მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს ვერ ყიდულობს

13.10.2017 • 2754
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს ვერ ყიდულობს

„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალის ფერმერებისთვის გადასაცემად, „აგროპროექტების მართვის ცენტრს“ 48 ტონა ნიორის სათესლე მასალა უნდა შეესყიდა. ნიორი მთაში ოქტომბრის თვის ბოლომდე უნდა დაირგოს და სათესლე მასალას ამ დროისთვის 258 ბენეფიციარი ითხოვს. მათ ნიორი, 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით უნდა გადაეცეთ, თუმცა „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ პროგრამის ჩავარდნას არ გამორიცხავენ.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ განმარტავენ, სათესლე მასალის შესყიდვა ამ დრომდე შეწყვეტილი და ჩავარდნილი ტენდერების გამო ვერ მოხერხდა.

მიმდინარე წელს, მაისის თვეში გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი [თანხა: 480 ათასი ლარი] არ შედგა, ვინაიდან მონაწილეობის სურვილი კომპანიებმა არ გამოთქვეს.

განმეორებით ტენდერი ცენტრმა იმავე ოდენობის სათესლე მასალაზე [48 ტონა] გაზრდილი თანხით – 624 ათასი ლარი – ივლისში გამოაცხადა. მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, თუმცა ცენტრმა ტენდერი შეწყვიტა.

„აგროპროექტების მართვის ცეტრის“ დირექტორის, ჯამბულ აბულაძის თქმით: „ბაზრის კვლევით 2016 წელს კილოგრამი სათესლე ნიორის საორიენტაციო ფასი 10 ლარი იყო, ბიუჯეტიც შესაბამისად ამ გათვლებით დაიგეგმა. განმეორებითი ბაზრის კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ კილოგრამის შესყიდვა 13 ლარში იყო შესაძლებელი, რამაც მთლიანობაში  624 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ტენდერის შეწყვეტას, მეორედ გამოცხადებულ ტენდერში პირველი პრედენტენტის წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს და კომისიის გადაწყვეტილებით დისკვალიფიკაცია მიენიაჭა, კომისიის ეს გადაწყვეტილება ამ კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა. სააგენტომ ჩვენს სატენდერო კომისიას დაავალა განმეორებით განეხილა საკითხი. კომისიამ ისევ დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო, კომპანიამ კი ეს გადაწყვეტილება ხელმეორედ გაასაჩივრა. პრეტენდენტის მოთხოვნა სააგენტომ აღარ დააკმაყოფილა და კომისიის მიღებული გადაწყვეტილება  სამართლიანად ჩათვალა. ეს ყველაფერი დროში გაიწელა, სატენდერო პირობებით, სათესლე მასალის მიწოდების ვადები ირღვეოდა, რის გამოც ტენდერი შევწყვიტეთ“.

სახელმწიფო შესყიდვაში მონწილე კომპანიებიდან „MARGIO LTD“ ნიორის შესყიდვას სააგენტოს 545 000 ლარად სთავაზობდა, „ჰერმესი“ – 523 380 ლარად და „მათე +“ – 499 201 ლარად.

სათესლე ნიორის შეძენაზე მესამედ, სექტემბერში გამოცხადებული ტენდერის შედეგებიც გასაჩივრდა. ტენდერში ორმა კომპანიამ „მსოფლიო ტექნიკა“ და „MARGIO LTD“ მიიღო მონაწილეობა. ნიორის შესყიდვას ორივე 624 000 ლარად სთავაზობდა ცენტრს. სატენდერო კომისიამ კი გამარჯვებულად „MARGIO LTD“ გამოაცხადა, რაც „მსოფლიო ტექნიკამ“ გაასაჩივრა.

„თანაბარი ფასის შემთხვევაში გამარჯვებულად ის ვლინდება, ვინც პირველი ღებულობს ტენდერში მოანწილეობას. ჩვენ ველოდებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებას. სააგენტომ საჩივარი განიხილა, თუმცა კომისიას გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთვის ათდღიანი ვადა აქვს, სავარაუდოდ ორ დღეში აიტვირთება გადაწყვეტილება“ – გვითხრა ჯამბულ აბულაძემ.

იმ შემთხვევაში თუ კომისიის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გასაჩივრდება და შესაბამისად, სატენდერო პერიოდიც გაიწელება, ჯამბულ აბულაძე პროგრამის ჩავარდნას არ გამორიცხავს: „ნიორის დარგვა ბეშუმში აშკარად გვინდება… შევხედავთ, თუკი ისეთ ვადებში გადავედით, რომ შეუძლებელია დათესვა, ასეთ შემთხვევაში ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა პროგრამა წელს არ განხორციელედეს, ყველაფერი ელექტრონულ ტენდერზეა დამოკიდებული“.

ამ დროისთვის ნიორის სათესლე მასალის მიმღები ბენეფიციარებიც არ არის შერჩეული. ვინ მიიღებს სათესლე ნიორს სახელმწიფოს 30%-იანი თანადაფინასებით და რა ოდენობით? – საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართა შესარჩევი კომისია იმსჯელებს.

ცენტრის ინფორმაციით, კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იქნებიან, უპირატესობა კი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს მიენიჭება. კოოპერატივის შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძველზე მაქსიმუმ ოთხ ჰექტარზე გაიცემა ნიორი. ამ დროისთვის ნიორის თესლს, 258 ფერმერი ითხოვს. მთლიანობაში, მოთხოვნა 40 ჰექტარზე მოდის, პროგრამულად 48 ტონა ნიორი 32 ჰექტარზე უნდა დაითესოს.

ნიორი„ნიორის თესლს, ძირითადად, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან ითხოვენ. არის მოთხოვნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოდან. რაც შეეხება კრიტერიუმებს, მთავარი მოთხოვნაა ფერმერს მიწის საკუთრების, ან სარგებლობის დამადასტურებელი ცნობა გააჩნდეს. პირველ ეტაპზე კოოპერატივებთან ერთად უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც გაცილებით მეტ ფართზე აპირებს ნიორის მოყვანას“.

ფერმერი, ნიორის სათესლე მასალის ფასს, ტენდერით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით გადაიხდის. მაგალითად, თუ ამ შემთხვევაში სააგენტო კომპანიის საჩივარს არ დააკმაყოფილებს, ფერმერები 1კგ ნიორში 3 ლარსა და 90 თეთრს გადაიხდიან, მაგრამ, თუ ნიორის შესასყიდად სააგენტო განმეორებით ტენდერს გამოაცხადებს, ნიორის ღირებულება უკვე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებული ღირებულებიდან განისაზღვრება.


ამავე თემაზე:

ხულოში ართმელაძეების ოჯახის მიერ გამოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა ნიორი ევროპის ბაზარზეც გაიყიდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: