მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ხულოში

13.10.2017 • 2200
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ხულოში

ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრი, პროფესიით იურისტი, ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ხულოში. ხულოს საკრებულოში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-ის კვოტით შევიდა, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ თანაგუნდელები გამოეყო და ცალკე პარტია ჩამოაყალიბეს, ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოში“ გადავიდა. 2000-2002 წლებში ის კურორტ ბეშუმის იურისტად, ხოლო 2010-2013 წლებში დიაკონიძეების თემში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა.

ბატონო ნუგზარ, რატომ გაემიჯნეთ „ნაციონალურ მოძრაობას“?

ისეთები იყვნენ გუნდში, რომ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდნენ, ეს იყო მიზეზი. „ევროპული საქართველო“ კი ხალხის აზრს ითვალისწინებს.

რატომ გინდათ მერობა?

ჩემს ხალხს რაც სჭირდება, აინტერესებს და გულისტკივილი აქვს, მინდა მაქსიმალურად დავეხმარო.

რა სჭირდება ხალხს ხულოში?

ყველაფერი… დახმარებები, რომელიც შეუჩერეს, მინდა აღვუდგინო, არაკანონიერად მოხდა შემწეობის შეწყვეტა, შემოსავლის წყარო არ გასჩენია მოსახლეობას, სოფლის პროგრამები გააუქმეს.

რა უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობას შემოსავლის წყარო გაუჩნდეს?

ხულოში, დაახლოებით 9 000 აბონენტია, რომელიც ელექტროენერგიას მოიხმარს, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ ოჯახს საჩუქრად 200 კილოვატი გადაეცემა, ჰესების მშენებლობით ბიუჯეტში მილიონი ლარი შემოდის, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს აქედან გადავიხდით – 200 კილოვატი რომ ვაჩუქოთ მოსახლეობას, არაფერი დააკლდება ბიუჯეტს.

ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსახლეობას შემოსავალს გაუჩენს?

200 კილოვატი, რომელიც დაახლოებით 30 ლარია და გადასახდელი რომ არ ექნება გლეხს, იგივე შემოსავლის წყაროა. ჩემი გამარჯვების შემთხვეევაში პენსია 40-ლარით გაიზრდება.

მუნიციპალიტეტი გაუზრდის პენსიას, როგორ?

პრემიების სახით, ხარჯის სახით, საწვავის სახით.

თქვენ  ხულოს მოქმედი საკრებულოს წევრი ხართ, რა ვერ გააკეთეთ სამი წლის განმავლობაში და რატომ?

საკითხები, რასაც ვითხოვდით არ შესრულდა, საკრებულოში შესვლის პირველ წელს ცენტრალურ ბიუჯეტს მილიონ 700 ათასი ლარი დაუბრუნეს, პროექტები ვერ სრულდებოდა, დღემდე ცენტრალურ ბიუჯეტში ხულოდან 3 მილიონამდე თანხაა დაბრუნებული, მიზეზი ის არის, რომ პროექტები არ აქვთ დროულად დაგეგმილი. გასულ წელს, ბეშუმში გზის, წყლისა და შუქის მოწყობის პროექტები ერთად ჩადეს.

რა ინიციატივა გქონდათ და რომელი იყო არსებითი?

ფრაქციის სახელით ვითხოვდით მოსახლეობისთვის თუნუქის ფურცლების დარიგებას, ყოფილ სასამართლოს შენობაში მცხოვრები ოჯახების გადაყვანას ვითხოვდით ახალ სოციალურ სახლში, ასევე გვინდოდა, რომ საყოფაცხოვრებოს შენობაში მცხოვრებ 12 ოჯახს საცხოვრებელი საკუთრებაში გადასცემოდა. ეს შენობა ნაციონალების დროს გადაეცა მოსახლეობას და დღემდე დასაკანონებელი აქვთ.

თქვენ ამბობთ, რომ ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაეცა მოსახლეობას ბინები, თავის დროზე რატომ არ დაუკანონეთ?

მოსახლეობა რომ შევასახლეთ მალე ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა და არ დაუკანონეს.

თქვენი მოთხოვნებიდან რომელიმე თუ გაითვალისწინა საკრებულომ?

არ ვიცი… ერთადერთი მოთხოვნა – თუნუქის სახურავების შეძენა გაითვალისწინეს, საკრებულოს სხდომაზე არ გადიოდა ჩვენი საკითხები.

ხულოს საკრებულომ, რამდენი ისეთი პროექტი მიიღო, რომელიც სოფლის განვითარებას ხელს შეუწყობდა?

ასეთი პროექტები არ ყოფილა. ჩვენ, დამატებით თანხის გამოყოფას ვითხოვდით მოტობლოკების შესაძენად. სამინისტროს პროგრამით მოტობლოკები და რაც მოდიოდა, თავიანთ აქტივისტებს დაუნაწილეს.

როგორც მოქმედი საკრებულოს წევრი, პროექტების ხარჯვით ნაწილსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე მონიტორინგს თუ ახორციელებთ?

ბოლო სამი-ოთხი თვე ამისთვის არ მეცალა.

ადგილობრივ ბიუჯეტს მხარს არ უჭერდით, თქვენი აზრით რა მოთხოვნებს ვერ პასუხობს მუნიციპალური ბიუჯეტი?

იყო საკითხები, რასაც  მხარს არ ვუჭერდით, მაგალითად, დიაბეტის პროგრამა, ზოგიერთი პროექტები კი არამიზნობრივად იყო გაწერილი, მუნიციპალური ბიუჯეტი არასწორად იგეგმება. თუ ოჯახს სახურავის გადასახურად 10 კუბური მეტრი სამასალე მერქანი სჭირდება, მხოლოდ 3 კუბამეტრს აძლევენ, ეს  არ ჰყოფნის, არაერთხელ ვთხოვეთ ან 2-3 ოჯახს მივცეთ და დაასრულოს მშენებლობა, ან ნაწილ-ნაწილ ნუ აძლევთ-მეთქი.

თქვენ საუბრობთ, რომ სამოქმედო გეგმა არასწორად დგინდება, თქვენ თუ გაქვთ დეტალურად გაწერილი ხულოს განვითარების სამოქმედო გეგმა?

გვაქვს გაწერილი, გამარჯვების შემთხვევაში გადაწყდება, რაც სჭირდება მოსახლეობას. გზა წყალი… ყველაფერი, ზოგ სოფლებში გზები საერთოდ არ არის, ავარიულ მდგომარეობაშია.

 ყველა პარტიის თუ კანდიდატის მთავარი დაპირება არის წყლის, გზისა და შუქის პრობლემების მოგვარება. რატომ ვერ გვარდება ეს პრობლემები და რატომ უნდა დაგიჯეროთ ამომრჩეველმა, რომ ამის გაკეთებას მაინც და მაინც თქვენ მოახერხებთ? 

შესრულდება, მუნიციპალიტეტს საკმარისი ბიუჯეტი გააჩნია, დამატებით თანხები შემოდის ბიუჯეტში ჰესების მშენებლობით.

თუმცა, თქვენ უკვე თქვით, რომ ჰესებიდან ქონების გადასახადის სახით შემოსული თანხა მოსახლეობის მიერ გახარჯული ელექტრო ენერგიის საფასურის გადახდას მოხმარდება…

ამის რესურსები არსებობს.

მოსახლეობა მიიჩნევდა, რომ ჰესების მშენებლობით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა – სახლები დაებზარათ და სასმელი წყლები დაიკარგა. ისინი ხშირად მართავდნენ საპროტესტო აქციებსაც. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? 

მე ვიყავი გზების გადაკეტვებისა და აქციების მომწყობიც, სოფელ დიაკონიძეებში ვცხოვრობ და დაშრა პირადად ჩვენი მამაპაპისეული წყარო, რომლითაც ცხრა ოჯახი ვსარგებლობდით. მოგვიყვანეს წყალი, მაგრამ არასაკმარისია. არის ოჯახები, რომლებსაც წყალი არ მიუყვანეს, კომპანია გაჩერების სანაცვლოდ 3000-5 000 ლარს სთავაზობს მათ. არაერთხელ მოვითხოვეთ, ხალხისთვის მიეხედათ. ხელშეკრულება, რომელიც მოსახლეობასა და კომპანიას შორის გაფორმდა, წყლის დაკარგვის შემთხევაში, ექვსი თვის ვადაში, თუ ალტერნატივა არ გამოჩნდა, ის ოჯახი უნდა დაეკმაყოფილებინათ აჭარის ტერიტორიაზე [საცხოვრებლით]. არც ეს შესრულდა. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას იძულებულს გავხდი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს.

სასამართლოს მიმართავთ?

რა თქმა უნდა. მოვიწვევ ექსპერტებსაც, კომპანია არ აღიარებს, რომ წყალი მის გამო დაიკარგა.

ხულოში ძირითადად მეცხოველეობას და მეკარტოფილეობას მისდევს მოსახლეობა, რა შეიძლება გაკეთდეს მუნიციპალურ დონეზე სოფლის მეურნეობის ამ სფეროების გასავითარებლად?

დიოკნისის თემში არის რძის გადამამუშავებელი საწარმო, ასეთი საწარმო სჭირდება ხიხაძირის თემს, ღორჯომსა და დეკანაშვილებს, 3-4 ხეხილის მიმღები საწარმოც რომ დაემატოს, მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდება. ინვესტორს მოვიძიებთ.

რას გააკეთებთ ხულოსთვის მომდევნო ოთხ წელიწადში, რას შეცვლით?

ბევრ რამეს, 2 500 ოჯახი სპეციალურ დახმარებას რომ იღებდა და დღეს 900 ოჯახი იღებს, გადავამოწმებთ, მართლა გამდიდრდნენ ოჯახები, თუ ისევ ისეთ პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას, სოფლის პროგრამებს დავაბრუნებთ.

მოსახლეობასთან ერთად ხელისუფლებას იძულებულს გავხდი, რომ ის გააკეთოს, რაც მოსახლეობას სჭირდება, ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ ვიქნები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: