მიწის კომისიის თავმჯდომარე გონიოში მიწების დაბრუნებაზე: პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება

„პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება, რა შუაშია არჩევნები,“ – ასე უპასუხა ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ, დავით კოპინაძემ „ბათუმელების“ კითხვას – ხომ არ დაუბრუნეს 13 გონიოელს მიწა სპეციალურად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე? „მიწის კომისიამ“ მოულოდნელად დღეს, 13 ოქტომბერს გამართა სხდომა და გონიოელებს უთხრა, რომ მათ 2010 წელს ჩამორთმეულ მიწებზე საკუთრებას აღუდგენდნენ.

ბათუმის მერიის წინააღმდეგ 54-მა გონიოელმა სასამართლო დავა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოიგო. 31 აგვისტოს მერიის „მიწის კომისია“ შეიკრიბა და თქვა, რომ საკითხი ხელახლა უნდა შეიწავლოს. ასევე კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოზიცია, რადგან სადავო მიწები გონიოს ციხესთან ახლოს მდებარეობს. მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა დააფიქსირა, რომ კომისია მიზანმიმართულად აჭიანურებდა პროცესს, რადგან სააგენტოს გონიოს მიწებზე უკვე დაფიქსირებული ჰქონდა მოსაზრება.

„სააგენტოს ეს პოზიცია დაფიქსირებული ჰქონდა 2014 წელს- სასამართლოს დავალება იყო, რომ ინდივიდუალურად მომხდარიყო გამოკვლევა, სწორედ ამან განაპირობა, რომ სააგენტოს ხელახლა მივმართეთ. 2014 წელს სააგენტო გვეუბნებოდა, რომ ამ მიწების გაცემის დროს არ მომხდარა მათთან შეთანხმება, თუმცა წინააღმდეგი არ ვართო. ახლა კი მოგვწერეს, სასურველია შეთანხმებაო,“ – გვითხრა დავით კოპინაძემ.

რამდენიმე დღის წინ გონიოელებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მხარდაჭერით პროკურატურასაც მიმართეს. მათი აზრით, კომისია შეგნებულად თავს არიდებდა გადაწყვეტილების მიღებას. მიწის კომისიის თავმჯდომარე, დავით კოპინაძე ირწმუნება, რომ დღეს გამართული სხდომა პროკურატურაში შეტანილ საჩივარს არ უკავშირდება.

დავით კოპინაძე: „აუცილებლად შევისწავლით ჩვენ სხვა დანარჩენების საკითხებსაც. მომავალი სხდომა არ ვიცი როდის იქნება – არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ. ჩვენ დაწყებული გვქონდა მუშაობა და ამის მტკიცებულებები არსებობს, მიმოწერები და ასე შემდეგ. პროკურატურისგნა რამე ზეწოლა არ ყოფილა. მე ამ თანამდებობაზე დავინიშნე სამი თვის წინ და ასეთ საკითხზე ერთ და ორ კვირაში ვერ მივიღებდი გადაწყვეტილებას, 7 წელია მიმდინარეობს ამის შესწავლა“.

მერიის მიწის კომისიამ ამჯერად სხვა გონიოელების საქმეზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. პირველ ეტაპზე 13 გონიოელის საქმეზე კომისიამ იმიტომ იმსჯელა, რომ მათზე სასამართლოს უფრო ადრე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული.

„ეჭვები და კითხვის ნიშნები, ბუნებრივია, ისევ არსებობს,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ის არ გამორიცხავს, რომ კომისიის მიერ აღდგენილ მოწმობებს პრობლემა საჯარო რეესტრში შეექმნათ და ისევ დაფიქსირდეს იდენტიფიკაციის, ან ზედდების პრობლემა. რაც შეეხება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მიწების დაბრუნებას – ანა ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ მიწის კომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო:

„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას ვერ გავექცევით. არის კითხვის ნიშნებიც, რომ ეს მოხდა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე… სამწუხაროა, რომ მოქალაქეებს მოგებული სასამართლო პროცესის შემდეგ იძულებითი მექანიზმების გამოყენება მოუხდათ, ვგულისხმობ პროკურატურას, რომ კომისიას ემოქმედა“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი