მთავარი,სიახლეები

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 13 გონიოელს მიწა დაუბრუნეს

13.10.2017 • 1958
არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 13 გონიოელს მიწა დაუბრუნეს

ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 13 გონიოელს მიწის საკუთრება აღუდგინა. გადაწყვეტილება კომისიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე დავით კოპინაძემ თქვა, რომ კომისიის წევრებმა თითოეული შემთხვევა დეტალურად შეისწავლეს. „დადგინდა, რომ მიწის საკუთრების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მოწმობები არ გააჩნიათ,”- დასძინა კომისიის თავმჯდომარემ.

“ტაში უნდა დაგიკრათ ალბათ. დიდი მიღწევაა, თუკი ამდენი წლის და 36 სასამართლო პროცესის შემდეგ ეს დაადგინეთ,” – მიმართა კომისიას ანა ბერძენიშვილმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”იურისტმა. ეს ორგანიზაცია გონიოელების ინტერესებს იცავს.

კომისიამ ასევე ხელახლა მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან პასუხი.

“სააგენტო არ არის წინააღმდეგი ამ მიწების საკუთრებაში გადაცემის. მთავარია, მოსახლეობა წინასწარ იყოს ინფორმირებული ძეგლის დაცვის ზონაზე,” – აღნიშნა დავით კოპინაძემ.

სააგენტომ წინა წელსაც იგივე პოზიცია დააფიქსირა და ამის მიუხედავად ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწის კომისიამ საკუთრების აღდგენაზე უარი თქვა.

54 გონიოელის სარჩელი ბათუმის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დააკმაყოფილა. ამის შემდეგ მიწის საკუთრების აღიარების კომისია 31 აგვისტოს შეიკრიბა და თქვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოზიციის გაგება იყო საჭირო. მაშინ კომისიის სხდომაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტმა განაცხადა, რომ სააგენტოს პოზიციაზე აპელირებით მიწის კომისია მიზანმიმართულად აჭიანურებდა პროცესს, რადგან ერთსა და იმავე საკითხზე მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განსხვავებული პოზიცია ვერ ექნებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მხოლოდ ოთხმა გონიოელმა მოახერხა მიწის საკუთრების დარეგისტრირება, 21 მოქალაქე რეგისტრაციის პროცესშია, ხოლო 29 მათგანის საქმეს ამ დრომდე ხელახლა სწავლობს ბათუმის მერიის მიწის საკუთრების აღიარების კომისია.

IMG_20171013_164727

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: