მთავარი,სიახლეები

„გონივრული ურბანიზმის თეორია“ ხელოვნების უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციაზე

19.10.2017 • 2447
„გონივრული ურბანიზმის თეორია“ ხელოვნების უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციაზე

2017 წლის 19-20 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“ მიმდინარეობს. კონფერენციის მიზანი ხელოვნებისა და კულტურის კვლევების ახალი მიმართულებებისა და მეთოდების გაცნობაა.

კონფერენციის მონაწილეები საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ჰოლანდიის, თურქეთის, ბულგარეთის, ლატვიის, ბელორუსის, უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის, სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები არიან.

კონფერენცია თემატურ სექციებადაა დაყოფილი: ხელოვნებათმცოდნეობა, თეატრთმცოდნეობა, კინომცოდნეობა, მუსიკათმცოდნეობა, ქორეოლოგია და კულტურა და მედია. მოხსენებებს კონფერენციაზე 99 ქართველი და უცხოელი მკვლევარი კითხულობს.

ხელოვნებათმცოდნეობის სექციაში სხვა მოხსენებებთან ერთად დღეს უნდა წარმოედგინათ თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ნინო ბუღაძის მოხსენება „გონივრული ურბანიზმი – თეორია და პრაქტიკა“. მეცნიერმა კონფერენციაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო, თუმცა ნინო ბუღაძის ეს ნაშრომი ურბანიზმის საკითხებზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ სამეცნიერო კვლევების კრებულში სრულად შევიდა.

„გონივრული ურბანიზმი“ (Intelligent Urbanism) ურბანული განვითარების სხვა თეორიებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორიაა, რომელიც თანამედროვე არქიტექტორთა საერთაშორისო კონგრესმა (SIAM) ჩამოაყალიბა. თეორია ემყარება ურბანული დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების შეთანხმებას სხვადასხვა საჭიროებათა თუ პრობლემათა გადაწყვეტას ადამიანისთვის კომფორტული და ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად.

თეორია 10 ძირითად პრინციპს მოიცავს და ჰარვარდის უნივერსიტეტის ურბანული დიზაინის დეპარტამენტის მიერაა შემუშავებული.

ბალანსის დაცვა ბუნებასთან – პირველი პრინციპის მიხედვით ურბანიზაცია ბუნებასთან ჰარმონიაში თანაცხოვრება და ბალანსია და არავითარ შემთხვევაში ამ ბალანსის დარღვევა. დარღვევაში იგულისხმება მწვანე საფარის შემცირება,  ნიადაგის ეროზია, მიწისქვეშა წყლების განადგურება, წყალდიდობების გახშირება, ეკოსისტემის დაზიანება-განადგურება და ა.შ. უნდა მოვძებნოთ და დავიცვათ ზღვარი, რომლის იქითაც ნადგურდება სასიცოცხლო გარემო არამარტო ფლორის და ფაუნის, არამედ ადამიანისთვისაც.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – სიახლეებმა არ უნდა გააქროს და შთანთქას კულტურის ტრადიციული, იკონოგრაფიული ნიშნები, სიმბოლოები, ფორმები და ცხოვრების წესი. უნდა შენარჩუნდეს მთლიანად გარემო, რომელშიც აქ მცხოვრები ადამიანები ისტორიულად ჩამოყალიბებულ ცხოვრების წესს მისდევენ. მნიშვნელოვანია ტრადიციასთან ბალანსის დაცვა, რაც არა მარტო ცალკეული არქიტექტურული ძეგლების შენარჩუნებასა და რესტავრაცია-კონსერვაციას გულისხმობს, არამედ ტრადიციული, დამახასიათებელი სივრცითი სტრუქტურების, ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული სივრცეების მხატვრული სახის შენარჩუნებასაც.

შესაბამისი, ადექვატური, ეკოლოგიურად მიზანშეწონილი ტექნოლოგიების შერჩევა-გამოყენება – მესამე პრინციპი სამშენებლო მასალებს, მშენებლობის ტექნიკას, მშენებლობის ადგილობრივ ტრადიციებს, ინფრასტრუქტურულ სისტემებსა და მენეჯმენტს ეხება. ეკოლოგიურად მიზანშეწონილი ტექნოლოგიები გულისხმობს ადგილობრივ პირობებთან ბუნებრივად შესაბამის სამშენებლო მასალებს, კონსტრუქციებს.

მეგობრულობა (Conviviality) – მეგობრულობის პრინციპი სოციალურ ასპექტებს მოიცავს. „გონივრული ურბანიზმის თეორიის“ შემქმნელთა აზრით ქალაქის ურბანულ სივრცეში ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებული საჭიროება აქვს და საბოლოოდ, ერთად აღებული ყველა ჯგუფი სოციალურ სისტემას ქმნის. ადამიანთა შორის ცოცხალი კავშირის, ურთიერთობებს და ამისთვის განკუთვნილ საგანგებო ადგილებს არა ვირტუალურ, არამედ რეალურ გარემოში ისინი დიდ მნიშვნელობა ანიჭებენ. თეორიის მიხედვით, ძლიერი საზოგადოება ისტერაქციულ, სოციალურ ჩართულობას გულისხმობს და საკუთარ წევრებს შეკრებისა და შეხვედრების მრავალრიცხოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

ეფექტურობა – პრინციპი ქალაქის ყველა სისტემის ეფექტურად გამართვას, ინფრასტრუქტურის მოქნილობასა და ქმედითობას გულისხმობს. ეფექტურობის პრინციპი ხელს უწყობს ბალანსის დაცვას კომფორტსა და ენერგეტიკული რესურსების მოხმარებას. ამ პრინციპის ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავი ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული პრობლემებია: პარკირება, შემოვლითი გზები, გზაჯვარედინები, მოძრაობის მოწესრიგება და ა.შ.

ადამიანური მასშტაბი (Human Scale) – მეექვსე პრინციპის მიხედვით ყველაფრის საზომი ადამიანი უნდა იყოს და ურბანული სივრცის ყველა სფეროში ადამიანური მასშტაბი უნდა იყოს შენარჩუნებული. პრინციპი უზრუნველყოფს „ადამიანური განზომილების“ შეტანას თანამედროვე ურბანულ სივრცეში და ამით ადამიანისთვის კომფორტული, ფსიქოლოგიური ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს შექმნას.

შესაძლებლობათა მატრიცა – ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც ურბანულ გეგმას განიხილავს არა მხოლოდ როგორც ფიზიკურ, არამედ სოციალურსა და ეკონომიკურ გეგმას, შესაძლებლობათა სისტემას. ქალაქი პირადი, სოციალური და ეკონომიკური განვითარების სივრცეს ქმნის და ადამიანს დასაქმების, ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის, განათლებისა და დასვენების მრავალ ვარიანტს სთავაზობს.

რეგიონული ინტეგრაცია – გულისხმობს ქალაქს, როგორც დიდ სოციალურ, ეკონომიკურ, გეოგრაფიულ ორგანიზმს და მოიაზრებს მას მთელი რეგიონის ნაწილად. ქალაქი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული რეგიონებთან, რაც მისივე მდგრადობისთვისაა აუცილებელი.

დაბალანსებული მოძრაობა – გონივრული ურბანიზმი ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც შედის ტროტუარები ფეხით მოსიარულეებისთვის, ბილიკები ველოსიპედისტებისთვის, საავტომობილო გზები, რკინიგზის ხაზები, მეტრო, გვირაბები. ძვირადღირებული სატრანსპორტო კომუნიკაციები თავმოყრილი უნდა იყოს სატრანსპორტო კვანძებში, რომლებიც საჯარო სივრცედ იქცევა და სადაც ძალზე მჭიდრო მრავალფუნქციური უბნები წარმოიქმნება ფეხით მოსიარულეთა მოსახერხებელი გადაადგილების სისტემით.

ინსტიტუციური ერთიანობა – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ კომპეტენტური და ანგარიშვალდებული მმართველობის შემთხვევაში. ამ პრინციპის ეფექტურად განხორციელების აუცილებელი პირობაა ის, რომ თვითმმართველობა უნდა მუშაობდეს მკაცრ და რაციონალურ ინსტიტუციონალურ ფარგლებში. ქალაქის განვითარების მმართველმა სისტემამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ყოველი ქალაქისა და მისი რეგიონების განვითარების გეზი. ამ გეზის განსაზღვრაში მმართველ ორგანოებთან ერთად აქტიურად უნდა იყოს ჩართული მოსახლეობა. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობა.

კონფერენციას  – „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“ აფინანსებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის – კონფერენციის ორგანიზების ფარგლებში.

DSC_2496DSC_2492DSC_2491DSC_2484

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: