მთავარი,სიახლეები

ყოფილი პატიმარი სხვა პატიმრებზე

17.10.2017 • 3540
ყოფილი პატიმარი სხვა პატიმრებზე

პატიმრებზე წერა სხვაგვარ ამბებზე წერისგან ძალიან განსხვავდება. თუ სხვა რესპონდენტებს ჟურნალის ფურცლებზე აღმოჩენა ახარებთ და ინტერვიუს გამოქვეყნებას ელიან, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები და პატიმართა ოჯახის წევრები ჟურნალისტებს უფრთხიან. ხშირად არ პასუხობენ უცხო ზარებს, უკეთეს შემთხვევაში პირველად ოჯახის წევრები იღებენ ყურმილს, რომ გაარკვიონ, ვინ რეკავს, რატომ და რისთვის. როცა მათ ვუხსნით, რომ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებზე ვწერთ, უამრავი კითხვა ჩნდება…

                                                            

რა გინდათ ჩემგან?

„მაინც და მაინც ჩემზე უნდა წეროთ?“, „რისთვის გჭირდებათ ეს ისტორიები?“, „ფოტოს გადაღებაზე ვერ დაგთანხმდებით, შარს არ ვეძებ, ძლივს გამოვედი იქიდან“, „რა გინდათ ჩემგან?“. შიშებს დამთრგუნველი გამოცდილება ბადებს. საპატიმროგამოვლილებს ხშირად უჭირთ საუბარი საკუთარ წარსულსა და მომავალზეც კი. ეს იმის მანიშნებელია, რომ ყოფილი პატიმრები გათავისუფლების შემდეგაც გრძნობენ ფარულ კონტროლს. ღიად საუბარსა და პრობლემების თავისუფლად განხილვას ჩუმად ყოფნა ურჩევნიათ.

ჟურნალისტისთვის საუკეთესო შემთხვევაა, როცა შეუძლია ნახოს რესპონდენტის სამოქმედო სივრცე, აქვს გადაღების უფლება და სრულად აღიქვამს მოცემულობას, მაგრამ ყოფილი პატიმრების ისტორიების მომზადებისას ყოველთვის ამის ფუფუნება არ გვაქვს, ხშირად ისინი არ ამხელენ სახელსა და გვარს, არ თანხმდებიან გადაღებას, ამიტომ ხანდახან არ გვაქვს მათი ფოტოები და ვიდეო, მაგრამ გვაქვს სატელეფონო ხმები, რომლებსაც ვერ ვკარგავთ ერთი მიზეზის გამო – ამ ხმებში სათქმელი ისმის, სათქმელი, რომელიც შეიძლება სხვებისთვის შიშების, პასიურობისა და უიმედობის დამძლევი ბიძგი აღმოჩნდეს.

„არ არის პრობლემა“ – მაგრამ პრობლემაა

დავითი (სახელი შეცვლილია) ყოფილი პატიმარია, რომელთანაც სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ. ციხეში ორი წელი და რამდენიმე თვე გაატარა. ამბობს, რომ ჟურნალისტებთან საუბარი მისთვის სამომავლოდ საფრთხეს არ შეიცავს, მაგრამ მაინც არჩევს ვინაობა დავფაროთ. „არ არის პრობლემა ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ სახელი მაინც არ გვინდა“, – გვეუბნება.

„რბილი ხასიათი მაქვს, ფეთქებადი არ ვარ, არც რადიკალური შეხედულებები მაქვს არაფერზე. ციხეში მოხვედრასაც კი ცივი გონებით მივუდექი. საკუთარ თავს შთავაგონებდი, რომ დარდი და ნერვიულობა არაფერს მომიტანდა. თავიდან თექვსმეტი წელი მქონდა მისჯილი, თავს ვირწმუნებდი – პრობლემებს მოვერეოდი. აპელაციის შემდეგ მართლაც სამი წელი დამიტოვეს და ნელ-ნელა ყველაფერი გადავლახე. ციხიდან არც ნევროზი გამომყოლია, არც სხვა სახის გართულებები, ხანდახან როცა ვიხსენებ რა გადავიტანე, მგონია, ვიღაც სხვამ გაიარა ეს გზა და არა მე. საპატიმროში რომ მოვხვდი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი და დედა მარტო დარჩა… დედაჩემს პატარა მაღაზია ჰქონდა სოფელში და თავი ამით გაჰქონდათ“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.

                                                           

ციხე და წიგნები

ოჯახს თავი დედის პატარა მაღაზიით გაჰქონდა, დავითს კი პატიმრობის წლები წიგნებმა გაატანინა.

„კითხვა მიყვარდა, წიგნებმა გადამარჩინა. არ ვიცი როგორ შეიძლება თქვა, რომ ციხეშიც შეიძლება დროის საინტერესოდ გატარება, მაგრამ წიგნებით შეგიძლია განვითარდე და ტკივილი ცოტა ხნით დაივიწყო. ციხეში იყო ბიბლიოთეკა, დადიოდა სოციალური სამსახური, შეგეძლო წიგნები გამოგეწერა და შემდეგი ვიზიტისას აუცილებლად მოგიტანდნენ, ახლობლებსაც ვაბარებდი, რაც ბიბლიოთეკაში არ ჰქონდათ. აღარ მინდა იმ პერიოდის გახსენება“, – ყვება დავითი.

საუბარშიც კი იგრძნობა, რომ აქტიური ადამიანია, შესაბამისად გათავისუფლების შემდეგაც არ ჰქონია ინტეგრაციის პრობლემა. ხშირად ერთვება სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მოწყობილ პროექტებში, ესწრება ტრენინგებსა და სემინარებს. დავითმა ერთ-ერთმა პირველმა მიმართა „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“.

რა მოაქვს თავისუფლებას

გათავისუფლების შემდეგ მეორე შვილი შეეძინა, ახლა უფროსი მესამე კლასშია უმცროსი – ორწლინახევრის. ერთი თვე გაუგრძელდა ადაპტაციის პროცესი და მალევე შეუდგა აქტიურ ცხოვრებას. „რა თქმა უნდა, მქონდა პრობლემები: 2012 წელს გავთავისუფლდი და 2016-მდე უმუშევარი ვიყავი, ისევ დედაჩემის პატარა მაღაზიაზე და სოფლის ნობათზე ვიყავით დამოკიდებული, თხილი, სიმინდი მოგვყავდა. 4 წელი ველოდი სამსახურის დაწყებას, მაგრამ ეს ლოდინი ჩემი ნასამართლეობით არ იყო განპირობებული, პატარა რაიონია და სამუშაო ადგილები ჭირს უბრალოდ.  ბოლოს ჩემი მოლოდინი მაინც გამართლდა და დავსაქმდი. ცოლიც მუშაობს ბაღში და ვცხოვრობთ“. იხსენებს გათავისუფლების შემდგომ პერიოდს.

ბიძაშვილმა მოანდომებინა ჩაბმულიყო გურიის ახალგაზრდული ცენტრის პროგრამებში. ჩავიდა ოზურგეთში, ტრენინგებს დაესწრო ბიზნესის თემაზე, პროექტების წერა ისწავლა და ინიციატივაც დაუფინანსეს: სოფლის მცხოვრებლებს გაზაფხულ-ზაფხულზე ბალახის მოცელვა სჭირდებათ, ზამთარში კი შეშის დახერხვა – ამიტომ დავითმა ელექტროცელი და ბენზოხერხი შეიძინა, ოჯახში დამატებითი შემოსავლის წყარო გაჩნდა.

ხშირად ყოფილი პატიმრები გონებით ისევ ციხეში რჩებიან

„ჩემს რაიონში, სოფელში ბევრ ახალგათავისუფლებულ ყოფილ პატიმარს ვიცნობ, სულ  ვამხნევენ და შევძახი, რომ იმოქმედონ, საქმე გაიჩინონ, ცხოვრებას იმედიანად უცქირონ. ჩემს გამოცდილებას ვუყვები ბევრს და ვასწავლი ორგანიზაციების მისამართს, სადაც შეუძლიათ პროექტები წერონ, ინიციატივა გამოიჩინონ და რამე აკეთონ. ხშირად ახალგათავისუფლებულები გონებით ისევ საპატიმროში რჩებიან. მინდა, ვისაც შევძლებ და შეგონებით დავეხმარები იქედან დროზე გამოვიყვანო. ზოგი მიჯერებს, ზოგი არა. ვისთანაც ხმა მიმიწვდება ყველას ვეტყვი, რომ მოქმედება, აქტიურობა აუცილებელია და ყოველთვის ამართლებს. მჯერა, რომ მონდომებით ყველას შეუძლია ცხოვრების შეცვლა“.

თითქოს დავითი არც არაფერს ამბობს ისეთს, ვინაობის გამხელა რომ ეჩოთირებოდეს. თუმცა ის მაინც მხოლოდ „ხმად დარჩენას“ არჩევს და იმედი აქვს, ასეც შეძლებს სათქმელი მიიტანოს სიახლეების მაძიებელ, ახალი ცხოვრების მომლოდინე ყოფილ პატიმრებთან.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

20624645_1400550476702465_358404521_n

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: