მთავარი,სიახლეები

ესტაკადა ბათუმის პორტთან – 15 მილიონი ლარი და 2 პრეტენდენტი

18.10.2017 • 4917
ესტაკადა ბათუმის პორტთან – 15 მილიონი ლარი და 2 პრეტენდენტი

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მოწყობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორი კომპანია სთავაზობს: „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“. პირველი კომპანია მზადაა გადასასვლელი საავტომობილო ხიდი 15 297 410 ლარად ააშენოს, ხოლო მეორე კომპანია იგივე სამუშაოს – 14 370 000 ლარად შეასრულებს.

სამინისტროს სატენდერო თანხა 15 297 410 ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება 17 ოქტომბერს დასრულდა. გამარჯვებულს კი სატენდერო კომისია ამ ორ კომპანიას შორის გამოავლენს.

ესტაკადის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 320 დღეში უნდა დასრულდეს.


საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ესტაკადა უნდა აშენდეს, შპს „აიდიემის“ მიერაა მომზადებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერი არ გამოუცხადებიათ და მათ პროექტი „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს“ შეუკვეთეს. სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში თანხა – 100 ათასი ლარი, სწორედ „სამხარაულის ბიუროს“ გადაუხადეს.

კომპანია „აიდიემში“ დაგვიდასტურეს, რომ დოკუმენტაციის მომზადება მათ „სამხარაულის ბიურომ“ შეუკვეთა.

„ბათუმის პორტთან, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით შეისყიდა,“ – ეს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მიმდინარე წლის მაისში გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ხელშეკრულებას ხელი დახურულ შეხვედრაზე „ანბანის კოშკში“ მოაწერა. დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია და არსებობდა შეთანხმება, რომ ის ყაზახურ კომპანიას უნდა აეშენებინა.

იმავე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტთან გადასასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ზურაბ პატარაძემ მაშინ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობას ესტაკადის მშენებლობის სამუშაოს პირდაპირი წესით შესყიდვაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

რკინიგზაზე [რომელიც ბათუმის პორტს და საქართველოს რკინიგზის ქსელს ერთმანეთთან აკავშირებს] გადასასვლელი ხიდი ასლან აბაშიძის დროს დაანგრიეს, რასაც აქ თევზისა და ხის გადამამუშავებელი კომბინატების ნგრევაც მოჰყვა, თუმცა ესტაკადის პროექტი მოგვიანებით, 2012 წელს მზად იყო. ესტაკადა ყაზახური ინვესტიციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ უნდა აშენებულიყო.

რატომ თქვა უარი ამ პროექტზე აჭარის მთავრობამ, გაურკვეველია. ბათუმის მერიაში გასულ წელს „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ პროექტი მათთან შესულია, თუმცა, მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო. კონკრეტულად როდის შევიდა ეს პროექტი და რატომ ამბობდა მერია ნებართვის გაცემაზე უარს – ეს კითხვა მერიამაც უპასუხოდ დატოვა.

მთავარი ფოტო: ბათუმის დეპო, ბაქოს ქუჩა და ბათუმის პორტი / ესტაკადა ამ ადგილზე აშენდება / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ფოტო პროექტიდან, რომლის მიხედვითაც ესტაკადის ასაშენებლად ტენდერია გამოცხადებული

ფოტო ახალი პროექტიდან, რომლის მიხედვითაც ესტაკადა უნდა აშენდეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: