მთავარი,სიახლეები

საქართველოში განქორწინება და ოჯახში ძალადობის შემთხვევები იზრდება

19.10.2017 • 2683
საქართველოში განქორწინება და ოჯახში ძალადობის  შემთხვევები იზრდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განქორწინების რიცხვი 2016 წელს, წინა წელთან შედარებით,  427-ით გაიზარდა. 2017 წლის ექვსი თვის მონაცემების მიხედვით კი,  საქართველოში 10 680  ქორწინება და 5 031  განქორწინება დარეგისტრირდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის სოფი მენაბდიშვილის თქმით, განქორწინების ძირითად მიზეზად ოჯახში ძალადობის შემთხვევები, მეორე ადგილზე კი ღალატი სახელდება.

„ერთ-ერთი საქმე რომელსაც განვიხილავდი, შეეხებოდა ქონებრივ დავას. თუმცა, ეს დავა გაჩნდა ღალატის შემდეგ. არის სიტუაციები როცა ქალი, გარკვეული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით არ ანგრევს ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ არ გრძნობს თავს ბედნიერად. თუმცა წლების შემდეგ, ქალები მაინც ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას.

ჩვენს შემთხვევაში წყვილები იყვნენ საკმაოდ ასაკოვანი, ღალატი კი გრძელდებოდა 15-20 წლის თანაცხოვრების პერიოდში. ცოლმა მოითხოვა ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, თუმცა მამაკაცს არ უნდოდა განქორწინება, რადგან სადაო ქონება დაახლოებით 5 მილიონად იყო შეფასებული“ – გვეუბნება სოფი მენაბდიშვილი.

ბოლო ხუთი საქმიდან, როგორც სოფი მენაბდიშვილი ამბობს, სამი  ღალატის ნიადაგზე განქორწინებას შეეხებოდა, ორი კი ოჯახში ძალადობას. განქორწინების ინიციატორები, როგორც იურისტი ამბობს, ყველა შემთხვევაში ქალები იყვნენ.

შსს სამინისტროს მონაცემებით, განქორწინებებთან ერთად იზრდება ოჯახში ძალადობის შემთხვევებიც. ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი 279-ით გაიზარდა 2016 წელს. ეს მაჩვენებელი თითქმის შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც.

2017 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით კი, სასამართლო შემაკავებელი ორდერი 2715-ჯერ გამოიწერა, 2016 წლის მონაცემებით კი – 2 877-ჯერ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: