მთავარი,სიახლეები

ძარცვისთვის „სანტას“ 4 წელი მიუსაჯეს

13.10.2017 • 2308
ძარცვისთვის „სანტას“ 4 წელი მიუსაჯეს

27 წლის ჯემალ მარშანიას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯემალ მარშანიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუდასტურა, რომ მან ახალი წლის საღამოს სანტას ფორმაში გამოწყობილმა სათამაშო იარაღის მუქარით გაძარცვა „იალჩინ მარკეტში“ მდებარე სავალუტო ჯიხური.

საუბარია გასული წლის 31 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ჯემალ მარშანია 14 იანვარს დააკავეს. მას კონკრეტულად 9 800 ლარის გატაცებას ედავებოდნენ. დაკავებულმა პოლიციის განყოფილებაში წარდგენილი ბრალი აღიარა, თუმცა სასამართლო ეტაპზე ბრალდება უარყო და თქვა, რომ სანტას ფორმა, რომელიც პოლიციელებმა ჩხრეკის დროს მის ავტომანქანაში იპოვეს, საკუთარი შვილების გასართობად ჰქონდა.

ვიდრე მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ბრალდებულისთვის არ ჩაუცვამთ სანტას ფორმა და არ ჩატარებულა ექსპერიმენტი – იყო თუ არა ჯემალ მარშანია ის, ვინც „იალჩინ მარკეტის“ ვიდეოათვალთვალო კამერის ჩანაწერზე დაფიქსირდა.

„ბატონო მოსამართლევ, დააკვირდით, კადრში ჩანს ჩაფსკვნილი სანტა, ეს კიდევ სუსტია. კადრში ჩანს, რომ ქუდს სამი კანტი აქვს, მანქანაში ნაპოვნ სანტას ფორმას – ორი. ჩაგეცვათ ეს ფორმა ბრალდებულისთვის, იქნება და არ ეტევა საერთოდ. გარდა ამისა, ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა უკანონოდ. არ მომხდარა მისი დალუქვა. მარტივად შესაძლებელია, რომ პოლიციელებმა იყიდეს სანტას ფორმა და ჩადეს ავტომანქანაში, რომ მერე ეთქვათ, დანაშაული გავხსენითო,“ – აღნიშნა ადვოკატმა სოსო ჯალაღონიამ.

დაცვის მხარე დნმ-ის კვალზეც ამახვილებდა ყურადღებას. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჯემალ მარშანიას დნმ-ის კვალი ქუდზე დაფიქსირდა.

„თუმცა ექსპერტებმა დაგვიდასტურეს, რომ ცდომილება არის დიდიო. ქუდი ჯემალს პოლიციის განყოფილებაში დაახურეს, როცა ის გამოკითხეს და ძალადობის გზით აიძულეს მათთვის სასურველი ჩვენების მიცემა,“ – დასძინა ადვოკატმა.

მსჯავრდებულის ახლობლების თქმით, ჯემალ მარშანია სამართალდამცველებმა აიძულეს, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის გზით, მიეცა გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება. ახლობლები ვერ აკონკრეტებენ, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა გამოძიებას კონკრეტულად ჯემალ მარშანიას მიმართ, ან რატომ არ განაცხადა მან ძალადობის შესახებ აქამდე.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საბოლოოდ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ყაჩაღობის ნაცვლად, ძარცვისთვის მიუსაჯა სასჯელი. თუკი ჯემალ მარშანიას ყაჩაღობისთვის გაასამართლებდნენ, მას 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივბრებას აპირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: