მთავარი,სიახლეები

თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად საუბნო-საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნებიდან“

17.10.2017 • 1798
თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად საუბნო-საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნებიდან“

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის პოზიციებზე ძირითადად ოლქის წარმომადგენლები აირჩიეს. გამონაკლის შემთხვევაში მოადგილის ან მდივნის პოზიცია შეხვდათ პარტიების – „ქართული ოცნებისა“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლებს, ასეთი ტენდენციაა აჭარის მუნიციპალიტეტების საუბნო საარჩევნო კომისიებშიც.

„ბათუმელებმა“ რამდენიმე საუბნო კომისიის შემოწმების შედეგად გამოარკვია, რომ მათგან ბევრი 2016 წლის საპარლამენტო არჩვნებზეც, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ინტერესებს იცავდა. მათი სახელები და გვარები 2016 წლის საპარლამენტო არჩვნებისთვის შექმნილი საუბნო კომისიების იმ წევრების სახელებსა და გვარებს ემთხვევა, რომლებიც საუბნო კომისიებში „ქართული ოცნების“ ან „თავისუფალი დემოკრატების“ სასარგებლოდ მუშაობდნენ.

ნათია დოლიძე ბათუმის #79 ოლქის #1 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. საუბნო კომისიაში ის ოლქის წარმომადგენელია, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი  ბათუმის #72 ოლქის წევრი იყო „თავისუფალი დემოკრატებიდან“.

ნაილე ფუტკარაძე ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა, კომისიაში ისიც ოლქის წარმომადგენელია. გასული წლის საპარლამენტო არჩვნებზე ის #69 ოლქის [69.79.01] საუბნო კომისიის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.

მანანა ტარიელაძე ბათუმის #3 საუბნო კომისიის თავმჯდომარეა. ამჯერად ის კომისიაში ოლქს წარმოადგენს, თუმცა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის [69.79.03 ] საუბნო კომისიაში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდა.

ანა გორგილაძე ამავე კომისიის მდივანია. კომისიაში ისიც ოლქს წარმოადგენს. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე [69.79.61] საუბნო კომისიის წარმომადგენელი იყო „კონსერვატიული პარტიიდან“.

ქეთევან ბერიძე ბათუმის 79-ე ოლქის #4 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა, კომისიაში ოლქის წარმომადგენელია, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ბათუმის 34.24.43 კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო.

ინგა ქურიძე #7 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანია. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის ბათუმის [69.79.07] კომისიის მდივანი იყო „ქართული ოცნებიდან“.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3 634 საუბნო საარჩევნო კომისია იმუშავებს. კომისიების პირველ სხდომაზე, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩიეს.

საარჩევნო კანონმდებლობით, 13-წევრიანი საუბნო საარჩევნო კომისიის ექვს წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ უფლებამოსილი პარტიები. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობიდან ხელმძღვანელ პირებად არჩევის უფლებრივი შესაძლებლობა და პირობები თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ წევრზე, გარდა იმ შემთხვევისა, რომ კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები. თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ ორ წევრს და გადაწყვეტილება მიიღება სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კონკურსის წესით არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს 3 410, მოადგილედ – 3 123, ხოლო მდივნის პოზიციაზე 3 235 პირი. ამთგან 198 შემთხვევაში თავმჯდომარედ, 409 შემთხვევაში მოადგილედ და 251 შემთხვევაში მდივნად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აირჩიეს. ამაში არ შედიან ის პირები, რომლებმაც ეს თანამდებობები დაიკავეს და კომისიაში შედიან, როგორც ოლქის წარმომადგენლები, მაგრამ წინა არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდნენ.

კომისიის თავმჯდომარის 23,  მოადგილის – 66 და მდივნის 100 ადგილი შეხვდა პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელს.

3 634 საუბნო საარჩევნო კომისიის 47 147 წევრიდან 33, 659 [71.4%] ქალია და 13, 488 [28. 6%] კაცი. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შედეგების გენდერული სტატისტიკა შემდეგია:

თავმჯდომარე ქალი – 2273 (62.55%), კაცი – 1361 (37.45%);
მოადგილე ქალი – 2301 (63.32%), კაცი – 1333 (36.68%);
მდივანი ქალი – 3346 (92.07%), კაცი – 288 (7.93%).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: