მთავარი,სიახლეები

„ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი ხელვაჩაურში: ხალხს ციფრებით ლაპარაკი არ აინტერესებს

11.10.2017 • 2208
„ევროპული საქართველოს“  სიის პირველი ნომერი ხელვაჩაურში: ხალხს ციფრებით ლაპარაკი არ აინტერესებს

ხულოს საკრებულოს წევრი მურად გორგაძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეობას აპირებს. იგი ხულოს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. ახლა „ევროპულ საქართველოშია“ და ამბობს, რომ ხელვაჩაურში „ყველა პრობლემას აღმოფხვრის“.

როგორ და რა ფინანსური რესურსით? – ამ კითხვებზე საპასუხოდ მურად გორგაძემ გვითხრა, რომ ციფრები არ ახსოვს, თუმცა პროგრამა გაწერილია და იგი სამუშაო ოთახში დატოვა, რადგან, მისი აზრით, „მოსახლეობას ციფრებით ლაპარაკი არ აინტერსებს.“

ბატონო მურად, რატომ გადაწყვიტეთ ხულოს საკრებულოდან ხელვაჩაურში გადასვლა?

მე ხელვაჩაურში ვცხოვრობ ბოლო რამდენიმე წელია. მამა-პაპისეული მიწა ხულოში მაქვს და წინა არჩევნებზე მოსახლეობამ იქ გამომიცხადა ნდობა. მე კარგად მიცნობენ ხულოში და ხელვაჩაურშიც. მოსახლეობას ეჭვი არ ეპარება, რომ მათთვის ვზრუნავ და არა ჩემი ჯიბისთვის…

რის გამო დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობა“ და შეუერთდით „ევროპულ საქართველოს“?

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიყავი 2010 წლიდან, მანამდე ბანკის ოპერატორად ვმუშაობდი, თემის რწმუნებულიც ვიყავი… ეს პარტია არ მომწონდა, რადგან ერთპიროვნულად ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი. იყო აზრთა სხვაობები, რასაც მე არ ვეთანხმებოდი.

ამის დასანახად ექვსი წელი დაგჭირდათ?

არა, რა შუაშია, როცა გამოჩნდა პარტია, რომელიც ჩემს შეხედულებებთან ახლოს იყო, იქ გადავედი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო დროს მიიღეს დაუკითხავად რაღაც გადაწყვეტილებები, რაშიც ჩვენი ხედვები არ გაითვალისწინეს და ამან გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ყველა დეტალის მოყოლა ახლა არ მინდა.

„ევროპული საქართველო“ რის გამო აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო?

ევროპული ღირებულებები და სრული დემოკრატია. ეს არის ამ პარტიაში. მოსახლეობის დევნა კი არა, მათთან ახლოს ყოფნაა საჭირო, მათი აზრის გათვალისწინება. ჩვენ დეტალურად უნდა ჩვწვდეთ მათ სულში, რა არის მათთვის მტკივნეული. პოლიტიკოსების ერთმანეთის ლანძღვა-გინება მოსახლეობისთვის მიუღებელია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როცა აქციები დააანონსა პარლამენტში, ჩვენმა გუნდმა თქვა, რომ ერთმანეთის სიძულვილი არ გვინდა, ჩვენ უნდა განვავითაროთ ქვეყანა დემოკრატიული გზით. ასეცაა, პარლამენტარმა უნდა ილაპარაკოს პარლამენტში, კანონი უნდა მიიღოს.

როცა ამდენი წელი იყავით „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაინც ამ პარტიასთან დაკავშირებულად ხომ არ აღგიქვამთ ამომრჩეველი?

არა, რადგან მე ვარ პიროვნება. მთელი ცხოვბრება ხალხის სამსახურში ვარ და ვაკეთებ სწორ საქმეს, არასწორი ნაბიჯი ჯერ არ გადამიდგამს. მე ვარ მურად გორგაძე და ცუდი გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ხალხი კარგად მიცნობს. იციან, რომ მე მათ სამსახურში ვარ. სადმე სამსახურში თუ იქნები, შენი ჯიბისთვის კი არა, ხალხისთვის უნდა იზრუნო, მათი ინტერესები გაითვალისწინო. ხალხი ამას ხედავს და აფასებს, თორემ პარტიაში რომელში იქნები, ამას დიდად არ აქცევს ყურადღებას ხალხი.

მაშინ დამოუკიდებელი დეპუტატობა რატომ არ სცადეთ?

მომწონს „ევროპული საქართველო“ და ამ პარტიაში ვარ ახლა. დამოუკიდებელ დეპუტატს ბევრი რესურსი სჭირდება, თან მარტო რთულია, როცა პარტია გიმაგრებს ზურგს, ეს ბევრს ნიშნავს…

რას ჰპირდებით მოსახლეობას, თუკი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი გახდით?

თუ ჩვენი პარტია მოვიდა სათავეში, გლობალური საკითხია, მაგრამ ვაპირებთ პენსიების გაზრდას. ვიდრე პირველად მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოსახლეობამ მინიმუმი უნდა მიიღოს. ჩვენ ვაპირებთ გზების მოწესრიგებას ყველა სოფელში, გაზიფიცირებას. მთავარი პრობლემა ხელვაჩაურში არის უწყლობა. უამრავი ფული დახარჯა ამისთვის მუნიციპალიტეტმა, მაგრამ უხარისხოდ გაკეთდა საქმე, ხელმეორედ არის გასაკეთებლი. ჩვენ ყველა ამ პრობლემას აღმოვფხვრით…

რა ფინანსური რესურსით გაზრდით პენსიას ხელვაჩარში 30 ლარით?

ბიუჯეტიდან გადის ის ბიუროკრატიული ხარჯები, რაც დანამატებს და პრემიებს ხმარდება. ბიუჯეტში არის აბსოლიტურად საკმარისი თანხები, რომ პენსია 30 ლარი გაიზარდოს. ამონაწერი გვაქვს, მაგრამ ახლა თან არ მაქვს, რომ კონკრეტულად გიპასუხოთ.

ანუ პრემიების და დანამატების გაცემას საერთოდ აღარ აპირებთ?

ეს ხარჯები უნდა შემცირდეს. პრემია უნდა მიიღოს მხოლოდ იმან, ვინც იმსახურებს. გარდა ამისა, კიდევ ბევრია იქ ბიუროკრატიული ხარჯები, ძვირადღიორებულებული მანქანები, მივლინებები, ის თანხა, რაც ვერ გაიხარჯა და უკან ბრუნდება… ხელვაჩაურის ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონია. ბიუეჯტის სწორად გამოყენების შემთხვევაში, პენსიაც გაიზრდება, გაზის პრობლემაც მოგვარდება და წყლისაც.

შეაჩერებთ რომელიმე პროექტს, თუ საიდან გამოათავისუფლებთ ამდენი პროექტისთვის ფულს?

არაფერს არ შევაჩერებთ. პენსიას რაც შეეხება, დათვლილია თითოეულ მუნიციაპლიტეტში სად რა ოდენობის თანხა შეიძლება დაემატოს პენსიას. ამიტომ ვამბობთ, რომ ხელვაჩაურში 30 ლარით გაიზრდება პენსია და არა 50 ლარით. ეს კეთდება იმისთვის, რომ პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილება ადამიანებმა შეძლონ.

რატომ იქნება ეფექტური პენსიის გაზრდა, იქნებ სხვა პროგრამის ამოქმედებამ უფრო გაამართლოს? პოპულისტურად ჟღერს თქვენი ეს გზავნილი და ამიტომ  გეკითხებით.

პოპულიზმი არაფერ შუაშია. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ხალხის ინტერესები. ამ თანხით პენსიონერები მინიმუმ იმას მაინც შეძლებენ, რომ გაძვირებული მედიკამენტის შეძენა შეძლონ. პროგრამულად ყველაფერს ვერ გაწერ… ეს არის ის, რის გაკეთებსაც ჩვენ მოსახლეობას პირველ ეტაპზე ვპირდებით. შემდეგ უნდა მოვიძიოთ ინვესტიციები, უნდა მოხდეს განვითარება…

რომელ სფეროში ელით ინვესტორების დაინტერესებას, თქვენი აზრით, რა რესურსი აქვს ხელვაჩაურს?

პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი. ხელვაჩაურში ძალიან ბევრი ხეობაა მიუხედავი. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო და ხელშეწყობა გამგეობისგან. ამ კუთხით დღეს არაფერს არ აკეთებენ…

თქვენ ახსენეთ, რომ გზებს მოაწესრიგებთ ყველა სოფელში…

საკმარისი თანხები არის რაიონის ბიუჯეტში, რომელიც არასწორად აქვთ გათვლილი და უხარისხოდ აკეთებენ. გამგეობაში ზედამხედველობის სამსახური რისთვის არსებობს? იმან უნდა გააკონტროლოს, რა როგორ კეთდება. ახლა აკეთებენ და მერე ხელმეორედ არის გასაკეთებელი იგივე საქმე. პრობლემა არის მენეჯმენტის. ტენდერს რომ გამოაცხადებ, იქ უნდა გაიმარჯვოს კომპეტენტურმა პიროვნებამ და არა ისე, რომ გუშინ გაიხსნა შპს და დღეს ტენდერს იგებს. ასეა დღეს სალიბაურში, ერგეში, ქვედა ჯოჭოში საერთოდ არ აქვს მოსახლეობას წყალი 21-ე საუკუნეში. ამ სოფლებში დახარჯულია ფული წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად, მაგრამ უწყლოდაა ხალხი.

ბათუმის გაფართოვებაზეც საინტერესოა თქვენი პოზიცია. უნდა დაუბრუნდეს თუ არა ხელვაჩაურს ის ტერიტორია, რაც ბათუმის საზღვრებში მოექცა?

ჩემი აზრით, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი აჭარა ერთია, ბათუმი და ხელვაჩაური რამ გაყო. მთავარია, საქმე გაკეთდეს და მოსახლეობამ სარგებელი დაინახოს და არა ის, რომ გამგეობა არის შექმნილი ბიუჯეტის უმოწყალოდ გასაფლანგავად.

გაზიფიცირებაც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ამის ფულს სად ნახავთ?

რაიონის ბიუჯეტის სწორი დაგეგმარებით ეტაპობრივად ჩვენ ყველა სოფელს მივაწოდებთ გაზს. დეტალურად გაწერილი ეს არ მაქვს, რომ მოგაწოდოთ… მუშაობენ ამაზე ექსპერტები, ეკონომისტები. ჩვენ რასაც ვეუბნებით მოსახლეობას, ყველაფერი დათვლილია და გათვლილი.

ვისთვის შეიმუშავეთ ეს პროგრამა, თუ თქვენ არ გახსოვთ და ამომრჩეველს არ აცნობთ?

მოსახლეობას ციფრებით ლაპარაკი არ სჭირდება, მოსახლეობას სჭირდება რეალობა და გაკეთებული საქმე. თქვენ ეს კითხვები დაგვისვით, როცა ხელისუფლებაში მოვალთ. მერე შეგვახსენეთ, რასაც არ გავაკეთებთ.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: