სიახლეები

27 მარტიდან პუშკინის ქუჩა გარკვეულ მონაკვეთებში გადაიკეტება

11.03.2015 • 1849
27 მარტიდან პუშკინის ქუჩა გარკვეულ მონაკვეთებში გადაიკეტება

 

სამუშაოები ერთდროულად დაიწყება გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან [პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა] და პორტის მიმდებარე ტერიტორიიდან [გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების კვეთა]. ერთი წლის განმავლობაში სამუშაოები გაგრძელდება, ძირითადად, ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის მონაკვეთში.

 

„თითქმის ყველაფერი მზად არის, მობილიზაცია მთავრდება და 27 მარტიდან დაიწყება კონკრეტული სამუშაოები [ქუჩის გადათხრა]. მთლიანი ქუჩა არ გადაიკეტება, გადაიკეტება გარკვეული მონაკვეთები, ვთქვათ 2 კვირით. გააჩნია ამინდსაც. კანალიზაციის მილები ცოტა ღრმად არის ჩასადები, რაც პრობლემებს წარმოშობს ცუდი ამინდის პირობებში, როცა რთული, შეუძლებელიც კი იქნება მუშაობა. თუმცა ის, რომ მთელი ქუჩა დაიკეთება ერთი წლით, ასე არ არის.  სამუშაოებს ქართულ-გერმანული ერთობლივი კომპანია ჩაატარებს“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის მერის მრჩეველმა რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუშმა.

 

ერთი წლის შემდეგ სამუშაოები [„ჭაობის“ დასახლებაში] გიორგი ბრწყინვალესა და ბაგრატიონის, შემდეგ კი ბაგრატიონისა და მთისძირის ქუჩებს შორის მოქცეულ მონაკვეთებში გადაინაცვლებს.

 

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ბათუმში 2007 წლიდან მიმდინარეობს, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული შეღავათიანი სესხის ხარჯზე ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც სამ ფაზად იყოფა, სესხის მთლიანი მოცულობა 82 367 382 ევროს შეადგენს, პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი დამატებული ღირებულების გადასახადის ნახევარი იფარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი ნახევარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

 

გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება ასევე პროექტის დამატებითი თანადაფინანსება 10 194 104 ევროს (დღგ-ს გარეშე) ოდენობით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად რომელიც არ ფინანსდება სესხიდან, მაგრამ  პროექტის პარალელურად უნდა განხორცილდეს.

 

ბათუმი, სამუშაოები გრიბოედოვის ქუჩაზე /ბათუმელების არქივიდან/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: