ჭოროხის გზა

„ჭოროხის გზის“ ერთკილომეტრიანი მონაკვეთი 1 მილიონად გაკეთდება

„ჭოროხის გზის“ [მონაკვეთი: მახოს ხიდი-გონიოს ხიდი] ერთკილომეტრიან მონაკვეთს კომპანია „ტ.ტ.“ შეაკეთებს, რომელთანაც აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტმა ხელშეკრულება მიმდინარე წლის 27 სექტემბერს 1 031 073 ლარზე გააფორმა. სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

შესაბამის ტენდერში „ტ.ტ.“-ს გარდა „ზიმო 7“-იც მონაწილეობდა, რომლის შეთავაზება 1 073 737 ლარი იყო. გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე წელს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაა დაგეგმილი.


„წელს შესრულდება პირველი ეტაპის სამუშაოები, რომლებიც გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდება. მეტი ვერ მოესწრება. მთლიანობაში გზა 5,7 კილომეტრი სიგრძისაა და მისი სრული რეკონსტრუქცია 2018 წლის აგვისტომდე დასრულდება. ალბათ, მომავალი წლის იანვარში გამოვაცხადებთ მეორე ტენდერს. მთლიანობაში, ამ გზისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 8 მილიონ 229 ათასი ლარი დაიხარჯება,“ – გვითხრეს აჭარის გზების დეპარტამენტში.

კითხვაზე, არის თუ არა გათვალისწინებული ის ფაქტორი, რომ ამ ტერიტორიაზე ბათუმის შემოვლითი გზა უნდა აშენდეს, დეპარტამენტში გვიპასუხეს, რომ „ჭოროხის გზას“ და დასაგეგმ „შემოვლით გზას“ ერთმანეთთან საერთო არ ექნება.

„ჭოროხის გზის“ სრული, კაპიტალური შეკეთება-რეაბილიტაციით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად განიტვირთება ტრაილერებისგან და სატვირთო ავტომანქანებისგან ბათუმი-ახალციხის გზა ანგისიდან მახოს ხიდამდე მონაკვეთში,“ – აცხადებენ დეპარტამენტში. მათივე ინფორმაციით, გზაზე სამუშაოების პარალელურად ნაპირგამაგრების სამუშაოებიც ჩატარდება რაც პროექტითაა გათვალისწინებული. ამავე პროექტით დაგეგმილი მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, „ჭოროხის გზაზე“ მძიმეწონიანი ავტომანქანებიც თავისუფლად იმოძრავებენ.

„ჭოროხის გზა“

„ჭოროხის გზა“

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com