სიახლეები

ჯემალ ფუტკარაძე: არ ველოდი ფრაქციის ასეთ უგუნურ გადაწყვეტილებას

07.03.2015 • 2537
ჯემალ ფუტკარაძე: არ ველოდი ფრაქციის ასეთ უგუნურ გადაწყვეტილებას

 

ჯემალ ფუტკარაძე
ჯემალ ფუტკარაძე

ჯემალ ფუტკარაძის თქმით, ის არ იყო ინფორმირებული ფრაქციის სხდომის  შესახებ და კომენტარი, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებთან გააკეთა იმის შესახებ, რომ ისინი ცდილობდნენ ჯემალ ფუტკარაძესთან ტელეფონით დაკავშირებას, სიმართლეს არ შეესაბამება.  


”2015 წლის 20 თებერვლის, ანუ მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს ორმა წევრმა ფრაქციისგან განსხვავებული პოზიცია დავაფიქსირეთ, მქონდა სურვილი, რომ შევხვედროდი ფრაქციას, მაგრამ ფრაქციის წევრებმა არ ისურვეს ჩემთან შეხვედრა. მათ არ სურდათ ჩემთან და ქალბატონ სვეტლანა კუდბასთან საუბარი იმის შესახებ, თუ რატომ მივიღეთ ჩვენ ის გადაწყვეტილება და დღეს მე ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ ფრაქციიდან გამრიცხეს, თან ისე, რომ არც მიმიწვიეს ფრაქციის სხდომაზე”, – ამბობს ჯემალ ფუტკარაძე. 

 

გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ვიზიტისას ფრაქციის წევრებს შეხვდა. ჯემალ ფუტკარაძის თქმით, პრემიერი მას და სვეტლანა კუდბას ცალკე ესაუბრა: ”ის, რომ მე და ქალბატონი სვეტლანა ფრაქციიდან იზოლირებული ვიყავით, იქედანაც გამოჩნდა, რომ პრემიერი, აჭარის მთავრობასთან ერთად გუშინ ”ქართული ოცნების” ფრაქციის წევრებს ორი წევრის (ჩემი და ქალბატონი სვეტლანას) გამოკლებით შეხვდა. ამის შემდეგ, პრემიერმა გამოთქვა სურვილი ჩვენთან შეხვედრისა. შევხვდით, გვქონდა კიდევ ერთი გულახდილი საუბარი, კიდევ ერთხელ დავაფიქსირე პოზიცია, თუ რატომ მივიღე ის გადაწყვეტილებები 20 თებერვლის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. მინდა გითხრათ, ნამდვილად არ მოველოდი, პრემიერ-მინისტრთან ჩვენი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, დღეს, ”ქართული ოცნების” ფრაქციის ასეთ უგნურ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს დიდი დანაკლისი იქნება ამ ფრაქციისთვის და მე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის რანგში გავაგრძელებ იმ ღირებულებებისა და ოცნებების ასრულებას, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში შევპირდი რეგიონის მოსახლეობას”.

 

კითხვაზე, რატომ რჩება სვეტლანა კუდბა ფრაქციაში? – კუდბა პასუხობს, რომ ასე თვითონ ფრაქციამ გადაწყვიტა და რომ ერთადერთი, რისი თქმაც ამ თემასთან დაკავშირებით შეუძლია არის ის, რომ ის, ჯემალ ფუტკარაძის ფრაქციიდან გარიცხვის წინააღმდეგი იყო. ”დღეს ფრაქცია ბატონი ჯემალ ფუტკარაძის გარიცხვის თაობაზე შეიკრიბა. მე პირადად ვიყავი მისი გარიცხვის წინააღმდეგი, მერაბ აბაშიძემ თავი შეიკავა და ოთხი დეპუტატი იყო ბატონი ჯემალის გარიცხვის მომხრე”, – უთხრა „ბათუმელებს“ სვეტლანა კუდბამ.

 

ჯემალ ფუტკარაძის თქმით, სვეტლანა კუდბა და ”ქართული ოცნების” ფრაქცია ერთმანეთს მალე გაემიჯნება – ”სვეტლანა კუდბა დღესაც წავიდა ფრაქციის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას ფრაქციისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც თუ ისე დიდი დრო დასჭირდება ფრაქციასაც და ქალბატონ სვეტლანასაც, რომ ისინი ერთმანეთს გაემიჯნონ”. 

გადაბეჭდვის წესი