სიახლეები

ჩემი კონსტიტუცია

19.10.2017 • 3185
ჩემი კონსტიტუცია

 

„ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!“

…ყრუ-მუნჯი ვარ. დედა ვერასოდეს შეეჩვევა იმ ფაქტს, რომ მისი ოქროსფერ-კულულებიანი დალილა ვერაფერს გაიგონებს, ვერ ისაუბრებს, ვერ ახსნის სამშობლოს სიყვარულს ისე, როგორც სხვა, ჩვეულებრივი პატარა. სამაგიეროდ,  დედამ კარგად იცის, რომ მე სხვანაირი გული მაქვს, ოქროსფერი გული და ის, იმ სიყვარულს ასხივებს, რომელსაც მზისგან ვღებულობ. მე, ყრუ-მუნჯი დალილა, ჩვეულებრივ სკოლაში დავდივარ. ჩემს კონსტიტუციაშიც ხომ ასე წერია- „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა“…. აქ ჩემი სახელი და გვარიც წერია…მე არავინ გამომარჩია, რადგან მეც, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ…ეს განმარტება, პირველად ეზოში, სკამზე მჯდომმა გადიამ მითხრა, ხელებით მესაუბრებოდა და თან მიწაზე ალბათ, ჯადოსნური ჯოხით რაღაცეებს წერდა, რომ კარგად გამეგო და დამემახსოვრებინა. თურმე კონსტიტუციაში კიდევ წერია, რომ „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება…“ ესეც მან მითხრა, მაგრამ უკვე ზღვის პირას, როცა მზეზე ვნებივრობდით და ხელებით საუბარს უფრო კარგად ვსწავლობდით.

მერე რა, რომ ყრუ-მუნჯი ვარ. ეს სულაც არ მიშლის ხელს, რომ  დამავიწყდეს  ის გაკვეთილები, სადაც კონსტიტუციაზე ვმსჯელობდით თანაკლასელებთან ერთად, ვხმაურობდით, ჩემთვის ვყაყანებდი კიდეც გულში…. დიახ, არასოდეს დამავიწყდება თანაკლასელების ხელებით ახსნილი ჩემი კონსტიტუციის მთავარი მუხლები, რომელიც ადამიანთა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებანს იცავს. სკოლისაკენ მიმავალი მედმივად ვფიქრობდი, რა მეშეველებოდა ასეთი მზრუნველი და ემოციურად მხარდამჭერი მშობლები, რომ არ შემხვედროდა. რა მეშველებოდა, რომ ჩემს მეგობრებს და ჩემს მასწავლებელს კარგად არ სცოდნოდათ საქართველოს კონსტიტუციის, ჩემთვის ყველაზე სანუკვარი მუხლი, რომ „ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება“.

მე მივხვდი, რომ ჩემს კონსტიტუციაში ჩაწერილი ფრაზა-„საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა“, ჩემთვის დაიწერა, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, რომ სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. დიახ, მეც მიცავს კანონი, ჩემი კონსტიტუცია. რა მოხდა თუ კი ეს სიცოცხლე უნარშეზღუდულია, თუკი ამ სიცოცხლეს სმენა და მეტყველება აკლია, არაფერი. შენ ხომ გაქვს ყველაფერი მეგობარო, ბუნებამ ყველაფრით დაგაჯილდოვა… შენ და მე ვიცით, რომ ყოველ „ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და  გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“…სწორედ ეს სხვაგვარი საშუალება მე ვარ, ყრუ-მუნჯი, ოქროსფერკულულებიანი დალილა, რომელსაც უყვარს მისი სამშობლო და საქართველოს  კონსტიტუცია…

ხშირად დავდივარ ჩემი ქალაქის ქუჩებში და ვგრძნობ , რომ სამყარო ჩემია…არავინ და არაფერი შეზღუდავს ჩემს თავისუფლებას, რადგან იგი ჩემს ხელთაა, მე თავის-უფალი ვარ… მე მას ვმორჩილებ, ის კი მე შეუზღუდავი უფლებებით აღმავსებს, მე უნარშეზღუდულ, ყრუ-მუნჯ დალილას.

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს ყველაფერი ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის… როგორც კი გავისიგრძეგანე რა არის კანონი, კონსტიტუცია, სულში ჩამითბა, რადგან ვიგრძენი საოცარი სიმყუდროვე… თითქოს აწყვეტილ ქარიშხალში მოხვედრილი, რაღაცამ თავის ფრთებქვეშ შემიფარა და ამაცილა დაბრკოლებებს, რაღაც საოცარმა სიმშვიდემ შემიპყრო…იმ დღიდან, იმ წუთიდან, როცა ვცან კანონი, საოცრად დაცულად ვგრძნობ თავს და ვარ ბედნიერი-მე ყრუ-მუნჯი დალილა, ოქროსფერკულულებიანი უნარშეზღუდული საქართველოს მოქალაქე…

ჰო, მეუბნება გადია-ქვეყნად ორგვარი ადამიანები არსებობენ-კანონმორჩილი  და კანონდაუმორჩილებელი. პირველი ქაოსია, დისკომფორტი, უბედურება, მეორე-ნირვანაა, სიმშვიდე, მყუდროება, სიხარული, წინსვლა, სიკეთე.

მე მეორეს ვირჩევ…ჩემს კონსტიტუციას, ჩემს ჯადოსნურ წიგნს!!!

…ზღვა ჯიუტად ეხეთქება ნაპირებს, თითქოს ქვეყანას წალეკვით ემუქრება. ბუნებასაც თავისი ბარიერები აქვს. თავისი კანონი. ამიტომ დაოტდა ზღვაც. რა მარტივია, მეუბნება გადია-სცან კანონი უპირატესად და ცხოვრება, საოცარი სილამაზით აღავსებს შენს სულს…ასე თავის-უფალი, მე ყრუ მუნჯი დალილა-კიდეც ვსაუბრობ, კიდეც მესმის და  ვცნობ კანონს. იგი მუდმივად ჩემთანაა…

ვინ ვარ მე?  მეც სამყაროს ერთი  ნაწილი ვარ, მასში სიმშვიდის და ჰარმონიის შემომტანი… შენ კი, ვისაც არ გესმის  კონსტიტუციის არსი, არ კითხულობ და ემორჩილები მას, ჯოჯოხეთური ყოფისთვის გაგიმზადებია თავი…სწორედ შენ  მინდა შეგხვდეს ჩემი გადია, ჯადოსნური ჯოხით, შენი და ჩემი ცხოვრების წესს და კანონს იეროგლიფებით რომ წერს ქართულ მიწაზე…

მე, ყრუ მუნჯმა დალილამ, კარგად ვიცი, რომ „საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს…“მე თავის-უფალი“ ვარ და ვიცი, დღეს ჩემს საქართველოში, ყველგან შემიძლია ვიმუშავო, მე ამას შევძლებ, იმიტომ, რომ ჩემი ჯადოსნური წიგნი მიცავს, რომელიც ასე კარგად გადიამ შემასწავლა…

…ყრუ-მუნჯი ვარ. დედა ვერასოდეს შეეჩვევა იმ ფაქტს, რომ მისი ოქროსფერ-კულულებიანი დალილა ვერაფერს გაიგონებს, ვერ ისაუბრებს, ვერ ახსნის სამშობლოს სიყვარულს ისე, როგორც სხვა, ჩვეულებრივი პატარა. სამაგიეროდ,  დედამ კარგად იცის, რომ მე სხვანაირი გული მაქვს, ოქროსფერი გული  და ის  იმ სიყვარულს ასხივებს, რომელსაც მზისგან ვღებულობ.

ცირა ქობულაძე- სკოლა ევრო 2000-ის დაწყებითი კლასის მასწავლებელი

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარებული ესეების კონკურსის – „მასწავლებლები კონსტიტუციაზე – 2017“ გამარჯვებული ესეი აჭარის რეგიონიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: