როდის იქნება ბედნიერი ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე

ქობულეთის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ მირიან ქათამაძეს ამ დრომდე არ მოუსმენია კომპეტენტური მოსაზრება მრავალწლოვანი ხეების გადარგვის გამო ციხისძირის ეკოსისტემის დაზიანების თუ მოსალოდნელი შედეგების შესახებ. არც იმ სამშენებლო პროექტების შესახებ აქვს ინფორმაცია, რომელთა პარამეტრები დადგენილ რეგულაციებს გასცდა – კიდევ რა არ იცის ან იცის მერობის კანდიდატმა, რომელიც ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქობულეთში ტურიზმის ბუმს შექმნის? – ამ ყველაფერზე მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბატონო მირიან, რატომ ხართ კარგი კანდიდატურა ქობულეთისთვის? 

ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ჩემს ცხოვრებაში, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ის ფაქტორია, რომ რთულია საქმის კეთება შენს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, მშობლიურ ქალაქში გიწევს. მე მაქვს პროფესიული გამოცდილება, ასევე შრომისმოყვარეობა, გუნდური მუშაობის უნარი და, რა თქმა უნდა, პატიოსნებით გამორჩეული გუნდი. ჩვენ ალბათ შევძლებთ, რომ გადავწყვიტოთ ყველა ის პრობლემა, რაც დგას ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

მერს გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი მთავარი ფუნქცია საზოგადოების მსახურებაა. ვიმედოვნებ, შევძლებ ვიმუშაო იმ გუნდთან ერთად, რომელსაც ეს გათავისებული ექნება. ჩვენ, ალბათ, ვჭირდებით ქობულეთს – გაბედული ადამიანები გაბედული იდეებით იმისთვის, რომ ძალიან ბევრი იდეა, რომელიც სუფთა, ლამაზი, მიმზიდველი ქალაქის იდეას უკავშირდება, რეალობად იქცეს.

ამ იდეებით თავად შესთავაზეთ საკუთარი კანდიდატურა „ოცნებას“, თუ „ოცნებამ“ შეგარჩიათ?

„ოცნების“ მხრიდან იყო ეს წინადადება, მანამდე მე ვიყავი განათლების მინისტრის მოადგილე, რვა თვის განმავლობაში ამ უწყების იმ კონკრეტულმა მიმართულებამ, რომელსაც მე ვკურირებდი, ალბათ გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ორმოცამდე სკოლის რეაბილიტაცია მოვასწარით, დაახლოებით ხუთი საშუალო სკოლის მშენებლობა დასრულდება წელს. მათ შორის შეჩერებული მშენებლობებიც, იქაც ძალიან კვალიფიციურ გუნდთან ერთად მიწევდა მუშაობა. ალბათ შეიქმნა გარკვეული ხასიათის ინფორმაცია და სოციალური მოლოდინი, რომ ჩვენ ვიქნებოდით წარმატებული, თუნდაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამსახურში. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი, რომ მმართველმა გუნდმა ჩემზე გააკეთა არჩევანი. განსაკუთრებული მადლობა ამ შესაძლებლობისათვის – ჩემთვის პატივია იზრუნო საკუთარ ქალაქზე და საკუთარ სოფელზე.

ზურაბ პატარაძის მეზობელი ხართ, ასეა?

რა თქმა უნდა, შორეული ურთიერთობა ზურაბ პატარაძესთან არ მაქვს, მისი გადაწყვეტილებით დავინიშნე განათლების მინისტრის მოადგილედ. კანდიდატობაზე წინადადება იყო მმართველი გუნდისაგან და დარწმუნებული ვარ, ბატონი ზურაბიც უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას. ყველა მუნიციპალიტეტის კანდიდატთან დაკავშირებით იყო კონსენსუსი. მე ვიქნები ბედნიერი, როცა მომავალში ასეთ დიდ ნდობას გავამართლებ.

თქვენ საუბრობთ წარმატებულ მუნიციპალიტეტზე – რამდენია ქობულეთის ბიუჯეტი დღეს, რა პროგრამები მოქმედებს, რომლებიც მოგწონთ ან არ მოგწონთ და რას დაამატებთ ახალს?

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამ დროისთვის 36 მილიონამდეა, დაახლოებით 22 მილიონზე მეტი არის განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქობულეთი ვაქციოთ შავი ზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად, სადაც იქნება მიმზიდველი გარემო არამხოლოდ ვიზიტორებისათვის, არამედ ინვესტორებისთვის. ცოტა ხნის უკან საფუძველი ჩაეყარა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას, რომლის საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონი ლარია, მაგრამ ამით გაჩერებას არ ვაპირებთ. დაახლოებით ოც მილიონ ლარამდეა დახარჯული ქუჩების, სკვერების გადასასვლელების კეთილმოწყობაში – ეს გაგრძელდება.

ჩემს ვადაში აუცილებლად განვახორციელებ ქობულეთის ბულვარის განაშენიანების იდეას, რომელიც უნდა იყოს ქობულეთის სავიზიტო ბარათი. ეს რვა მილიონ ლარზე მეტის სამუშაოებს ითვალისწინებს. ვფიქრობ, ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხების მოძიება შესაძლებელი იქნება, – თანადაფინანსებით, ან სხვა გზით ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე.

სოფლად ტურიზმის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება და შესაბამის დეპარტამენტთან ერთად ვგეგმავთ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას. გვაქვს ოთხი დაცული ტერიტორია. მინდა, რომ კინტრიშის ხეობა, მისი პოტენციალის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ჩაებას ტურიზმის განვითარებაში, მოეწყოს დარჩენილი და მოუწყობელი მისასვლელი გზები. ამ ხეობის ერთ-ერთი გვირგვინი არის ხინოწმინდა, ადგილი, რომელიც თავისი ლეგენდით, ისტორიული წარსულით არის ერთ-ერთი თვალსაჩინო. ჩემს სამოქმედო გეგმაში შედის ხიმოწმინდისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია.

ტურისტული სეზონის ბოლოს გავესაუბრე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს ქობულეთში – ტაქსისტებს, სავალუტო ჯიხურების თუ რესტორნების მფლობელებს, დავინტერესდი, როგორი იყო ტურისტული სეზონი, იგრძნობოდა თუ არა დამსვენებელთა რაოდენობა. მათი პასუხი იყო, რომ რენტაბელობის თვალსაზრისით, ეს იყო ძალიან კარგი სეზონი. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტი ბევრი იყო ქალაქში ეს არ იგრძნობოდა. დამსვენებელმა უკვე აირჩია ალტერნატიული გზა და ის აქტიურად გადავიდა ქობულეთის სოფლებში, ეს არ იყო ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა ჩემთვის… მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ისეთი პროგრამების პოპულარიზაციას, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“ და სხვა მცირემეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამები. ხალხი უნდა მოემზადოს  იმისათვის, რომ სულ ცოტა ხანში ქობულეთის სოფლებში იქნება ტურისტების ბუმი.

ჩვენ ვაპირებთ ისეთი მიმართულებების განვითარებას, როგორიც არის კულტურული ტურიზმი, ამ კუთხით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოყენება გვჭირდება. გარდა ამისა, ქობულეთში კულტურისა და სპორტის განვითარება უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, ქობულეთი უნდა გახდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე კულტურული ფესტივალის ადგილი.

სამი წლის წინაც „ოცნების“ კანდიდატის მთავარი დაპირება იყო ინფრასტრუქტურა და ტურიზმის განვითარება. იგივეს ამბობთ თქვენც. მოქმედმა გამგებელმა ცუდად იმუშავა?

ძალიან ბევრი დაპირება, რაც იქნა გაცემული წინა თვითმმართველობის არჩევნებზე, თითქმის მთლიანად აქვს შესრულებული მოქმედ გამგებელს.  ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ 2014 წლის ბოლომდე „ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობაში არ იყო, ბევრ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ბლოკავდნენ მნიშვნელოვან საკითხებს პოლიტიკური თვალსაზრისით…
დასრულდა კანალიზაციის მოწყობის პროცესი, მომავალში კიდევ რამდენიმე წყალსადენის სისტემის მოწყობა იგეგმება. როგორც ვიცი, არის ლოკალური პრობლემები წყლის მარაგთან დაკავშირებით. ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას ახალი ჭაბურღილების დამატებით.

ნარინჯისფერ ფესტივალზე საუბრობდით, რას გულისხმობს ეს იდეა?

ეს ჯერ იდეის დონეზეა. ბავშვობა ქობულეთში მაქვს გატარებული და ყოველთვის, როდესაც მთავრდებოდა საზღვაო ტურიზმი, მოიწყენდა ხოლმე ქობულეთი, განსაკუთრებით სოფლები. ნოემბერში, როდესაც იწყება ციტრუსის რთველი, ყველამ იცის, რომ ამ დროს არის თბილი ამინდები… ეს არის ერთ-ერთი მიმზიდველი თემა, რომ ციტრუსის რთველი იყოს არამარტო სასოფლო სამეურნეო საქმიანობა და გლეხისთვის ჭირნახულის დაბინავების პროცესი, არამედ ჩვენი სტუმრებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილი. თუმცა ამ იდეას სჭირდება ბევრი მუშაობა კრეატიულ ადამიანებთან ერთად.

ამის გარდა, ქობულეთი ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო სპორტული შეჯიბრებების ადგილი. იდეალური იქნება ციხისძირის შემოვლითი გზა ველოსპორტისთვის. და, რა თქმა უნდა, შეჩერებული სპორტსკოლა, რომელიც მე მაღელვებს და ყველა ღონე უნდა ვიხმარო, რომ ქობულეთს ჰქონდეს მომავალში.

ძალიან საინტერესო ადგილია ციხისძირიც, იგივე პეტრას ციხე. ბოლო არქეოლოგიური გათხრების შედეგად უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომელმაც ძალიან ბევრ ისტორიულ საიდუმლოს ფარდა ახადა…

რაც შეეხება ასწლოვანი ხეების გატანას და ეკოსისტემის დაზიანებას ციხისძირში?

ეს არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობის საკითხი. არ მინახავს არც ერთი კომპეტენტური ექსპერტის მოსაზრება…

„ბათუმელებთან“ ამაზე გეოლოგებმა ისაუბრეს, მაგალითად, ტარიელ ტუსკიამ…

მე არ ვიცი მისი [ტარიელ ტუსკიას] მოსაზრება, მაგრამ არც ერთი მოსაზრება არ მომისმენია, რომელიც გულისხმობს ამ პროცესების გამო რაიმე ეკოლოგიურ კატასტროფას. ხეების გადატანის ადგილი ციხისძირი არ არის, ხეების გადატანა ხდება სხვადასხვა ადგილებიდან და ეს არის ორ პირთან ურთიერთობის საკითხი. მე აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ციხისძირიდან ხეების გადატანა იმიტომ გახდა აქტუალური, რომ ციხისძირი გახდა სპეკულაციის თემა „ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენლების მხრიდან. კომპეტენტურ მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ მინახია კომპეტენტური მოსაზრება ეკოსისტემის დაზიანების შესახებ.

პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებს არ ვეყრდნობი ბატონო მირიან, მე სპეციალისტების შეფასებაზე გესაუბრებით.

ძალიან საეჭვოა ეს მოსაზრება, მე არ გამოვდგები ხეების გადარგვის ექსპერტად. არ სჭირდება ჩემი ადვოკაცია ამ პროცესს. ჩემი აზრია, რომ ეს საკითხი გახდა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი, რომელსაც იყენებს პოლიტიკური მოწინააღმდეგე ოპონენტის დისკრედიტაციის მიზნით.  ეს არის უშედეგო ხასიათის მცდელობაა.

ანუ ეს არის თემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტს „ოცნების“ დისკრედიტაციის საშუალებას აძლევს? – თუ პრობლემა არ არის, მაშინ ვერც დისკრედიტაციის საშუალებას მისცემდა, არა?

ეს არის მცდელობა და არა შედეგი. იღებენ რაღაც ხედით სურათებს, რომ თითქოს იქ გაჩეხილია ხეები. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არანაირი კავშირი ამას სახელმწიფო რეგულაციასთან არ აქვს. თუ ერთი ხის გადარგვა ხდება, ათი ირგვება. მთავარი, რაც მე ვიცი, არის ის, რომ კეთდება უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი შავიზღვისპირეთში. თუ ასეთი სიკეთე კეთდება, რაც არანაირ გვერდით მოვლენას არ იწვევს, კითხვები არ უნდა არსებობდეს. ციხისძირელები არაფერს ამბობენ ამ თემასთან დაკავშირებით, ვისი საკუთრებიდანაც ხდება ხეების გადარგვა. თუ ვინმეს აწუხებს გარემოს პრობლემა, მას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია აძლევს უფლებას შევიდეს წერილობით ადმინისტრაციულ ორგანოში და მიიღოს ინფორმაცია. პოლიტიკოსებმა მაჩვენონ ერთი დოკუმენტი, რომ რაიმე ზიანი მოადგა ეკოსისტემას.

ქობულეთში, ზღვის პირას, მაღლივი მშენებლობები დაიწყო, მათ შორის რეგულაციების გვერდის ავლით. ასეთ გამონაკლისებს თქვენც დაუშვებთ?

ვინ ამბობს ამას. წყარო მითხარით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს.

შემიძლია დაგისახელოთ გამგეობის გვერდით ახალი კორპუსი.

სანაპირო ზოლთან დაკავშირებული საკითხი არ არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში შემავალი საკითხი, ყველა ის ნაკვეთი, რომელიც იქ არსებობს და რომელიც შესაძლებელია გამოიყენო სამშენებლოდ, უნდა გახდეს ვიღაცის საკუთრება. უძრავი ქონება, რომელიც სანაპირო ზოლში მდებარეობს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, შესაბამისად, განკარგვა ხდება მხოლოდ მის მიერ. საინვესტიციო პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო, ჩემი აზრით, სწორია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი