მთავარი,სიახლეები

ვინ ვის წაართმევს ამომრჩეველს

19.10.2017 • 1528
ვინ ვის წაართმევს ამომრჩეველს

პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილები ერთმანეთს რომ ძალიან ჰგავს, ეს ამ არჩევნებზეც ბევრმა აღნიშნა. მსგავსების მიუხედავად, რით ახერხებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებას და რამდენად უნდა ველოდოთ ელექტორატის გადანაწილებას? – „ბათუმელები“ ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას ესაუბრა.

ბატონო გრიგოლ, რამდენად შესაძლებელია არჩევნებამდე ორი დღით ადრე დავინახოთ ვინ ვის წაართმევს ამომრჩეველს? 

ბუნებრივია, არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და ზუსტ გათვლას ვერ ვიტყვით, მაგრამ პრინციპი ვიცით. პრინციპი არის ის, რომ ისევ ორ ბანაკად არის დაყოფილი მთელი პოლიტიკური სპექტრი და წყალგამყოფი ხაზი ისევ გადის დასავლეთზე. ერთის მხრივ, ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ – ტრაგედიაა. პოლიტიკაში რეალურად უნდა იყოს დისკურსი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, მაგალითად, ვის როგორი ეკონომიკური ფილოსოფია აქვს, სოციალური პოლიტიკა, როგორ უნდა მოეწყოს განათლების სისტემა, რა ტიპის სოციალური დაცულობა გვჭირდება და ასე შემდეგ. მე რასაც ვაკვირდები, ამ კუთხით წინსვლა გვაქვს, ამაზე საუბრობენ კანდიდატები, მაგრამ ყველა ერთმანეთს ჰგავს და მივდივართ წინ, ასე ვთქვათ, კუს ნაბიჯებით. ისევ არსებობს რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველაფერს პირიქით – დასავლეთს აბრალებს და ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში,  ამ პარტიებს აქაც აქვთ პოპულისტური გზავნილები. ევროპის ქვეყნებშიც ასეა: პოპულისტური პარტიები, ძირითადად, საუბრობენ კულტურულ იდენტობაზე, ერის გადარჩენაზე და არა იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს, მაგალითად, სოციალური მდგომარეობა.

რა ხდება ე.წ. დასავლურ ბანაკში, რა შეიცვალა? 

ყველა პარტია, როგორც აღვნიშნე, ერთმანეთს ჰგავს. რიგითი ამომრჩევლისთვის რთულია განსხვავების დანახვა. თუ ამომრჩეველს აინტერესებს პოლიტიკური იდეოლოგია, რთულია ეს იდეოლოგიური განსხვავება იპოვოს. ამიტომაც ამომრჩევლის 60 პროცენტი, ყოველ შემთხვევაში, ნახევარზე მეტი არ დადის არჩევნებზე და ახლაც არ მივა. მათ ამ ეტაპზე არ აქვთ არანაირი პოლიტიკური პოზიცია, რადგან ვერ ხედავენ პოლიტიკურ ძალას, რომელიც რეალურად რაღაცას შეცვლის. მე მესმის მათი, რადგან მართლა ძნელია დაინტერესდე ამ პოლიტიკით, რაც ახლა გვაქვს ქვეყანაში. ეს არის სავალალო მთელი ქვეყნისთვის…

ყველაზე დიდი პროტესტის ფორმა არის დღე არჩევნებზე არმისვლა. ამ ფონზე, თუ პარტიებს შორის პროცენტულ გადანაწილებაზე ვისაუბრებთ, როცა ამომრჩევლის უმრავლესობა არჩევანს არ აკეთებს, კომიკურ სურათს ვიღებთ. უმრავლესობა არის პოლიტიკურად ჩუმი, არ ვიცით, რა სურთ მათ. გავითვალისწინოთ ის, რომ ეს არის პოტენციურად რევოლუციური უმრავლესობა, დღეს ჩუმადაა, მაგრამ 2020 წელს შესაძლოა არ იყოს ჩუმად. თუ ისინი დააფიქსირებენ ერთ რომელიმე პოზიციას, მთელი ახალი მთავრობის ფორმირებას შეძლებენ. ამ „გაჩუმებული ამომრჩევლიდან“ ვინმე თუ წავა არჩევნებზე, გამორიცხული არაა, ხმა მისცეს, მაგალითად, ირმა ინაშვილს…

რატომ ირმა ინაშვილს და არა, მაგალითად, ნინო ბურჯანაძეს? ფიქრობთ, რომ ამ ძალებს, ანუ ე.წ. პრორუსულ ძალებს შორისაც შესაძლებელია გადანაწილდეს ამომრჩეველი? 

კი, რადგან ცალსახად ინაშვილი-თარხან მოურავის ალიანსი ბევრად უფრო აქტიურია ამ არჩევნებზე, ვიდრე ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა. მე რასაც ვისმენ, ზოგან ინაშვილის კანდიდატი ლიდერობს, მაგალითად, ჭიათურაში. ჭიათურაში, სადაც განსაკუთრებულია სოციალური პრობლემები და დაუცველი სამუშაო გარემო, მშენებლების პრობლემა და ასე შემდეგ, გასაგებიცაა, თუ რატომ შეიძლება უჭერდნენ მხარს „პატრიოტთა ალიანსს“. ჭიათურაში მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა გამოიჩინა გულგრილობა და არაფერი გაუკეთებია, რომ მოცემულობა შეცვლილიყო. ამომრჩეველი, ზოგადად, მიდის რადიკალურ პოლიტიკურ ძალასთან პროტესტის გამო.

ბუნებრივია,  ყველა ამომრჩეველს არ სურს რუსეთი და ამის გამო არ მიდის „პატრიოტთა ალიანსთან“, უფრო პროტესტის გამო მიდიან. ზოგადად, პოპულისტური პარტიები დიაგნოზს სწორად სვამენ, მაგრამ ისინი ვერ არიან წარმატებული პოლიტიკაში. მათ არა აქვთ გამოსავალი, როგორ უნდა მოგვარდეს კონკრეტულად ესა თუ ის პრობლემა. მათ მხოლოდ მარტივი მითოლოგიური გზავნილები აქვთ.

რის გამო შეიძლება ჩაანაცვლოს ამომრჩეველმა ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა „პატრიოტთა ალიანსით“?

იმიტომ, რომ შესაძლოა ამომრჩეველმა ჩათვალოს, რომ ალიანსს გამარჯვების მეტი შანსი აქვს. „პატრიოტთა ალიანსს“ ფაქტია, რომ აქვს მეტი რესურსებიც, მაგალითად, ტელევიზია. თუ დააკვირდებით, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტშია, აქვს თავისი ტელევიზია და საინფორმაციო არხი. დღეს ეს წამყვანი ფაქტორია.

ფაქტია ისიც, რომ ჩვენ გვაქვს პერსონალური პოლიტიკა, ანუ ადამიანები ისევ ერთიანდებიან სახეების და არა იდეების ირგვლივ. ვინც ნინო ბურჯანაძის გამო იყო ბურჯანაძესთან, მისი პოლიტიკური განწყობა არ შეიცვლება. შეიცვლება იმ ამომრჩევლის განწყობა, ვისაც, ძირითადად, ბურჯანაძის კურსი მოსწონდა. ეს ამომრჩეველი ხედავს, რომ ნინო ბურჯანაძეს და ირმა ინაშვილს ერთნაირი თუ არა, მსგავსი შეხედულებები აქვთ საგარეო პოლიტიკაზე. ცხადია, ორივეს აქვს მავნებლური და მე ვიტყოდი სამარცხვინო დამოუკიდებულება განსაკუთრებით საგარეო კურსის მიმართ.

ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გაიზარდოს პრორუსული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა?

კი, ამას ველოდები, მაგრამ ეს შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ საკრებულოების დოენზე, ეროვნულ დონეზე – არა. ეროვნულ დონეზე მსგავს პოპულისტურ პარტიებს ისევ შთანთქავენ მთავარი პოლიტიკური ძალები. ვერ ვიტყვი, რომ ეს საშიშია და საფრთხეა. მესმის, რომ მათ აქვთ უაზრო იდეები და დიდი ნაწილი არის მავნებლური, მაგრამ ისინი არანაირ დროს არ იქნებიან გავლენიან დონეებზე. დემოკრატია არის ის, რომ მათ აზრსაც პატივი ვცეთ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: