მთავარი,სიახლეები

ლაშა კომახიძის საარჩევნო პროგრამა ზეპირად

20.10.2017 • 2710
ლაშა კომახიძის საარჩევნო პროგრამა ზეპირად

„მე მაქვს ყველაზე დეტალური და კონკრეტული საარჩევნო პროგრამა,“ – რამდენჯერმე გაგვიმეორა ეს ფრაზა ინტერვიუს დროს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ. ინტერვიუს დროს მისგან რამდენიმე კითხვაზე მივიღეთ პასუხი: „ახლა ამისგან თავს შევიკავებ,“, „კონკრეტიკა საჭირო არ არის“, „გაირკვევა სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის შემდეგ“…

ის, რასაც ლაშა კომახიძე „დეტალურ პროგრამას“ ეძახის, ვერ ნახავთ ვერსად, ყოველ შემთხვევაში, საჯარო სივრცეში. კენჭისყრის დღემდე ერთი კვირით ადრე ლაშა კომახიძემ მხოლოდ პროგრამის შემოკლებული ვერსია მოგვაწოდა, სადაც, ძირითადად, საუბარია სხვადასხვა მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტების შექმნაზე. რას აპირებს ლაშა კომახიძე – მერობას, თუ კვლევების წარმოებას, რა დრო დასჭირდება სტრატეგიების შემუშავებას და რა იქნება მანამდე? – „ბათუმელები“ ეცადა გაეგო, რის გაკეთებას აპირებს ლაშა კომახიძე ბათუმის მერად არჩევის შემთხვევაში.

ბატონო ლაშა, თქვენ საარჩევნო პროგრამის შემოკლებულ ვერსიაში საუბრობთ სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაზე 9 მიმართულებით. ფიქრობთ, რომ კვლევების სატარებლად უნდა აგირჩიონ? რეალურად რას გააკეთებთ, ამ პროგრამიდან ეს არ ჩანს. 

თქვენ თუ ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ, ძალიან არასწორი შთაბეჭდილება შეგქმნიათ. სტრატეგიული დოკუმენტები არის ამ პროგრამის მხოლოდ ერთ-ერთ ნაწილი. ქალაქს უნდა ჰქონდეს თავისი განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, შშმ პირების ქალაქის ცხოვრებაში უკეთესად ინტეგრაციის, დასაქმების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციის პოლიტიკა. ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტები, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქალაქმა იმოძრაოს და განახორციელოს კონკრეტული პროგრამები. თუკი ეს სტრატეგიული დოკუმენტები არ იქნება, მაშინ ტყუილი იქნება საუბარი იმაზე, თუ რომელ პროგრამას როგორ განვახორციელებთ და რამდენად ეფექტურია ეს პროგრამები. პოლიტიკური დოკუმენტები არის გარკვეულ დროში დასახული მიზნები, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდა. თითოეული პროგრამა არის პასუხი ამ მიზნებზე. ძალიან ადვილია შემდეგ იმის განსაზღვრა, რამდენად სწორად მიდის მერია ამა თუ იმ მიმართულებით. შექმნა პოლიტიკური დოკუმენტი, არის პირველი და აუცილებელი პირობა მერიის ეფექტური მუშაობისთვის.

თქვენი ხედვა არ ჩანს ამ პროგრამაში. 

რა თქმა უნდა, არ ჩანს, რადგან ეს არის, პირველ რიგში, შემოკლებული ვერსია და თითოეული ამ თემის გაშლა გამოიწვევდა ძალიან ვრცელი ვერსიის მიღებას. ჩვენ დეტალებზე ვესაუბრებით ამომრჩევლებს. არის აქ კიდევ მეორე მომენტი: მაგალითად, განათლების პოლიტიკას მე, ლაშა კომახიძე ვერ შევქმნი იმიტომ, რომ არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი. ეს ჩემი მხრიდან იქნებოდა დაუსაბუთებელი…

ურბანულ პოლიტიკაზე გვითხარით, რაც აქტუალური თემაა ბათუმში. 

რაც შეეხება ურბანულ პოლიტიკას, ბათუმის მერია გააგრძელებს კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელებას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს KFW მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვის პროექტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას და ახალი ფაზის დაწყებას. შესაძლებელია ახალი მიმართულებით ახალი პროექტების დაწყება. ასევე ვაპირებ ქალაქმშენებლობის რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრებას.

პროგრამაში გიწერიათ, რომ ამ კუთხით აპირებთ კონკრეტული დადგენილებების გადახედვას. გვითხარით, რის შეცვლას აპირებთ? 

არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ არსებობს საკრებულოს გარკვეული დადგენილებები, რომელიც შესაძლოა ისეთი ეფექტით ვერ მოქმედებს, როგორსაც ვინატრებდით, მაგალითისთვის მოგიყვანთ ხმაურზე დაწესებულ ჯარიმას, რომელიც ხელს არ უშლის ადამიანებს ღამის 11 საათის შემდეგაც გაისროლონ ფოიერვერკები, იმოძრაონ მოტოსაშუალებებით, რომელსაც არა აქვს მაყუჩი. სავარაუდოდ, დაწესებული ჯარიმა არ არის ეფექტური. ასეთი ტიპის დადგენილებების გადახედვას ვაპირებთ ნამდვილად. ვფიქრობ, რეგულაცია და დადგენილება თავისი შინაარსით უნდა იყოს ეფექტური.

მშენებლობების კუთხით დადგენილი რომელი რეგულაცია შეიძლება შეიცვალოს?  

ამ ეტაპზე შევიკავებ თავს. ვფიქრობ, ეს არის გაცილებით უფრო ღრმა და სპეციალისტებთან ერთად უფრო დეტალური შესწავლის საგანი. მე მაქვს ამ ეტაპზე ჩემი გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ არ მინდა წინასწარ ამის გაჟღერება…

არ ფიქრობთ, რომ თქვენი შეხედულებების გამო უნდა აგირჩიოთ მოსახლეობამ?

მე ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომელსაც აქვს ყველაზე კონკრეტული და დეტალური საარჩევნო პროგრამა. ამას მე ვახმოვანებ ჩემი შეხვედრების დროს მოსახლეობასთან, ათი ათასზე მეტ ადამიანს შევხვდი ამ დღეების განმავლობაში, ჩავატარე 100-ზე მეტი შეხვედრა…

ზოგიერთ შეხვედრაზე უმეტესობა ბავშვია. თქვენს ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ასე ჩანს.

ბავშვები ყოველთვის გამოდიან შეხვედრაზე, არასწორი შთაბეჭდილება გაქვთ, მე შევხდი ათი ათასზე მეტ ამომრჩეველს… კი, ბევრი ბავშვია, რადგან მე ძალიან მიყვარს ბავშვებთან ერთად სურათების გადაღება. ამომრჩეველს უხარია და გამოდის შეხვედრაზე ბავშვებთან ერთად. ბავშვები, როგორც წესი, ხშირად სთხოვენ ხოლმე მერობის კანდიდატს ატრაქციონის მოწყობას, სტადიონს და ასე შემდეგ. ყოველი ჩემი შეხვედრა არის პარტიის მიერ ვიდოეზე გადაღებული და დასურათებული. შეიძლება ასკაციან შეხვედრაზე სადღაც 10-15 ბავშვი არის.

lasha 1

ლაშა კომახიძის წინასაარჩევნო შეხვედრა ამომრჩეველთან/ ფოტო ლაშა კომახიძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

პროგრამას დავუბრუნდეთ. ეს პროგრამა იმიტომ ხომ არ გაასაჯაროეთ, რომ მასში კონკრეტულს ამომრჩეველი ვერაფერს ნახავს?

პირიქით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი პროგრამა არის ყველაზე კონკრეტული, დეტალური… არ ვიცი თქვენ რამდენად სწორად კითხულობთ იმ პროგრამას, რომელიც შემოგთავაზეთ. მართალია, მე შემოგთავაზეთ შემოკლებული ვარიანტი. იმიტომ არ გავასაჯაროვე, რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მუშაობის პროცესშია, ის იხვეწება ყოველდღიურად ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს. მერად არჩევის შემთხვევაში გარკვეულ პერიოდში მიიღებთ ძალიან სერიოზულ გეგმას განათლების, კულტურის და ყველა მიმართულებით. ცალკეული მიმართულებით დღეს ჩვენი კომპეტენცია არაა საკმარისი. მე ვერ დავწერ, მაგალითად, პოლიტიკურ დოკუმენტს ჯანდაცვაზე.

რა დრო დასჭირდება ამ სტრატეგიული დოკუმენტების შექმნას, მოასწრებთ ამას მერობის სამწლიან პერიოდში?

სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება არ ნიშნავს საკითხების შეჩერებას. ამ დოკუმენტების მომზადების პარალელურად საკითხების მოგვარება გაგრძელდება. თავად დოკუმენტების შემუშავებას დასჭირდება სადღაც სამი-ოთხი თვე. შესაძლოა ხუთიც დასჭირდეს, ეს იმაზეა დამოკიდებულია, რაც სამუშაო პროცესში გამოვლინდება.

რა წერია, მაგალითად, თქვენს პროგრამაში k2-ზე, რაც ნიშნავს მშენებლობებზე განსაკუთრებული სიმაღლის დაშვებას. 

მომავალი მერი აპირებს ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის დადებას, ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დასვამს ყველა წერტილს k-2-ზე, თუ სხვადასხვა კითხვის ნიშანთან დაკავშირებით. ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა იქნება სახელმძღვანელო, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ინვესტორებისთვის, თუ სად რა, როგორ აშენდება, რა სიმაღლეები იქნება ნებადართული.

თქვენი დამოკიდებულება როგორია – k2-ზე – რეკომენდაცია ისევ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გასცეს, თუ მუნიციპალიტეტმა? 

მე ვფიქრობ, k2-ის თემა საერთოდ უნდა მოიხსნას გენერალური გეგმის საფუძველზე. თუკი ქალაქს ექნება განვითარების გენერალური გეგმა, თქვენს დონეზე, ჩვეულებრივი მოქალაქეების დონეზე, ესეთი განსაზღვრება გაქრება, რადგან იმ გენერალურ გეგმაში იქნება გათვალისწინებული ყოველი k – ერთი, k – ორი და k – სამიც.

ვისი ბრალია, რომ ბათუმის გენერალური გეგმა დღემდე არ გვაქვს? ეს დაპირება თქვენს წინამორბედსაც ჰქონდა სამი წლის წინ.

ნამდვილად არ ვაპირებ შეფასებები გავაკეთო ახლა იმაზე, რა იყო ადრე გაცემული, რა – არ იყო.  მე ვიცი, რას ვაკეთებ მე.

გეკითხებით თქვენს პოლიტიკურ გუნდზე, რომლის მერობის კანდიდატიც ხართ და რომელმაც ეს დაპირება არ შეასრულა.

აღმასრულებელი ხელისუფლება განახლდა აჭარაში წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის წინ. განახლებულ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მოვედი მე ამ გუნდში. ჩვენი მოსვლის პირველი დღიდან დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სასწრაფოდ ქალაქში დაწყებულიყო გენერალური გეგმის გაკეთება. სწორედ USAID-ის დახმარებით შეიქმნა გენერალური გეგმის ტექნიკური დავალება. ბათუმის მერიამ უკვე აღწერა კულტურული და ისტორიული ძეგლები, ანუ ერთ ადგილზე ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ მდგარა. ეს სერიოზული წინასამუშაო უკვე ჩატარებულია. მე არ მომიწევს სამუშაოს დაწყება ნულიდან.

სამი წელი არ იყო საკმარისი გენერალური გეგმის მისაღებად?

ალბათ საჭიროა ამ საკითხზე დაელაპარაკოთ მოქმედ მერს, რა იყო ამის მიზეზი, რომ ადრე არ გამოცხადდა. თუმცა ის, რომ ტექნიკური დავალება არის, რომ საქმის წარმოებაც დასრულებულია ფაქტობრივად… ეს სამუშაო ხომ არ გგონიათ თქვენ, რომ ორ დღეზე, ან ორ თვეზე მთავრდება?  ეს სამუშაო არის გრძელვადიანი.

პროგრამაში გიწერიათ: „ქალაქ ბათუმის მერია ცენტრალური ხელისუფლების, ქალაქის მოსახლეობის და მერიის სამსახურების მაღალი ჩართულობით მოამზადებს ქალაქის ფუნქციონალური დატვირთვის გრძელვადიან ხედვას. ეს ხედვა დაფუძნებული იქნება ქალაქ ბათუმის როლის სწორად განსაზღვრაში ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ფონზე“. ანუ ბათუმის ფუნქცია ხელახლა უნდა განისაზღვროს? 

იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რა არის ქალაქის ფუნქცია, რა არის მისი დატვირთვა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკური, თუ სოციალურ და მეორე – რეგიონალურ ჭრილში. ეს არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრებში, არამედ იმ ქვეყნების საზღვრებში, რომლებიც საქართველოს გარს აკრავს, რადგან ბათუმის გავლენა ვრცელდება, როგორც თურქეთზე, ასევე აზერბაიჯანზე, სომხეთზე, უკრაინაზე. მისი გავლენა, როგორც ტურისტული ქალაქის და ეკონომიკური ცენტრის ვრცელდება სხვა რეგიონებზეც. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დავინახოთ რა ფუნქციები შესაძლოა ჰქონდეს ბათუმს აი ამ ჭრილში. ამ საკითხის გადაწყვეტა მიგვიყვანს ჩვენ ახალი, მაპროფილირებელი დარგების გამოვლენაში. რაც მთავარია, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს ქალაქს მივცეთ ახალი, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროფილი. დღეს ბათუმი, ძირითადად, არის მონოფუნქციური ქალაქი, რომელიც არის ტურისტული განვითარების. თუკი თქვენ გადაშლით ურბანული განვითარების საფუძვლებს, ქალაქწარმომქმნელი სისტემების საფუძვლებს, ნახავთ, რომ ქალაქი მონოფუნქციით დაახლოებით უფუნქციო ქალაქის ტოლფასია.

ჩემი აზრით, ბათუმში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი მრეწველობა, რომელიც კარგად თანაცხოვრობს ტურიზმთან,. სწორედ ამ ფუნქციების შემატებისთვის არის ჩემი პროექტი, რომელსაც მე ვეძახი საწარმოო ზოლის შექმნას. ჩვენ ვაპირებთ ქალაქის განაპირა ადგილებში, ძირითადად ეს შეიძლება იყოს ხელვაჩაური და განთიადი, მოეწყოს სამრეწველო ზონები.

რა კუთხით დაეხმარება მერია მეწარმეებს?

პირველ რიგში, ჩვენ მათ მივცემთ იაფ საწარმოო ადგილს იჯარის თვალსაზრისით. საწარმოო ადგილების მოწყობა არის სპეციფიკური. საწარმოო ადგილს სჭირდება შესაბამისი ელექტრო მომარაგება, ნარჩენების კანალიზაცია და ასე შემდეგ. ჩვენ მოვამზადებთ ამ ზონას და შევთავაზებთ მეწარმეებს. მათ ასევე გავუწევთ კონსულტაციებს, როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი. რეალურად მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს. მსხვილი ბიზნესი ერთხელ რომ დაკომპლექტდება, მერე მორჩა. მცირე მეწარმე კი თანდათან ვითარდება და ასაქმებს ადამიანებს.

ვინ დააფინანსებს საწარმოების გახსნას?

ცენტრალურ მთავრობას აქვს ძალიან კარგი პროგრამები, რაც ითვალისწინებს საგრანტო დახმარებას, ასევე იაფფასიან კრედიტებს, იგივე „აწარმოე საქართველოში“. ჯამში ეს შესანიშნავი დახმარება გამოვა მეწარმეობის განვითარებისთვის. ჩვენ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ დამწყებ ბიზნესს. ბუნებრივია, ამაში რისკები არსებობს, მაგრამ მე მაქვს რისკების მართვის გამოცდილება. ეს გამოცდილება მაშინ დავაგროვე, როცა ვახორციელებდი გაეროს განვითარების პროგრამაში მსგავს პროგრამებს. ახლა მინდა ეს ცოდნა გამოვიყენო მერიაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: