სიახლეები

“სისხლიანი მიწების” პრეზენტაცია ბათუმში

11.03.2015 • 2315
“სისხლიანი მიწების” პრეზენტაცია ბათუმში

„ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციებისას, ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ.

თავის შთამბეჭდავ ნაშრომში ტიმოთი სნაიდერი მეოცე საუკუნის ამ სისხლიან სტატისტიკას წარმოგვიდგენს და საშუალებას გვაძლევს ისტორიული ცნობების მიღმა ცალკეული ადამიანები დავინახოთ. წიგნი ძალიან ჰუმანური და ამავდროულად სულისშემძვრელი საკითხავია, რომელიც ღრმა გააზრებას საჭიროებს, რათა სისხლიანი მიწები აღარასოდეს განმეორდეს,“ – ნათქვამია „სისხლიანი მიწების“  ანოტაციაში.

„სისხლიანი მიწები“ „რადარამმა“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მონაწილეობითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა. “რადარამი” ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა.  „სისხლიანი მიწების“ შეძენა წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი და 2 ლარი ღირს.

ნაწყვეტი ტიმოთი სნაიდერის წიგნიდან „სისხლიანი მიწები“:

„მასობრივი მკვლელობები ევროპაში ძირითადად ჰოლოკოსტთა ასოცირდება და ჰოლოკოსტი კი სწრაფ, ინდუსტიულ ხოცვასთან. სურათი ძალიან მარტივი და მკაფიოა. ყველა გერმანულ და საბჭოთა  სასაკლაოზე მკვლელობის მეთოდი ძალიან მარტივი იყო. თოთხმეტი მილიონი უიარაღო ადამიანიდან, რომლებიც სისხლიან მიწებზე დაიხოცა, ნახევარზე მეტი შიმშილით გარდაიცვალა. მეოცე საუკუნის შუა წლებში ევროპელები გამიზნულად აშიმშილებდნენ მილიონობით ევროპელს. ჰოლოკოსტის შემდეგ ორი ყველაზე დიდი მასობრივი მკვლელობის ქმედება – სტალინის მიერ მოწყობილი უკრაინელი გლეხების შიმშილი და გერმანელების მიერ საბჭოთა ტყვეების შიმშილით დახოცვა – მკვლელობის ერთსა და იმავე ხერხს წარმოადგენდა.

შიმშილობის შემდეგ დაიწყო დახვრეტები და ბოლოს  – გაზის კამერები. სტალინის „დიდ ტერორს“ თითქმის შვიდასი ათასი საბჭოთა მოქალაქე ემსხვერპლა. დაახლოებით ორასი ათასი ადამიანი დახოცეს პოლონეთში, მისი ერთობლივი ოკუპაციის პერიოდში გერმანელების და საბჭოთა კავშირის მიერ. გერმანელებმა სამასი ათასზე მეტი ბელარუსი და დაახლოებით ამდენივე პოლონელი დასაჯეს სიკვდილით. ჰოლოკოსტში დახოცილი ებრაელებიდან, დაახლოებით იმდენივე გამოასალმეს სიცოცხლეს ტყვიით, რამდენიც გაზით გაგუდეს“.

გადაბეჭდვის წესი