მერიისა და გამგეობის სამსახურების უფროსებს არჩევნების შემდეგ ავტომატურად ვეღარ გაათავისუფლებენ

არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სამსახურის უფროსებს ავტომატურად ვეღარ გაათავისუფლებენ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო დღეს, 17 ოქტომბერს. სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის ან მერის არჩევისას ავტომატურად უწყვეტს უფლებამოსილებას გამგეობის და მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კანონი არ ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ყოფილიყო შეფასებული სამსახურის უფროსების პროფესიული უნარები და ამ შეფასების შესაბამისად მიღებულიყო საკადრო გადაწყვეტილებები.

სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ხაშურის გამგეობის კულტურის და განათლების სამსახურის უფროსმა, ოლეგ ლაცაბიძემ მიმართა, რომელსაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი