რა სურთ ქალ ამომრჩევლებს – გამოკითხვის შედეგები

გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება – პირველ პრობლემად დაასახელეს ქალმა ამომრჩევლებმა გამოკითხვის დროს. არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-მ ქვეყნის მასშტაბით 1106 ქალს დაუსვა შეკითხვა – დაასახელეთ სამი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აწუხებთ ქალებს თქვენს ქალაქში ან სოფელში. გამოკითხვა ჩატარდა ბათუმშიც.

გამოკითხვის შედეგად ხუთი პრობლემა გამოიკვეთა, რაც ქალმა ამომრჩევლებმა დაასახელეს: 1) გზებისა და ტროტუარების გაუმჯობესება, 2) სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა, 3) პარკები, სკვერები და სხვა საჯარო ადგილები, გამწვანება, გარე განათება, 4) ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესება და 5) ნარჩენების მართვა. მესამე და მეოთხე პრიორიტეტებს შორის პროცენტული სხვაობა უმნიშვნელო იყო.

„ხშირად ისინი აღნიშნავდნენ იმას, რომ ტროტუარები არის ვიწრო, ან ჩაკეტილია მანქანებით… ქალებმა ასევე დაასახელეს პრობლემად საბავშვო ბაღებისა და სკოლის ხელმისაწვდომობა. წერენ, რომ საბავშვო ბაღების სამუშაო დრო ხშირად არ ემთხვევა მათ განრიგს და უწევთ სამსახურში დაგვიანება, ან იქედან ადრე წამოსვლა,“ – გვიყვება ნინო გაბეჩავა, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი. ამ ორგანიზაციამ გამოკითხა ქალი ამომრჩევლები ბათუმსა და ქედაში.

ქალ ამომრჩევლებს შეეძლოთ მათთვის პრიორიტეტული საკითხების დასახელებაც. აჭარაში ასეთ საკითხად ქალებმა დაასახელეს: ბიბლიოთეკები, მუზეუმები და გასართობი ადგილები. ნინო გაბეჩავა ამბობს, რომ ქალები ძირითადად ხაზს უსვამდნენ ბიბლიოთეკების მატერიალურ გაუმართაობას სოფლებში. მთლიანად ქვეყანაში პრიორიტეტად ქალმა ამომრჩევლებმა გზების და საბავშვო ბაღების გარდა, ცხოველების დაცვა დაასახელეს.

პრიორიტეტულ ხუთეულში ვერ მოხვდა ქალთა მიმართ ძალადობა. „მაგრამ ამ კუთხით ქალმა ამომრჩევლებმა გამოკვეთეს პრობლემა, რომ მაგალითად, არ იციან ცხელი ხაზის ნომერი, ასევე აქვთ განცდა, რომ პოლიცია მათ ვერ დაიცავს,“ – აღნიშნავს ნინო გაბეჩავა.

რესპონდენტების 29%-ის სურვილია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო კანდიდატებმა თავად ჰკითხონ ქალებს მათი პრობლემების შესახებ. 28%-ის აზრით ქალებმა და მოქალაქეთა ჯგუფებმა უნდა აიღონ ხელში ინიციატივის გამოხატვა, 22% კი ამ როლის შესრულებას არასამთავრობო სექტორს ანდობს.

რა აღმოჩნდა მოულოდნელი ამ გამოკითხვის დროს? – „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ მოულოდნელი აღმოჩნდა ქალი ამომრჩევლების დამოკიდებულება იმ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, რომლებიც ქალთა საჭიროებებზე ამახვილებენ ყურადღებას წინასაარჩევნო პროგრამებში.

„გამოკითხულთა 67 % უპირატესობას ანიჭებს ასეთ პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს. 17 % -სთვის კი ეს არ არის პრიორიტეტი. ჩვენთვის ეს ციფრიც საკმაოდ მაღალი იყო,“ – დასძენს ნინო გაბეჩავა.

ქალი ამომრჩევლების საჭიროებებზე ანგარიში მომზადდა  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის  ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი