სიახლეები

ბათუმის მერიის უკვე გარღვეული ბიუჯეტი

26.02.2015 • 1805
ბათუმის მერიის უკვე გარღვეული ბიუჯეტი

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

ჟილინის არხის პროექტის განხორციელებას ბათუმის მერია რამდენიმე წელია ცდილობს, მაგრამ ტენდერში გამარჯვებულმა ვერც ერთმა კომპანიამ დღემდე ვერ მოახერხა აღებული ვალდებულების შესრულება. არადა, ჟილინის არხის აშენებას ბათუმისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ეს არხი იმისთვის არის საჭირო, რომ ბათუმი აღარ დაიტბოროს.

 

გასულ წელს ჟილინის არხის პროექტის, ისე როგორც სხვა არაერთი პროექტის ჩავარდნის გამო, ბიუჯეტი ვერ შესრულდა – ბათუმის მერიას გაუხარჯავი 20 მილიონ 310 ათასი ლარი დარჩა, აჭარის მთავრობას კი – 11 მილიონი.


თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქალაქისა და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან მთლიანობაში 45 მილიონამდე ლარი (ორივე ბიუჯეტის 14 პროცენტი), მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯა, ბიუჯეტების შესრულების მაჩვენებელი რეგიონისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელების ნაწილში კიდევ უფრო დაიკლებს. თუმცა, დღემდე ბიუჯეტის გარღვევის გამო პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია და არც არავის აუღია ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

 

გასულ წლებში ბათუმის მერიაში მილიონობით გაუხარჯავი თანხისა და ჩავარდნილი პროექტების მიზეზად კონტრაქტორების მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებსა და ჩაშლილ ტენდერებს ასახელებდნენ. მიზეზებში მერის მოვალეობის შემსრულებლის ხშირი შეცვლაც სახელდებოდა.

 

2015 წლის ბიუჯეტი ახალმა, ხალხის მიერ არჩეულმა მერმა დაგეგმა, შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულებაც მისი პასუხისმგებლობაა. საინტერესოა ახალი ბიუჯეტის დაგეგმვამდე გაანალიზა თუ არა გიორგი ერმაკოვმა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ვერ შესრულების მიზეზები და რა სტრატეგიით იმუშავებს მერია წელს იმისთვის, რომ 2015 წლის ბოლოს ბიუჯეტში აუთვისებელმა ნაშთმა ისევ ათეულობით მილიონი არ შეადგინოს, მითუმეტეს, როცა წლის დასაწყისშივე ცხადი ხდება, რომ კონტრაქტორები კვლავ არღვევენ ვალდებულებებსა და ტენდერების ჩაშლის ტენდენციაც გრძელდება. ამ საკითხზე არგუმენტირებული პასუხების მოსმენა „ბათუმელებმა“ პირადად გიორგი ერმაკოვისგან სცადა, მაგრამ, როგორც პრესცენტრში განაცხადეს, „მერს არ სცალია“.

 

მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, არჩილ ვანაძე კი ამბობს, რომ „პრობლემები გააანალიზეს და გამოცდილება ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინეს“. გარდა ამისა, წელს, ბიუჯეტის შესრულების კუთხით პრობლემების დროულად აღმოჩენასა და შესაბამის რეაგირებაზე მერიაში ახალი კომისია იზრუნებს. კომისია ქალაქის მერის ბრძანების საფუძველზე უახლოეს დღეებში შეიქმნება და მას ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე უხელმძღვანელებს.

 

არჩილ ვანაძის განმარტებით, ახალი კომისია ინფრასტრუქტურულ პროექტებს განიხილავს, პერიოდულად შეხვდება კონტრაქტორებასაც და პრობლემების შემთხვევაში დროულ რეაგირებას მოახდენს.

 

დროული რეაგირება კი შეიძლება იყოს ახალ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გამარტივებული წესით გაფორმება, რასაც საკრებულოს ნებართვაც სჭირდება. თუმცა, პროცედურულად მაინც იძლევა შესაძლებლობას უფრო ნაკლებ ვადაში მოხერხდეს ახალ კონტრაქტორთან შეთანხმება, ვიდრე ეს ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

 

რაც შეეხება გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში განმარტავენ, რომ წელს ბიუჯეტში გაწერეს პროექტები, რომელთა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც უკვე არსებობს და ამ პროექტების უმეტესობაზე ტენდერებიც გამოცხადებულია.

 

შესყიდვების სააგენტოს ვებპორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2015 წელს ბათუმის მერიამ ტენდერი 28-ჯერ გამოაცხადა, მათ შორის უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებული გამოვლენილი არ არის ან მიმდინარეობს შერჩევა-შემოწმების პროცესი. რამდენიმე შემთხვევაში კი ტენდერი იმის გამო არ შედგა, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები არ დარეგისტრირდნენ.

 

მათ შორისაა სამშენებლო სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები. ამას ემატება ისიც, რომ მერია იძულებული გახდა ჟილინის არხთან დაკავშირებით გასულ წელს გაფორმებული ხუთმილიონიანი შეთანხმება ჩაეშალა.

 

„კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სამუშაოები ვერ აწარმოა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა. შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ ხუთი პროცენტი. იმისათვის, რომ დრო არ დავკარგოთ, უკვე მივმართეთ აჭარის მთავრობას პირდაპირი წესით სხვა კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე“, – განმარტა არჩილ ვანაძემ. მისივე ინფორმაციით, დროის დაზოგვის მიზნით მერია ამ პრაქტიკას საჭიროების შემთხვევაში ისევ გამოიყენებს.

 

11 მილიონი ლარი დაბრუნდა ნაშთის სახით გასულ წელს აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. სად, რა ნაწილში და რატომ ვერ აითვისეს სამთავრობო სტრუქტურებმა ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა, ამ საკითხზე ანალიზი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ გაუკეთებიათ. სამინისტროში თანხის აუთვისებელ ნაწილზე სამთავრობო სტრუქტურებიდან ინფორმაციას ელოდებიან.

 

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: „შესაძლებელია გაფორმებული იყო კონტრაქტორთან ხელშეკრულება, რომ უნდა დასრულებულიყო წლის ბოლომდე, მაგრამ ფორსმაჟორული სიტუაციების გამო თანხის ათვისება ვერ მოხერხდა. კონტრაქტორებთან გასულ წელს ბიუჯეტის დასაბალანსებლად გამოყენებული გვქონდა წლის დასაწყისისთვის არსებული ნაშთი – 21 მილიონ 542 ათასი ლარი. დაზუსტებული ბიუჯეტი კი იყო – 167 მილიონ 270 ათასის ლარი“.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, `შესრულება გვაქვს 93,03 პროცენტი, სადღაც 6,07 პროცენტის – 11 მილიონ 141 ათასი ლარის ათვისება ვერ მოხერხდა. 650 800 ლარი არ აუთვისებია მთავრობას ხელფასისა და პრემიებისთვის გათვალისწინებული თანხიდან. თანხა მოგვრჩა სესხების პროცენტის დასაფარად გათვალისწინებული თანხიდანაც“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: