მთავარი,სიახლეები

საქართველოს მთავრობამ 1 თვის წინ შექმნილ კომპანიას მწვანე კონცხზე მიწა პირდაპირ მიჰყიდა

19.10.2017 • 4610
საქართველოს მთავრობამ 1 თვის წინ შექმნილ კომპანიას მწვანე კონცხზე მიწა პირდაპირ მიჰყიდა

ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 20 366 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად, საკუთრებაში გადასცა კომპანიას, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა.

აღნიშნული ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო და ის სახელმწიფოს, გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე უპირობოდ გადაეცა. ქონების გადაცემა აჭარის მთავრობისგან სახელმწიფომ ითხოვა, „სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა კი, ჩვენი მხრიდან რაიმე პირობებით არ ხდება“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

კომპანია „ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი მიჰყიდა, 2017 წლის 21 აგვისტოსაა დარეგისტრირებული. მიწის მიყიდვაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებას კი პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი, დაახლოებით ერთ თვეში, ამავე წლის 28 სექტემბერს მოაწერა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი დაჩი ჩაგანავაა, დირექტორი – ლერი ბოლქვაძე.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, კომპანიამ ქონების საფასურის ნაწილი, 300 ათასი ლარი, მიმდინარე წლის 21 დეკემბრამდე უნდა გადაიხადოს, 600 ათასი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის, ხოლო დარჩენილი 31 ათასი ლარი – ერთი წლის ვადაში.

ამავე განკარგულების მიხედვით, ქონების შემძენმა, „პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით“, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს „უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება/განაშენიანება [რაც მოიცავს, მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს, კომერციული/საოფისე/კვების დანიშნულების ობიექტ(ებ)ს, სპორტულ მოედანს, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს“], რისთვისაც არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

„ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“ ვალდებული იყო, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარედგინა აღნიშნული თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიასთან 2017 წლის 6 ოქტომბერს გაფორმდა. იმავე დღეს მიწის ნაკვეთი კომპანიის საკუთრებად დარეგისტრირდა.

გასხვისებული მიწის ნაკვეთი ბათუმში, თამარ მეფის გამზირის გასწვრივ, ზღვისპირას მდებარეობს [მახინჯაურთან, სადაც მწვანე კონცხის უღელტეხილზე და გვირაბისკენ მიმავალი გზები იყოფა]:

mwvane koncxi qav

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: