მთავარი,სიახლეები

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – გამოფენის ორგანიზატორებს მერია დაჯარიმებით პასუხობს

20.10.2017 • 3542
„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – გამოფენის ორგანიზატორებს მერია დაჯარიმებით პასუხობს

„ბატონო შოთა, ოქმი მოგივათ სახლში და თქვენ შეგიძლიათ მერე სასამართლოს ედაოთ,“ – უთხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა, თენგიზ მესხიძემ, საზოგადოება „ბათომის“ წევრს შოთა გუჯაბიძეს. შოთა გუჯაბიძე დღეს, 20 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართული ფოტოგამოფენის ინიციატორია.

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“- ასე ჰქვია გამოფენას და ის ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკას ასახავს.

გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს.  მე-19 საუკუნის ბოლოს,  როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ახლანდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც ქალაქში არაერთი ისტორიული შენობა დაინგრა.

მას შემდეგ, რაც საგამოფენოდ წარმოდგენილი ფოტოები ერას მოედანზე გამოფინეს, გამოფენაზე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ და აქციის ორგანიზატორებს დაჯარიმებით დაემუქრნენ.

„ამას [გამოფენას] უნდა შეთანხმება, მერიაში ნებართვა უნდა აიღო, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაა.  მიდი, აიღე ნებართვა და რაც გინდა გამოაკარი. ადმინისტრაციულ აქტს დავუწერთ. გავგზავნით სასამართლოში და მერე სასამართლო იმსჯელებს, რა თანხით დაჯარიმდებიან. სარეცხივითაა გაკიდული, ლამაზიც არაა,“ – უპასუხა  ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებს“ კითხვაზე, თუ რატომ აჯარიმებდა გამოფენის ორგანიზატორებს.

IMG_0014

ბათუმის ზედამხედველობის თანამშრომლის, თენგიზ მესხიძის მტკიცებით, გამოფენა „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ ქალაქის იერსახეს ამახინჯებს

„გამოხატვის ეს ნაწილი, რასაც მიმართეს გამოფენის ორგანიზატორებმა, აბსოლუტურად ჯდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ჩარჩოებში და გამოხატვის თავისუფლება არის  აბსოლუტურად დაცული კონსტიტუციით. და როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა განაცხადა დღეს, არ შეესაბამება არც ერთი კანონის მოთხოვნას. პირიქით, მათი განმარტება არის უკანონო.  საზოგადოებას, ადამიანებს შეუზღუდო გამოხატვის  თავისუფლება იმის დასაბუთებით, რომ თურმე იერსახეს ამახინჯებს, არ არის სწორი. ეს ფორმა [გამოფენის] არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი. ოქმი, რომლის შედგენასაც ფიქრობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, ვერ იქნება კანონიერი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი ხიმშიაშვილმა, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა.

 

გიორგი ხიმშიაშვილი

გიორგი ხიმშიაშვილი

„როგორც კი პლაკატების გაკვრა დასრულდა, დაახლოებით ათ წუთში გამოჩნდნენ მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები და თქვეს, რომ საზოგადოებრივ მიმოსვლას აფერხებს ეს აქცია და ამისთვის ნებართვა გჭირდებოდათო. ჩვენ ვეუბნებოდით, მოიყვანეთ კონკრეტული მოქალაქეები, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. რა თქმა უნდა, ასეთი მოქალაქეები არ იყვნენ და მერე თქვეს, რომ  იერსახეს აზიანებს. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს იყო  დროებითი ღონისძიება და ერთი საათის შემდგომ ისედაც დასრულდებოდა გამოფენა. ასე, რომ ვერ დაარღვევდა იერსახეს. ვერაფერს ვერ გააფუჭებდა ეს აქცია, გარდა იმისა, რომ ინფორმაციის მიწოდება იყო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამ დროს უკვე მათი მხრიდან დაიწყო პოლიტიკური კონტექსტის განცხადებები, რაც იყო აბსოლუტურად აღმაშფოთებელი, იმიტომ, რომ მერიის ერთ-ერთი სამსახურის წარმომადგენელი მოგვმართავდა სიტყვებით – „სად იყავით ნაციონალური მოძრაობის დროს“. პირადად მე არაერთხელ მომმართა ასე.  ნაციონალური მოძრაობის დროს ვიჯექი ეთერში და ვაპროტესტებდით იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა. ამ შემთხვევაში პრობლემა ის კი არ არის, მე სად ვიყავი ან სხვა სად იყო, პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს აკეთებს რიგითი საჯარო მოხელე, ესაა მიუღებელი,“ – ამბობს მოქალაქე ნათია ზოიძე, რომელიც გამოფენას ესწრებოდა.

საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელის, ნინო ინაიშვილის თქმით, უცნაურია ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეაქცია.

„თვითონ დაამახინჯეს ქალაქი, დაანგრიეს, რომელსაც ვეღარ აღადგენ და ეს არ არის დარღვევა? ჩემი აზრით, ასეთი მკვეთრი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ არჩევნები მოდის და არ სიამოვნებთ იმის შეხსენება, რომ ის ტრადიცია, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის კუთხით, ამათ გააგრძელეს. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო – გაფრთხილება ახალი ხელისუფლების მიმართ, ვინც მოვა. გამოფენით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ეს სისტემა არის დასანგრევი და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პოლიტიკა შესაცვლელია“.

გამოფენა "ერმაკოვიდან ერმაკოვამდე" - კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში

გამოფენა “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში

 

გამოფენა "ერმაკოვიდან ერმაკოვამდე" - კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში

გამოფენა “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში

 

გამოფენა "ერმაკოვიდან ერმაკოვამდე" - კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში

გამოფენა “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში

 

გამოფენა "ერმაკოვიდან ერმაკოვამდე" - კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში

გამოფენა “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში

გადაბეჭდვის წესი