მთავარი,სიახლეები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის პარტიული ოფისის შენობა გაყიდა

18.10.2017 • 5662
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის პარტიული ოფისის შენობა გაყიდა

პარტიული ოფისის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ეკუთვნის. მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მდებარე სამსართულიანი შენობა პარტიამ გაყიდა.

პარტიის ოფისში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობა წინასაარჩევნოდ, ფინანსური საჭიროების გამო გაყიდეს. თუმცა შენობის ნაწილი გასული წლის დეკემბერშია გაყიდული.

„ეს იყო ჩვენი საკუთრება და გავყიდეთ. დროებით ვრჩებით ამ ოფისში და, სავარაუდოდ, ახალ წლამდე გადავალთ სხვა შენობაში. რამდენიმე ალტერნატივა არსებობს, ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით,“ – გვითხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია აბულაძემ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ოფისი შენობის ნაწილი [459 კვადრატული მეტრიდან 283 კვადრატული მეტრი] ჯერ კიდევ 2016 წლის 12 დეკემბერს გაუსხვისებია. ამონაწერში მესაკუთრედ ჩანს შპს „ელიტარული სახლი“. რეესტრის მონაცემებით, „ელიტარული სახლი“ 2016 წლის 2 დეკემბერს არის დაფუძნებული, რომლის იურიდიული მისამართიც მემედ აბაშიძის #44-ია. ამ კომპანიას ორი დამფუძლებელი ჰყავს – ჯუმბერ მოწყობილი და ბესიკ თავდგირიძე.

მეორედ პარტიის შენობა, უკვე მთლიანი ფართობი, გაუსხვისებია 2017 წლის 7 ივნისს. ამ შემთხვევაში მყიდველად საჯარო რეესტრში დაფიქსირებულია გელა დევაძე. გელა დევაძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მეგობარია.

შენობა, როგორც პარტიაში გვითხრეს, 260 ათას დოლარად გაიყიდა.

შენობა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისი იყო განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

IMG_0002

გადაბეჭდვის წესი


ასევე: