სიახლეები

გადასახადის გადამხდელებს 42 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერათ

10.03.2015 • 1462
გადასახადის გადამხდელებს 42 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერათ

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 9 მარტის მდგომარეობით 179 გადამხდელს, რომლებსაც 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და  შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებამდე  გადაუხდელი ჰქონდათ საგადასახადო დავალიანება, ჩამოეწერათ ეს დავალიანება, ჯამში – 40 მილიონ 368 ათას 811 ლარი და 30 თეთრი;

87 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება 414 ათას 550 ლარის ოდენობით. ესაა 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებებზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით;

რაც შეეხება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხულ ჯარიმებს, ამ კატეგორიის 2624 პირს ჩამოეწერა ჯამში 1 მილიონ, 874 ათას 827 ლარი და 40 თეთრი.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებენ როგორც თავისი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში.
 

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გადასახადის გადამხდელთა გარკვეულ კატეგორიას საგადასახადო დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს. კერძოდ, ჩამოწერას დაექვემდებარა:

ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და  ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე  გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება; 

  
ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე  აქტივობები არ უფიქსირდება;

გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: