მთავარი,სიახლეები

როდის დაეხმარებიან ხულოში დამეწყრილ ოჯახებს

18.10.2017 • 1694
როდის დაეხმარებიან ხულოში დამეწყრილ ოჯახებს

ხულოში, სოფელ რაქვთაში მეწყერი გუშინწინ ჩამოწვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატი – ირაკლი ჯორბენაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დამეწყრილ მოსახლეობას ყურადღებას არ აქცევს. მისი თქმით, ქვედა და ზემო რაქვთაში ოთხი ოჯახის გასახლებაა საჭირო. ერთი ოჯახი კი მეზობელთან ცხოვრობს.

მეწყრის შედეგად დაზარალებულმა რომან მიქელაძის ხუთსულიანმა ოჯახმა გუშინწინ დატოვა საკუთარი სახლი.

„გამგეობის წარმომადგენლები და გეოლოგები დღეს იყვნენ მოსულები. გამგებელმა მითხრა, ყველაფერი იქნებაო, მაგრამ კონკრეტულად რა იქნება, არ უთქვამს. ჩვენ ვითხოვთ ყურადღებას. როდემდე უნდა ვიყო მეზობელთან? ფაქტია, რომ ჩემს სახლში აღარ იცხოვრება, სხვა წასასვლელი მე არ მაქვს,“ – გვითხრა რომან მიქელაძემ.

ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე ამბობს, რომ რაქვთაში დამეწყრილი მოსახლეობა გუშინ მოინახულა და ამის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელეს ხულოს გამგეობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

„გუშინ ვიყავი ასული რაქვთაში. გამგეობას არ ჰყავს გეოლოგები, რომ აგვეყვანა. ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩვენ ორ ოჯახს მივეცით რეკომენდაცია, რომ დროებით გასულიყვნენ მეზობლებთან საცხოვრებლად. დღეს იქ უკვე მუშაობენ გეოლოგები და ველოდებით მათ დასკვნას. ისინი აჭარის გეოლოგიის სამსახურიდან არიან. როგორც კი დაიწერება დასკვნა, ჩვენ დაჩქარებული წესით გავმართავთ კომისიის სხდომას და მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არსებობს საშუალება, რომ ამ ოჯახებს გადავუხადოთ ბინის ქირის ფული. შემდეგ კი არსებობს საშუალება ისარგებლონ საცხოვრებელი სახლის შესყიდვის პროგრამით, რასაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. თითო ოჯახისთვის 25 ათასი ლარია გათვალისწინებული,“ – გვითხრა ლაშა ბოლქვაძემ.

მთავარ ფოტოზე: ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ რაქვთაში. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოტო. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: