მთავარი,სიახლეები

რას არ ეუბნებიან ამომრჩეველს ხელისუფლება და პარტიები არჩევნების წინ – დისკუსია

18.10.2017 • 1905
რას არ ეუბნებიან ამომრჩეველს ხელისუფლება და პარტიები არჩევნების წინ – დისკუსია

როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება – ამ თემაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია შედგა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ: ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე და „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატი პეტრე ზამბახიძე. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი იყო.

ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა ასლან ჭანიძემ. მისი აზრით, მოცემულობა მაშინ შეიცვლება, თუკი პოლიტიკოსები იგრძნობენ, რომ ისინი ამომრჩეველთან არიან ანგარიშვალდებული და არა პოლიტიკურ ლიდერებთან.

„გინახავთ სადმე საკრებულოს წევრს ანგარიში ჩაებარებინოს მოსახლეობისთვის? მე არ მინახავს. პირიქით, მედიაში ჟღერდება ინფორმაცია, რომ, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი მიქელაძე თვეების განმავლობაში არ დადის საკრებულოს სხდომებზე და შემდეგ ის ისევ საარჩევნო სიაშია. ამომრჩეველს პოლიტიკური პარტიები არც იმას ეუბნებიან, როგორ არჩევენ კანდიდატებს, რა კრიტერიუმების მიხედვით, ვინ არჩევს… შესაბამისად, ვისმენთ ერთსა და იმავე დაპირებებს, ტოპ სამეული გვაქვს უკვე – დასაქმება, პენსია, სოციალური დახმარება. ამიტომაც ამბობს ამომრჩეველი, რომ დაიღალა,“ – აღნიშნა ასლან ჭანიძემ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა.

„მთავარია, პრობლემას ხედავდეს ადგილობირივი ხელისუფლება,“ – თქვა დისკუსიაზე პეტრე ზამბახიძემ. მან, ძირითადად, მოქალაქეების თვითმმართველობაში ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა და იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მონაწილეობდნენ ამომრჩევლები თვითმმართველობის მართვაში.

„ორი რამ აშინებთ საქართველოში ხელისუფლებებს ყველაზე მეტად – დამოუკიდებელი თვითმმართველობა და სასამართლო,“ – თქვა დისკუსიაზე ზვიად ქორიძემ. მან თვითმმართველობის ისტორია მიმოიხილა, თუ როგორ არიდებდა თავს სხვადასხვა დროს ხელისუფლება ძლიერი თვითმმართველობის შექმნას მიუხედავად იმისა, რომ მოსვლამდე ისინი ზუსტად თვითმმართველობების გაძლიერებას ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს. მან ისაუბრა იმაზეც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც უარი თქვა პატარ-პატარა თვითმმართველობების შექმნაზე და მათ გაძლიერებაზე.

„საინტერესოა, რომ ამ საკითხზე ორი ინსტიტუტის პოზიცია დაემთხვა ერთმანეთს – უშიშროების სამსახურის და ეკლესიის… მაგალითად, მარნეულს, სადაც 27 ათასი ადამიანი ცხოვრობს, პირდაპირ უთხრეს, რომ თვითმმართველი ქალაქი არ უნდა იყოს, რადგან შესაძლოა აზეირბაიჯანელი მერი აირჩიოთო. ჩვენ ამის არ უნდა შეგვეშინდეს… დღეს ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ერთნაირ  დაპირებას სოციალურ პრობლემებზე, გამწვანებაზე, თუ დასაქმებაზე, მაგრამ არ ისმის მთავარი – იქნება თუ არა დემოკრატიული საკრებულო, რამდენად ისმის ჩემი ხმა საკრებულოში?“- აღნიშნა ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ.

ზვიად ქორიძემ ახსენა დასავლური პრაქტიკაც, სადაც ქართული რეალობისგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის ინტერესი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა არჩევნებზე, რადგან ამ დროს „პრობლემა უფრო ახლოს მიდის მოქალაქესთან…“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: