მთავარი,სიახლეები

მიშენებული აივანი ახალაშენებულ სახლზე – რატომ გასცა მერიამ ნებართვა

19.10.2017 • 7936
მიშენებული აივანი ახალაშენებულ სახლზე – რატომ გასცა მერიამ ნებართვა

ბათუმში, გორგილაძის #94-ში, მოქალაქემ ამხანაგობის წინააღმდეგობის მიუხედავად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აივანი მიაშენა. ახალაშენებულ სახლზე აივნის მიშენების ნებართვა ბათუმის მერიამ მშენებელ კომპანიასთან – „დარ ბილდინგთან“ შეთანხმების გარეშე გასცა. ამის შესახებ არც ამხანაგობამ იცოდა.

გორგილაძის #94-ში ახლახან აშენებულ 21-სართულიან სახლს ერთადერთი მიშენებული აივანი აქვს. მეზობლები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ ამ მიშენებას ეწინააღმდეგებოდნენ, ამიტომ მიშენების კანონიერებით დაინტერესდნენ და ინფორმაცია როგორც ბინის მშენებელ კომპანიასთან, ასევე ბათუმის მერიაში გადაამოწმეს.

„მერიის ზედამხედველობის სამსახურში გავარკვიეთ, რომ მერიამ აივნის მიშენების ნებართვა გასცა ისე, რომ ეს მშენებელ კომპანიასთან არ შეუთანხმებია, თანაც ნებართვა გასცა მოთხოვნიდან ორ დღეში. მშენებლობა ისე დაიწყო, არც მე მქონია ინფორმაცია. ამ საკითხის გასარკვევად განცხადება გვაქვს შეტანილი და რვა დღეა პასუხს ველოდებით“, –  ამბობს თამარ სიხარულიძე, გორგილაძის #94-ის ამხანაგობის თავმჯდომარე.

ბათუმში, გორგილაძის #94 -ში, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, ზღვის ხედით ბინაში მცხოვრებლებმა თითოეულ კვადრატში 600-800 დოლარამდე გადაიხადეს. ისინი მიიჩნევენ, რომ როგორც ბინის მოვლა-დასუფთავება, ასევე მისი იერსახის შენარჩუნება მათი საზრუნავია:

„რამდენჯერმე დაგვიზიანდა ფასადი რემონტის გამო, ვთხოვეთ კომპანიას და აღადგინა. ახლა თუ ერთ მეპატრონეს მიშენების უფლება მისცეს, არ არის გამორიცხული ხვალ სხვამ მოინდომოს. არც ისაა გამორიცხული, რომ ის აივანი ხვალ ოთახის ნაწილი გახდეს და რას დაემსგავსება აქაურობა, რაში გადავიხადეთ ფული?“ – ამბობს თამარ სიხარულიძე.

მოქალაქე, რომელმაც უკვე ექსპლუატაციაში შესულ სახლს აივანი მიაშენა, მეზობლების თქმით, ნატო ბურჯანაძეა, რომელიც თბილისში ცხოვრობს. ისინი ვარაუდობენ, რომ ნატოს ბათუმის მერიაში ახლობლები ჰყავს:

„…სხვანაირად როგორ მიიღებდა ნებართვას? – სხვა მეზობელს ვერანდის მსუბუქი კონსტრუქციით გადახურვა უნდოდა, მიმართა მერიას და უარი უთხრეს. გადახურვა არ შეიძლება და მიშენება შესაძლებელი ყოფილა.“

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აივნის მიშენებაზე ნებართვა მერიამ ნამდვილად გასცა, მშენებლობის პროექტი კი მერიის არქიტექტურის სამსახურში  თავად მრავალბინიანი სახლის პროექტის ავტორმა გოჩა გარუჩავამ წარადგინა.

„…თუ ფასადის კონსტრუქცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აივანი მოემატოს, ან მოაკლდეს, ან რაიმე მოხდეს ისე, რომ ფასადის პრინციპი არ დაირღვეს, მე  მგონი, ეს უნდა იყოს მისაღებია. თუ იქ სხვასაც მოუნდება მიშენება, რა თქმა უნდა, ყოველი შემთხვევა ცალკე უნდა განვიხილოთ. თუ ეს დასაშვები იქნება იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაზეც მე ვსაუბრობდი, ეს შესაძლებელია. რაც შეეხება მშენებელ კომპანიას, მე არ ვუთანხმდები „დარ ბილდინგს“ პეტრეს ან პავლეს, ეს ამხანაგობის გადასაწყვეტია და მეპატრონეების თანახმობა იდო ამ შემთხვევაში, ამხანაგობის თანხმობის გარეშე მერია ნებართვას არ მისცემდა“, – განმარტა პროექტის ავტორმა, გოჩა გარუჩავამ.

მშენებლობები ბათუმში, განსაკუთრებით მიშენება-დაშენების პოლიტიკა ეჭვს იწვევს კორუფციაზე. ამის შესახებ ოგანიზაცია „ბათომმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და თავად ქალაქის მერს ოფიციალურად წერილობით არაერთხელ მიმართა.

კითხვებზე, როგორ მოახერხა მოქალაქემ ექსპლუატაციაში შესულ სახლზე აივნის მიშენების ნებართვის მიღება? – ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი პასუხობს:

„ვის რა ეჭვი უჩნდება მაგაზე, მე ვერ ვიმსჯელებ, როდესაც არქიტექტურის სამსახური გასცემს ნებართვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე განცხადებაც იყო შემოსული, გავეცანი და არქიტექტურის სამსახურსაც ვთხოვე დაზუსტება. ნებისმიერი მიშენებისას ახალაშენებულ სახლზე აივნის ამოყვანა  პროექტის ავტორთან შეთანხმების გარეშე არ ხორციელდება. განცხადებით იყო შემოსული პროექტის ავტორი. თვითონ მისი ნებართვის გარეშე ვერც მიშენებას ვერ დაშენებას, ჩვენ ვერ განვახორციელებთ. თუ ისევ იქნება მომართვა, ისევ არქიტექტურის სამსახური გადაწყვეტს მიზანშეწონილობას. მიშენებაზე ნებართვის გაცემის  წინააღმდეგი ვართ ყოველთვის, გარდა იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ეს შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, თუ პროექტის ავტორი იძლევა მაგაზე თანხმობას. დანარჩენ შემთხვევებში არქიტექტურის სამსახური წყვეტს. გირჩევთ არქიტექტურის სამსახურს ყველა წვრილმანი გამოკითხოთ და მიიღებთ პასუხს.“

არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ კი თავისი პასუხი ასე ჩამოაყალიბა:

„ნებართვის მიმღებმა წარმოადგინა არქიტექტორის განცხადება და საექსპერტო დასკვნა, ვიზუალურად მისაღები იყო და ჩვეულებრივად მიიღო ნებართვა – არანაირი მიღწევა და გავლენები არ არის აქ. თუ სხვაც მოვა ავტორის პროექტით? – გააჩნია როგორი პროექტი იქნება, თუ ჩაჯდება და ვიზუალურ ესთეტიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რა პრობლემაა? – ასეთი აჟიოტაჟი ამ პატარა აივანზე რატომ ატყდა, არ მესმის. ეს არის მხოლოდ ინდივიდუალურად თავის ფართობზე ისეთი აივნის მიშენება, რომელიც არ იწვევს კოეფიციენტის ცვლილებას, ამიტომ ამხანაგობის თანხმობა საჭირო არ იყო.“

„ბათუმელები“ ნატო ბურჯანაძესაც დაუკავშირდა, მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. გვითხრა, რომ ამ საკითხზე ჯერ ოჯახს  გაესაუბრება და შემდეგ დაგვიკავშირდება.

1 (2)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: