მთავარი,სიახლეები

ხულოში გამოყვანილი ნივრით ევროპის ბაზარზე

12.10.2017 • 3258
ხულოში გამოყვანილი ნივრით ევროპის ბაზარზე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მცხოვრებ ართმელაძეების ოჯახს ნიორი ორი წელია გამოჰყავს. ართმელაძეებმა ნიორი პირველად სოფლიდან 17 კილომეტრით დაშორებულ მთა ლოდიძირზე 2015 წლის შემოდგომაზე დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე დარგეს და პირველი მოსავალიც – ერთი ტონა ნიორი შარშან შემოდგომაზე მიიღეს. ხულოში ართმელაძეების ოჯახის მიერ გამოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა ნიორი ევროპის ბაზარზეც გაიყიდა.

ფოტო ჯემა ართმელაძის ფეისბუქ გვერდიდან

ფოტო ჯემალ ართმელაძის ფეისბუქგვერდიდან

„სახელმწიფო პროგრამით 150 კილოგრამი სათესლე ნიორი უფასოდ მივიღე. როცა სათესლე ნიორი შემოიტანეს, კარტოფილი ახალი აღებული გვქონდა და მთაში იმ ნაკვეთზე, სადაც კარტოფილს ვრგავდი, ნიორი დავრგეთ. მართალია, მთაში ცივა და ზამთარიც დიდხანს გრძელდება, თუმცა ნიორი, რომელიც გამოგვყავს, ყინვაგამძლეა და ადგილობრივ კლიმატურ პირობებს შეგუებული. ნიორი რომ მოვიდეს, 210 დღე სჭირდება, თუმცა რადგანაც მთაში მქონდა დარგული, სადაც ზამთარი დიდხანს გრძელდება, საჭიროზე მეტ ხანს გავაჩერე. პირველი მოსავალი გასულ წელს შემოდგომაზე მივიღე, კარგი მოსავალი მოვიდა, დაახლოებით ერთი ტონა, გადავარჩიეთ, დავაფასოეთ და 300 კილოგრამი საზღვარგარეთაც წაიღეს გასაყიდად“, – ამბობს ჯემალ ართმელაძე. თუმცა მისთვის უცნობია კონკრეტულად რომელ ქვეყანაში გაიტანეს მისი მოყვანილი ნიორი.

რაც შეეხება დანარჩენ მოსავალს, ართმელაძეებმა ის იქვე, სოფელში გაყიდეს: „ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ყიდვის მსურველი საკმარისი იყო, ნივრის გამოყვანაში შხამქიმიკატები არ გამომიყენებია, მხოლოდ  ორგანული და ბიოლოგიური სასუქი გამოვიყენე. ერთ კილოში 10 ლარს მიხდიდნენ. კმაყოფილი ვარ პირველი მოსავლით, საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი ნიორი, გასული წლის შემოდგომაზე, სახლის მიმდებარედ ბოსტანში დავრგე და მეორე მოსავალიც წელს აგვისტოში ავიღე, 300 კილომდე. ნიორი გასაყიდად ბათუმში არ ჩამაქვს, სახლში მაკითხავენ და ადგილზე ვყიდი“.

ართმელაძეებს სარეალიზაციოდ ნივრის გარდა კარტოფილიც გამოჰყავთ, თუმცა ახლა ნიორის დარგვას იმ ტერიტორიებზეც აპირებენ, სადაც მანამდე კარტოფილს რგავდნენ. ამბობენ, რომ უფრო მომგებიანია და მოსავლის გადატანაც შედარებით მარტივია.

„ნივრის თესლი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თანადაფინანსებით უნდა შემოიტანოს, როგორც ვიცი, ერთი კილოგრამი 4 ლარი ეღირება, იმ ოდენობის თესლს შევისყიდი, რომ  3 500 მეტრზე დავრგო, კარგი მოსავლის პირობებში ერთი კილო ნიორიდან  7-10 კილოგრამი მოსავალი უნდა მიიღო“, – ამბობს ჯემალი.

ჯემალ ართმელაძე ფერმერულ საქმიანობას პროფესიასაც უთავსებს, პროფესიით იურისტ – ეკონომისტია და ხულოს ბაღების გაერთიანებაში მუშაობს. ამბობს, რომ რთულია სამსახურს სოფლის მეურნეობა შეუთავსო, თუმცა ამას ოჯახის კეთილდღეობისთვის აკეთებს.

„ძირითადად ხელით ვმუშაობთ, ვთესავთ, ვმარგლავთ, გვალვის დროს ვრწყავთ და ბოლოს ვიღებთ. მიღებულ მოსავალს გადარჩევა და დაბინავება უნდა. მართალია, ტექნიკას შეუძლია ნიორი დათესოს, თუმცა ჯერ არ გამომიყენებია. სამომავლოდ ნიორის დარგვას მექანიზატორით ვაპირებთ, ნებისმიერი ბოსტნეულისა თუ ხილის გამოყვანა რთული და შრომატევადია, მაგრამ მთავარია, მომგებიანი იყოს. ხულოში, ძირითადად, მეკარტოფილეობაა გავრცელებული. ერთი და იმავე მიწის ნაკვეთზე შეიძლება კარტოფილიც დარგო და ნიორიც, წონით შეიძლება მეტი კარტოფილი მოიყვანო, ვიდრე ნიორი, თუმცა ნიორი უფრო ძვირია. თან მისი წაღება გასაყიდად უფრო მარტივია“.

მიუხედავად იმისა, რომ მთაში გამოყვანილ ნიორზე მოთხოვნა საზღვარგარეთაც დიდია, ამბობს, რომ ურჩევნია ადგილზე ნაკლებ ფასად გაყიდოს, ვიდრე თავად გაიტანოს ევროპაში.

„აგროწესების დაცვით თუ არ შეინახე, ერთი კილო ნიორი წონაში 30-40%-ს იკლებს. ჩვენ, ფერმერებს, გვირჩევნია ადგილზე ნაკლებად ჩავაბაროთ ნიორი და იყოს რეალიზატორი, რომელიც საზღვარგარეთ გაიტანს, ვიდრე ჩვენ წავიღოთ. რეალიზატორმა უკეთ იცის შენახვის წესები, სოფელში მცხოვრებლები ასეთ დეტალურ ინფორმაციას მოკლებული ვართ“.

ფოტო ჯემა ართმელაძის ფეისბუქ გვერდიდან

ფოტო ჯემალ ართმელაძის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: