ბათუმი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გოდერძი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციის 5-მილიონიან ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობს

13.10.2017 • 5338
გოდერძი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციის 5-მილიონიან ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობს

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტებიდან, მთლიანობაში, 4 997 679 ლარი გამოიყოფა. გზის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. დეპარტამენტს სამუშაოების შესრულება ოთხმა კომპანიამ შესთავაზა. ესენია: „არალი“, „არნაბი 21“, „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ და „ზიმო-7“.

„წინადადებების განხილვა ჯერ არ დაწყებულა. დეპარტამენტი შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ტექნიკურ მონაცემებს, შემოთავაზებებს და ამის მიხედვით შეირჩევა კომპანიები. შემდეგ მოხდება მათი ფასების გახსნაც, თუ ვინ რამდენად შეასრულებს სამუშაოს და დაბალი შემოთავაზების მქონე კომპანია გამოცხადდება გამარჯვებულად. გააჩნია რა მასალებია წარმოდგენილი, შესაძლოა დაზუსტება გახდეს საჭირო, ამდენად, პროცესს შესაძლოა ერთ თვეზე მეტი დრო დაჭირდეს,“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოში.


გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია:

ტრასის აღდგენა და გამაგრება; არსებული ბუჩქნარის და მცირე ზომის ხეების გაკაფვა; არსებული ელ. გადამცემი ბოძების და კაბელების გადატანა; გვერდულებისა და კიუვეტების გაწმენდა; მიწის სამუშაოები; რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობა; რკინა-ბეტონის მილების შეკეთება-მოწყობა; გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა; არსებული რკინა-ბეტონის ხიდის შეკეთება; სარწყავი წყლისათვის ლითონის მილების მოწყობა; საგზაო სამოსის მოწყობა ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარით; საგზაო ნიშნების მოწყობა; სავალი ნაწილის მონიშვნა და სხვ.

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის [კმ 1 – კმ 6 მონაკვეთი] სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან – 14 თვე. მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან – 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტია ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ-ზე. კურორტი დაბა ხულოდან 30 კმ-ში მდებარეობს.

კურორტი ბეშუმი

კურორტი ბეშუმი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: