ენმ: ბათუმში ამომრჩევლები არარსებულ მისამართებზე არიან რეგისტრირებული

„ბათუმში არარსებულ მისამართებზე ამომრჩევლები არიან რეგისტრირებული,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ. მან დღეს ბრიფინგი მამია ვარშანიძის მეოთხე ჩიხში გამართა და თქვა, რომ ჩიხში სულ სამი მისამართია, საარჩევნო სიაში კი ამ ჩიხში – 50 ამომრჩეველი.

„ამ ჩიხში შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ სამი მისამართი, სამი სახლი. დანარჩენი მისამართი ბუნებაში არ არსებობს, მაგალითად, მეოთხე ან მეთხუთმეტე. ეს ამომრჩევლები ცხოვრობენ იმ მისამართზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. არსებობს რისკი, რომ ისინი იყვნენ რეგისტრირებული სხვაგანაც და იქაც მისცენ ხმა. ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანები იყვნენ თუ არა რეგისტრირებული აქ წინა არჩევნებზე, ან არიან თუ არა ისინი სხვა საარჩევნო ოლქის სიაშიც,“ – გვითხრა მირდატ ქამადაძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი, მადონა ბერიძე მიიჩნევს, რომ პრაქტიკულად უნდა გადამოწმდეს ეს მისამართები დაინტერესებული მხარის, ან საარჩევნო ოლქის მიერ.

„შესაძლებელია, რომ იქ იყო ძველი იტალიური ეზო, ან კორპუსი და ამ ადამიანებს დარჩათ ძველი იურიდიული მისამართი. შეიძლება ახლა დაამატეს მოქალაქეების განცხადების საფუძველზე. ორი რეგისტრაციის ადგილი მოქალაქეს ვერ ექნება,“ – ამბობს ის.

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისია ამ შემთხვევის შესწავლას არ აპირებს. კომისიაში გვითხრეს, რომ ამომრჩეველი ერთი პირადობის მოწმობით აძლევს ხმას და პრაქტიკულად გამორიცხულია ერთი და იგივე ამომრჩეველი ორ ადგილას იყოს რეგისტრირებული.

„ჩვენ სიებთან შეხება არ გვაქვს. სიებს იუსტიციის სამინისტრო უგზავნის ცესკოს, ცესკო – ჩვენ. გაორება გამორიცხულია,“ – გვითხრა ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვალერი ბერიძემ.

რატომ შეიძლება იყვნენ რეგისტრირებული არარსებულ მისამართებზე ამომრჩევლები? – „ბათუმელები“ ცესკოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ კომენტარს საკითხში გარკვევის შემდეგ გააკეთებენ.

მთავარ ფოტოზე: „სპაიდერმენი“ საარჩევნო უბანზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ამავე თემაზე: ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა ცესკოს სიაში უფრო მეტია, ვიდრე სტატისტიკის მონაცემებით

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი