მთავარი,სიახლეები

მეწარმის ღია წერილი ზურაბ პატარაძეს

19.10.2017 • 2023
მეწარმის ღია წერილი ზურაბ პატარაძეს

დავით გურგენიძე, ინდმეწარმე

ბატონო ზურაბ, მე ბათუმის ერთ-ერთი რიგითი მცხოვრები ვარ. ბოლო ხუთი წელია დილა იმით იწყება, რომ მივდივარ ჩემს სამუშაო ადგილზე – ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის 371-ში, სადაც მცირე ზომის ავტომანქანების შესაკეთებელი საამქრო მაქვს. ჩემ შვილთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად ჯერ კიდევ ვმუშაობ. ცხადია, ბიუჯეტის სასარგებლოდ ვიხდიდი გადასახადებსაც.

ამ ტერიტორიაზე ჩემს გარდა კიდევ 6 ინდივიდუალური მეწარმე საქმიანობს, მთლიანობაში 30 ადამიანი. ჩვენ ყველას ახლა უმუშევრობა გვემუქრება.

საამქრო, სადაც ინდმეწარმე 2012 წლიდან მუშაობს

საამქრო, სადაც ინდმეწარმე 2012 წლიდან მუშაობს

დაახლოებით ერთი წლის წინ არაოფიციალურად გავიგეთ, რომ გზის ამ მონაკვეთზე უნდა გაევლო ავტობანს, ამიტომ მე, პირადად, დავიწყე ზრუნვა ალტერნატიული ფართობის მოძიებაზე. იმის გათვალისიწინებით, რომ ვიცოდი ხელისუფლების [მათ შორის აჭარის ხელისუფლების] გაცხადებული პოლიტიკა ბიზნესის ხელშეწყობაზე [პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს, 1 ლარად ქონების გადაცემა, 10-15 ადამიანის დასაქმების მოტივით ინვესტორებისთვის შეღავათების გაწევა თუ სხვა] დავიწყე ალტერნატიული ფართობის ძებნა. ამ მიზნით მივმართე აჭარის ფინანსთა სამინისტროს, რათა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმატიულ ფასად [და არა 1 ლარად] შემეძინა სახელმწიფო მიწის ნაკვეთი, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აუქციონებთან დაკავშირებით ჩემი სამი მცდელობა მეუბნება, რომ თუ არ გაქვს კავშირები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ეს მცდელობა დროის კარგვაა.

რამდენიმე დღის წინ კი კიდევ ერთი დრამატული შეტყობინება მივიღე, – ახლო მომავალში ჩემი ექვსწევრიანი ოჯახი შევუერთდეთ უმუშევართა დიდ არმიას. საქმე იმაშია, რომ უკვე გაგვაფრთხილეს – სავარაუდოდ, არჩევნებიდან მალევე გზების დეპარტამენტი დაანგრევს იმ 150 კვადრატულ მეტრს შენობას, რომელიც მე იჯარით მაქვს აღებული 2012 წლიდან და სადაც ჩემი საამქროა განთავსებული. ახლა უკვე იმის ფიქრში ვარ, თუ სად შეიძლება გადავიტანო დანადგარები, რომლებშიც არაერთი ათასი დოლარი მაქვს გადახდილი.

საამქრო, სადაც ინდმეწარმე 2012 წლიდან მუშაობს

საამქრო, სადაც ინდმეწარმე 2012 წლიდან მუშაობს

დიახ, მინდა იცოდეთ, რომ აღნიშნული ტერიტორიის ექსპროპრიაციის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ჩემს ბიზნეს საქმიანობას, – საავტომობილო გზის მშენებლობის გამო მომიწევს  იმ საქმიანობის შეწყვეტა, რაც ჩემი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა.  ამასთან, აქ არსებული ჩემი დანადგარების გადატანას საკმაო დრო და ხარჯი სჭირდება.

ვთვლიდი, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მე, როგორც სამეწარმეო სუბიექტს, მეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია საქმიანობის შეწყვეტისათვის. ვფიქრობდი, რომ დეპარტამენტს დაეკისრებოდა  კომპენსაციის გადახდა, ჩემი როგორც, ბიზნეს სუბიექტის მიმართ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნამდვილად არის ვალდებულია კომპენსაცია გადამიხადოს, მიუხედავად იმისა მე მესაკუთრე ვიქნები, მოიჯარე თუ იპოთეკარი, ვინაიდან აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევა არ უნდა განხორციელდეს  მოქალაქის ბიზნესის განადგურების ხარჯზე.

დიახ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის [SLRP III] მიხედვით, სრული უფლება მაქვს მოვითხოვო ჩემი ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტის გამო ფულადი კომპენსაცია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისად ფიქსირებული წმინდა შემოსავლის ოდენობით.

განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის თანახმად  პროექტის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ:

  • დამქირავებლებსა და მოიჯარეებს, განურჩევლად იმისა, რეგისტრირებული არიან თუ არა;
  • პროექტის ზემოქმედებას დაქვემდებარებულ პირებს, რომლებიც კარგავენ ბიზნესს, შემოსავალსა და ხელფასს.

კომპენსაციის ოდენობის დაანგარიშება კი ხორციელდება შემდეგი წესით :

  • ბიზნესის სამუდამოდ დაკარგვის შემთხვევაში, ფულადი ანაზღაურება გაიცემა 1 წლის წმინდა შემოსავლის ოდენობით, საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე.

ამის მიუხედავად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განგვიცხადეს [ზეპირსიტყვიერად], რომ ჩვენ არ ვექვემდებარებით კომპენსირებას. სახელმწიფო უწყებას აქვს შემდეგი არგუმენტი: ჩვენს ხელშეკრულებას მოიჯარესთან ვადა გაუვიდა 2017 წლის 30 სექტემბერს.

საქმე იმაშია, რომ მეიჯარემ 2017 წლის დასაწყისში გვაცნობა, რომ წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ხელშეკრულებას ვერ გაგვიფორმებდა 1 წლის ვადით, რადგან ის საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გააფრთხილეს, რომ ჩვენთან მხოლოდ მოკლევადიანი ხელშეკრულება გაეფორმებინა. შესაბამისად, წელს, პირველ ეტაპზე, ხელშეკრულება მიწის მესაკუთრემ გაგვიფორმა 2017 წლის 1 ივლისამდე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულება გაგვიგრძელა 2017 წლის 30 სექტემბრამდე. ბოლო ვადის ამოწურვის შემდეგ კი გაგვაფრთხილეს, რომ ტერიტორია უნდა დავცალოთ მოთხოვნისთანავე.

ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, მაგრამ რეალურად სხვა მოცემულობა გვაქვს. ჩვენი შეფასებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წინასწარ დაგეგმა, თუ როგორ არ გადაეხადა ჩვენთვის კომპენსაცია, როცა მეიჯარე გააფრთხილა, რომ ჩვენთვის ერთწლიანი ხელშეკრულება არ გაეფორმებინა 2017 წლის დასაწყისში.

ამ ყველაფრის მიუხედავად იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს შემთხვევაში ადგილი აქვს გაუგებრობას. არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო სიკეთეებით/პროგრამებით სარგებლობენ მხოლოდ პრივილეგირებული ჯგუფები. არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა არის არა მოქალაქეების გაღარიბება, რომლებიც შემდეგ შემწეობის რიგებში დგებიან, არამედ საქმე გვაქვს ცალკეული ჩინოვნიკის გულგრილობასთან. სწორედ ამ განწყობით მოგმართავთ საჯაროდ და გთხოვთ, იქნება გამონახოს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი ჩვენთვისაც. არა, მიწას არ ვითხოვთ 1 ლარად, მზად ვართ ამ მიწაში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნორმატიული ფასი გადავიხადო.

2017 წელი, 19 ოქტომბერი

საამქრო, სადაც ინდმეწარმე 2012 წლიდან მუშაობს

საამქრო, სადაც ინდმეწარმე 2012 წლიდან მუშაობს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: