 წელს გაიხსნა. ბაღის გასახსნელად შენობის რეაბილიტაცია ქედის მუნიციპალიტეტს 38 680 ლარი დაუჯდა.  ბაღის გახსნიდან სამი წლის შემდეგ, 2013 წელს, ამავე შენობის მეორე სართულზე სოფლის სამედიცინო პუნქტს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა და 2 300 ლარი დაიხარჯა, მოგვიანებით კი, 2015 წელს, შენობის მეორე სართულზე მახუნცეთის თემის ადმინისტრაციის ოფისისთვის  ორი ოთახი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის  – „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ქედის მუნიციპალიტეტში“ – ფარგლებში 5 405 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯა.

ქედის გამგეობაში აცხადებენ, რომ ბაღის შენობა თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, რეაბილიტაციასთან ერთად შენობის გაფართოება უნდა მოხდეს. კითხვაზე, რატომ გაარემონტეს სოფლის სამედიცინო პუნქტისა და თემის ადმინისტრაციისთვის ოთახები, თუ შენობას რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა და ეს ხომ არ იყო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა? ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერია ქედაში, ამბობს, რომ ოფისის რემონტზე თანხა მუნიციპალური ბიუჯეტიდან არ დახარჯულა: „თანხა როდესაც გამოინახა მაშინ დაიწყო ბაღის რეაბილიტაცია, რა არ უნდა გაგვეკეთებინა? ეს არ არის თანხის არამიზნობრივი ხარჯვა. ეს შენობა ქედის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით არ გარემონტებულა. რატომ არის არამიზნობრივი? ზუნდაგის ბაგა-ბაღი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტს. დიდი თანხები არ დახარჯულა და თან არც  გამგეობის თანხები ყოფილა, ხომ უნდა გარემონტებულიყო, ერთ შენობაში რომ იყო ასე გამოვიდა, არ არის ეგ პრობლემა, უკეთესი გაკეთდება.“

ზუნდაგის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ახლა 760 ათასი ლარია გამოყოფილი, ბაღთან ერთად ყოფილი საბჭოს შენობაში სოფლის სამედიცინო პუნქტი და თემის ადმინისტრაციული ოფისი უნდა მოეწყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: